ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია – Lit.ge მომხამარებელს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალ წვდომას სთავზობს

1787

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია  Lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთი თვის განმავლობაში, თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

განათლების სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ინტერნეტმაღაზია Llit.ge-ს, „პალიტრა L”-სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“. გიორგი სახოკიამ მოუწოდა კერძო სექტორს, თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის აქტიურ ღონისძიებებში.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ინტერნეტმაღაზია Lit.ge-ს, „პალიტრა L”-სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები გახანგრძლივებულია და სასწავლო პროცესი, ქვეყნის ტერიტორიაზე, დროებით შეჩერებულია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო კერძო სექტორს, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში“, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.

აღსანიშნავია, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა: ვებგვერდი – www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ,  საქართველოს მასშტაბით, წიგნებს უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე – www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიორესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ინიციატივის ფარგლებში, პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიოწიგნი, რომელიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები – მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

Lit.ge-ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

⇒ მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე www.lit.ge (ელფოსტით ან ფეისბუქით);

⇒  ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე (https://www.lit.ge/packages/)

⇒ სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;

⇒ პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა  სამი სასურველი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;

⇒ სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: https://www.lit.ge/index.php…;

⇒ წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: https://www.lit.ge/aplikaciebi/

დატოვეთ კომენტარი