ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად

112

გაიმართა პანელური დისკუსია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“. განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, რომელიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„სამინისტრო, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, რაც მათ პროფესიულ გადამზადებასა და სახელმწიფო ენის შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებობს პროგრამები სხვადასხვა სფეროს დარგობრივი ენის შესასწავლად. ესენია: უმაღლესი სასწავლებლებისთვის – სამოქალაქო განათლება, ინფრასტრუქტურა, ფინანსები და შესყიდვები, სამართალმცოდნეობა, მენეჯმენტი, ასევე, დარგობრივი ენის პროგრამები პედაგოგებისთვის. პროფესიული სასწავლებლებისთვის – საექთნო საქმე, სასურსათო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ელექტროობა, მეცხოველეობა, ტურიზმი, საბუღალტრო აღრიცხვა, ტრანსპორტი, აგრონომია.“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა და იქვე აღნიშნა, რომ მარნეულში პროფესიული კოლეჯი იხსნება, ხოლო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, მომავალი წლიდან, ეთნიკურ უმცირესობებს ახალ ინტეგრირებულ პროგრამებს შესთავაზებს, რომლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, საქართველოში უმაღლესი განათლება გამარტივებული წესით მიიღონ. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა, ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ სწავლას.

ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები წარადგინეს და ამ კამპანიის მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლორა ბერგერი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების სპეციალისტი ნათია გორგაძე.

პროექტი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი