ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 – განათლების სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე მუშაობს

1571
საგანგებო მდგომარეობის ფონზე, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ყოველდღიურად იცვლება მონაცემები. ვინაიდან გამოცდები ივლისშია დაგეგმილი, მათ გადადებაზე ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ და გვითხრეს, რომ ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას (რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული), ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იყოს მეორე სემესტრის მასალის სრულად ათვისება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის მასალა, რომელიც აბიტურიენტებს არ ექნებათ გავლილი, არც საგამოცდო ტესტებში აისახოს. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ეს არ განიხილება, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარებისთვისაც მზად არიან.
„სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეულ ალტერნატივებზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალაშია ის გამოცდები, რომლებიც დაგეგმილია აბიტურიენტებისთვის და რეგისტრაცია 30 მარტს მთავრდება. რა თქმა უნდა, აბიტურიენტები, წელს, ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13 საათიდან 16 საათამდე შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის წინასაგამოცდო პერიოდში მოსამზადებელი ყველა საჭირო მასალაა განთავსებული (საგამოცდო კრებულები, პროგრამები, ტესტების ნიმუშები და სხვ.). ცენტრი, პერიოდულად, ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს სარეკომენდაციო ვიდეორგოლებსაც საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) უწყვეტ რეჟიმში (09-18სთ) აბიტურიენტებისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.
განათლების სამინისტრო ოპტიმისტურ პროგნოზსაც იძლევა – თუ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მაისიდან შესაძლებელი გახდება, ახალი სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, მეორე სემესტრის სასკოლო პროგრამის დამთავრებას ივნისის ბოლომდე მოახერხებენ.

დატოვეთ კომენტარი