დემოკრატია სკოლაში – წარმატებული გამოცდილების გაზიარება

396

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, 17-18 ოქტომბერს, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას დაეთმო. მონაწილეობდნენ: განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც მონაწილეობენ უკრაინის, მოლდოვასა და ჩვენი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეები, რადგან ვფიქრობთ, რომ თუ საზოგადოებას გვინდა, შევიცვალოთ (და ეს ძალიან გვინდა), პირველ რიგში, მოსწავლიდან უნდა დავიწყოთ“ – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ.

ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს დოკუმენტის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო“ დანერგვის პრაქტიკას სკოლებში, იმსჯელეს გამოწვევებზე, რისკებსა და სამომავლო ინიციატივებზე.

ვერგელანდის ევროპული ცენტრის დირექტორი ანა პერონა ამბობს, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა, მათ გამოწვევებიც აქვთ: „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, მოლდოველ, უკრაინელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად. დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე მასწავლებლები ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა, მათ ასევე აქვთ გამოწვევებიც, ამიტომ ერთმანეთის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციაზე სწორედ ამას ვაკეთებთ, ვსაუბრობთ კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე, ვმსჯელობთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე“.

კონფერენციაზე მოეწყო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები, ყოველდღიურ პრაქტიკაში, ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

105-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოფო ხვედელიძე ამბობს, რომ სკოლებში დემოკრატიული კულტურის დანერგვა აქტიურად მიმდინარებს: „ეს პროექტის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კიევში გახლდით, იქაური კოლეგების გამოცდილება გავიზიარეთ და ჩვენს სკოლებში დანერგვა დავიწყეთ, რაც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. კონფერენციაზე კი საშუალება მოგვეცა, წარმოგვედგინა მოსწავლეთა ნამუშევრები, ქართველი და უცხოელი კოლეგებისთვის გვეჩვენებინა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზეც, რომლებმაც, შესაძლოა, აღნიშნული პროექტის დანერგვის ფარგლებში, იჩინოს თავი“.

ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, შეჯამდა მიღწეული შუალედური შედეგები, შემდგომი თანამშრომლობისათვის კი ახალი ინიციატივები დაისახა.

 ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი