ეკა დგებუაძე: გაკვეთილების ცხრილი ისე უნდა შედგეს, რომ ყველა მოსწავლემ, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში

4057
2 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და 10 სექტემბრამდე ყველა სკოლა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვება.
„15 სექტემბერს დაიწყება სასწავლო წელი. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე, თერმოსკრინინგის აპარატებით. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის – გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ამასთან დაკავშირებით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ერთი, რომ სასწავლო პროცესი, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ და, ასევე, სწავლის დაწყების დროს  უშუალოდ სკოლა განსაზღვრავს.“ –  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, დამზადდება ვიდეორგოლები, მოეწყობა მშობლებთან შეხვედრები, რომ სასწავლო პროცესში მონაწილე ნებისმიერმა ადამიანმა რეკომენდაციების უკეთ გათვალისწინება შეძლოს.
მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო წელი ისე არ დაიწყება, თუ, 15 სექტემბრამდე, ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას. მისივე განცხადებით, შესაბამისად, მხოლოდ ამ რეკომენდაციებისა და დასკვნის შემდეგ გადაწყდება თითოეულ სკოლაში სწავლის დაწყების პროცესი.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ 

საკითხებს:

  1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  2.  შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  3.  შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  4.  სკოლებში პირბადეების რეზერვის არსებობა;
  5. სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება, ყოველი დასვენების შემდეგ;
  6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;
  7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის, დასვენებებზე;
  9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება;
  10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

 

 

დატოვეთ კომენტარი