დღეს მასწავლებელი გაცილებით უფრო დატვირთულია, ვიდრე  საგაკვეთილო პროცესის დროს იყო

3397

 

დისტანციური სწავლების შესახებ გვესაუბრება სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ დირექტორი

დავით კახნიაშვილი

 

 

 

✅ ჩვენი სკოლა, შექმნილ მდგომარეობამდე, ონლაინ სწავლების მეთოდს არ იყენებდა, თუ არ ჩავთვლით ელექტრონულ ჟურნალს, რომლის წარმოებაშიც მასწავლებლებისა და მშობლების უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული. დღეს, დისტანციურ სწავლებაში, თითქმის ყველა – 162 მასწავლებელი და 1412 მოსწავლეა ჩართული.

ონლაინ სწავლების ყველაზე დიდი პრობლემა პროცესის ორგანიზება და მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების მეთოდების არარსებობაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილე მხარეების გამოუცდელობა.

დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მის ანალიზზე დღეს შეუძლებელია საუბარი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, შედეგიანი შეიძლება  მხოლოდ მოსწავლეების 5%-ისთვის იყოს.

✅ დღევანდელ დღეს ონლაინ სწავლება არ არის იმ ონლაინ სწავლების მსგავსი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში წარიმართებოდა. დღეს ყველა მოქალაქე  – ბავშვი, მასწავლებელი და მშობელი – დაძაბულ, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებული რთული პირობები ექმნებათ იმ ადამიანებს, ვინც ემოციურები არიან და ვისი ნერვული სისტემაც ლაბილურია. შესაძლებელია, კვირის საათობრივი დატვირთვა უფრო ნაკლებია, მაგრამ მასწავლებელს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილის დროს. დღევანდელ დღეს ყველა მასწავლებელი დისტანციური სწავლებისთვის მზად ვერ იქნებოდა, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, მოცემულ მდგომარეობაში, დისტანციური სწავლების შემოღება ერთადერთი კარგი გადაწყვეტილება იყო.

✅ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, მშობელთან დადებულ ხელშეკრულებას, დისტანციური სწავლებით ვერ შევასრულებთ, ამიტომ ვგეგმავთ, როგორც კი სწავლის პროცესი აღდგება,  მოსწავლეეებს გაცდენილი მეცადინეობების აღდგენაზე სავალდებულო დასწრება შევთავაზოთ. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და  მხოლოდ დისტანციურ სწავლებას დავეყრდნობით,  ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ამიტომ, მინდა ვისარგებლო თქვენ მიერ მოცემული შესაძლებლობით და დავამშვიდო ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, რომ ჩვენ მეცადინეობებს და იმ თემებს, რომლებიც უნდა გაგვევლო, დამატებით აღდგენით მეცადინეობზე აუცილებლად გავივლით და მშობლებთან დადებულ ხელშეკრულებას სრულად და ხარისხიანად შევასრულებთ.

მშობელთა ჩართულობა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუნდაც ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან მასწავლებელი ვერ შეძლებს პროცესის ორგანიზებას, მშობლის დახმარების გარეშე, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. მინდა მოვუწოდო, მშობლები  ნუ ჩაერთვებიან ისეთ საკითხებში, რომლებიც მათი კომპეტენცია არ არის, მაგალითად: როგორ გადასცეს მასწავლებელმა მასალა, რა ინტენსივობით გადასცეს და რა დრო მოანდომოს ამა თუ იმ მასალის გადაცემას. ეს მასწავლებლის კომპეტენციაა და მასში ჩარევის უფლება არავის არ აქვს.

✅ რაც შეეხება სწავლის საფასურს, ეს ყველა სკოლის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. მოგეხსენებათ, ერთი და იმავე მომსახურებაში, სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა ფასია. მე, როგორც კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, ვიცნობ ძალიან ბევრი სკოლის ხელშეკრულებას, რომლებიც მშობლებთან ფორმდება, ჩემთვის ასევე ცნობილია ბევრი სკოლის არა მარტო მასწავლებლის, არამედ ყველა თანამშრომლის ხელფასის ოდენობა. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და არავის აქვს მასში ჩარევის უფლება.

ჩვენი სკოლის შემოსავლის, დაახლოებით, 80%  სახელფასო ანაზღაურებაზეა მიმართული. ის სკოლებისთვის, რომლებიც მაღალ გადასახადებს აწესებენ, ძალიან ადვილია გადასახადის, თუნდაც, განახევრება.

ჩვენ შემთხვევაში, ამჟამად, მშობელს შეუძლია მხოლოდ ის თანხა არ გადაიხადოს, რომელიც კვების პროდუქტების შეძენაზე იხარჯება. კვების უზრუნველყოფისთვის, პროდუქტების შეძენის გარდა, თანხები მომსახურე პერსონალის ხელფასებისთვისაც არის  გამოყოფილი.

✅ და კიდევ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ, ჩვენ იძულებულნი ვართ და აუცილებლად უნდა შევასრულოთ შემდეგი პირობა: მშობელთა ერთმა ნაწილმა, შექმნილი მდგომარეობის გამო, სრულად დაკარგა შემოსავალი, მათ არაფრის გადახდა არ შეუძლიათ, მათ გადახდა გონივრული ვადით უნდა გადავუვადოთ, ინდივიდუალურად ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ ეს ყველაფერი დავთვალეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ, რომ კვების პროდუქტების შესაძენი თანხა   მშობლებს არ მოვთხოვოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სახელფასო თანხის მობილიზებას.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი