გურული ქალების მორიგი სასწაული

184

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა – ჩემპიონთა თასზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო და უკვე 1/16-ფინალში გავიდა! გურულმა ქალებმა ამჯერადაც სტუმრად იმარჯვეს – რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში იქაურ „უნივერსიტატეას“ 1:0 სძლიეს, მორიგი ისტორიული გოლი კი კვლავაც გუნდის ბომბარდირმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა 68-ე წუთზე. ეს იყო გააზრებული და ლამაზი კომბინაცია, როცა ჭყონიამ საკუთარი ნახევრიდან ირინა ხაბურძანიას გრძელი და უზუსტესი პასი მიიღო, ბურთი კარგად დაამუშავა, ორი მეტოქე მშვენიერი მანევრით გააუვნებლა და საჯარიმოს შორეული კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ბუნებრივია, რომ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა არა გადამწყვეტს და არსებითს, მეტიც – ლანჩუთელებს კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, ერთხელ კი ძელსაც გაარტყეს ბურთი. თავის მხრივ, კარგად ითამაშა ლანჩხუთელთა მეკარემაც და მასპინძლებს გოლი არ გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელებმა ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში ყაზახეთში იმარჯვეს – 2:0, ხატიამ მაშინ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთ გოლში კი ასისტენტობა იქაც ხაბურძანიამ გაუწია. ჭყონიამ ეს გოლი გარდაცვლილ დისშვილს მიუძღვნა – შიდა მაისური გამოაჩინა, რომელზეც მისი სურათი იყო გამოსახული.

ამით ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო რაუნდები დამთავრდა, ახლა კი გათამაშება პლეი ოფის პრინციპით, 1/16-ფინალიდან გაგრძელდება. აქ უკვე გათამაშებაში განთესილი კლუბებიც ჩაებმებიან, მათ შორის კი ისეთი გიგანტებიც არიან, როგორიც „ბარსელონა“, „ბაიერნი“, პსჟ, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და სხვებია. მათი უმეტესობა მსოფლიოს უმდიდრესი კლუბია, ამ დროს კი ლანჩხუთელებს ისედაც გროშები აქვთ ხელფასი და, თურმე, იმასაც ვერ იღებენ – რუმინეთში გამგზავრების წინ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა მისამართით, სოციალურ ქსელში ირონიული რეპლიკა გაავრცელეს, ახლაც თუ მოვიგეთ, მაშინ მაინც მოგვცემთ ხელფასებსო. როგორია: ერთ მხარეს მსოფლიოს უმდიდრესი კლუბები, რომელთა ბიუჯეტი ლამის ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ბიუჯეტსაც უთანაბრდება, მეორე მხარეს კი – ლანჩხუთი! ალბათ, იმ კლუბებს ვერც წარმოუდგენიათ ის პირობები, როგორშიც ეს გოგოები ვარჯიშობენ და როგორითაც მოვიდნენ დღემდე, ჩემპიონთა ლიგამდე!

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 24 ნოემბერს, შვეიცარიულ ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. არაა გამორიცხული, ზემოჩამოთვლილ კლუბთაგან რომელიმე შეგვხვდეს და საქართველოშიც გვესტუმროს, რადგან ამ ეტაპიდან პლეი ოფები უკვე ორრაუნდიანია და მიმოსვლით ტარდება, ანუ გუნდები შეხვედრებს შინ და გარეთ ჩაატარებენ. გურულები ჯერ კიდევ როდის მღეროდნენ, „გველოდება გურიას და ბავარიას სუპერფინალიო“ და ვინძლო ეს მთლად სუპერფინალში თუ არა, რიგით საპლეიოფო მატჩში მაინც მოხდეს.

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი