დიანა ანფიმიადის პარალელური გაკვეთილები

693

დაიწყო ონლაინსკოლა და წინასწარ ვიცი, რა მელის… ყველა გაკვეთილს გიორგის მეც ჩავუტარებ, სკოლის პარალელურად და დავდებ მასალას, იქნებ ვინმეს, მეოთხეკლასელის მშობელს გამოადგეს.

ტექსტი რეზო ინანიშვილის „ბიჭი მალხაზი“
თემა – სივრცე ჩვენ გარშემო, სოფელი, ქალაქი
მოთელვა – თამაში ქალაქობანა, ქალაქი, სოფელი, ცხოველი, მცენარე, წიგნი, ფილმი – რაც ამ ზაფხულში ან სხვა ზაფხულებში ვნახეთ და წავიკითხეთ.
ფილმი – Bébé(s), სრულიად ფანტასტიკური დოკუმენტური ფილმი ბავშვებზე, სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა სივრცეში, ულამაზესი და უტკბესი ფილმი. ეპიზოდები „ბიულერბიუელი ბავშვებიდან“, გამოგადგებათ ქართული ფილმი „არდადეგები“.

ტექსტი წინასწარ დავყავი ეპიზოდებად, გამოვყავი რამდენიმე ეპიზოდი (გიოს დიდი ტექსტის ბოლომდე მიყოლა გაკვეთილზე უჭირს, ასე იქნებიან ყურადღების დეფიციტის მქონე სხვა ბავშვები, საერთოდ ყველა ბავშვი ამ რეჟიმში და ამხელა წყვეტის მერე).

  1. პერსონაჟი (პერსონაჟი გიოს თანატოლია, ამიტომ ვილაპარაკეთ რითი ჰგავს, რითი განსხვავდება, როგორია, შეგიძლიათ ფურცელზეც გადაიტანოთ რომელიმე დიაგრამის სახით: მე /პერსონაჟი;
  2. წყარო (ბიჭი თხრის წყაროს, რომ ყველა მწყურვალმა დალიოს) – აქ შეგიძლიათ მოყვეთ, რა არის წყარო, სად არის, როგორ ჩნდება, როგორ ეძებენ უდაბნოში წყაროს, რა არის ჭა და როგორ გამოიყენება ზოგადად წყლის რესურსი. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ წყალს;
  3. ხევი და ნაგავი (ვიღაცები ყრიან ნაგავს და ბიჭი ეჩხუბება) – აქ გავშალეთ მსჯელობა, სამწუხაროდ, თვალსაჩინოებაა უამრავი. გარეთ გაახედეთ. ეკოლოგიის თემის გაშლა მრავალნაირად შეიძლება, მე ეზოში გავიყვანე და ვანახე, როგორ დააყარეს ნაგავი მსხმოიარე უნაბს.
  4. ხეები – როგორ დავრგოთ ხეები, რატომ, რაში გვჭირდება, ცოტა ბუნება და ცოტაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა;
  5. სახელის დარქმევა – მოთხრობის პერსონაჟს უნდა ყველაფერს მისი სახელი ერქვას, რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა დატოვო სახელი და რა განსხვავებაა, სამეცნიერო აღმოჩენას ერქმევა შენი სახელი თუ ხეზე ამოჭრი ბასრი დანით.
  6. დასკვნა – ზრუნვის აუცილებლობა, სახლში ეს მარტივია, თვალსაჩინოებებით, რატომ და როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე.
დავალება: როგორი იქნებოდა პაწია ბაღი, რომელიც დარგეს პერსონაჟებმა, ილუსტრაციის დახატვა, რომელიც სიზარმაცის, დაღლილობის, „დედა თავი დამანებე“, თავიდან მოშორების და „რა ჯანდაბაა“ –  ეს სკოლის თვალსაჩინოებაა.

გაკვეთილზე შექმნილი გიორგის ნახატი ⤵️ ⤵️ ⤵️

ახლა რამდენიმე მეთოდი, ყურადღების დეფიციტის დროს:

  1. წეროები – ეს კარგი თამაშია, ოღონდ ცნობილი თამაშის ნაცვლად საგაკვეთილო თემატიკას მოარგებთ, მაგალითად, კითხვების დასმა და პასუხი, პერსონაჟის აღწერილობა, პერსონაჟების რაოდენობა და ა.შ. მაგ:

– მოთხრობის სახელი

– (გპასუხობთ)

– ავტორი

– პერსონაჟი

– თვისება

– რას აკეთებს?

და ასე ბოლომდე.

როცა თამაშის დროს ბავშვს თქვენი ხელები ეხება, ის ფხიზილდება და მობილიზებულია; სხვა ხელებით თამაშებიც შეიძლება გამოიყენოთ. „დენდენ ჯული“ და ა.შ…

  1. ყველა თემაზე თვალსაჩინოება, ამჯერად, სხვა გზა არ გვაქვს და გაჯეტებთან ვმეცადინეობთ, ამიტომ ყველა ფრაზა გახადეთ თვალსაჩინო – წყაროა ტექსტში? – აჩვენეთ ვიდეო და ხმა მოასმენინეთ, სოფელია? – ესეც ასევე და ა.შ.

3. რამდენიმეწამიანი შესვენებები, სადაც ხტუნაობა, ხელ-ფეხის დაფერთხვა, თავის ისე ქნევა, როგორც როკმომღერლები აკეთებენ და ცეკვა, ძალიან კარგია განტვირთვისთვის.

ღმერთო, გამაძლებინე!

დიანა ანფიმიადი, 21 სექტემბერი

 

 

დატოვეთ კომენტარი