დაიწყო ატესტატის ელექტრონული ასლის გაცემა

213

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, დაიწყო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ელექტრონული ასლის გაცემა.

ატესტატის ელექტრონული ასლი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

ელექტრონული ატესტატის მიღებამდე, დაინტერესებულმა პირმა, თავდაპირველად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად, განაცხადი უნდა გააკეთოს იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, მას შეეძლება, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს, განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ.

პირმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, ის გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალზე my.gov.ge ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.

დატოვეთ კომენტარი