გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

118

🌏 გარემოს დაცვისა და აგრარული განათლების შესახებ პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამართა, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოში გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, შეხვედრაზე, მის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს „გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ წარდგენა მოხდა.

თამარ ქიტიაშვილი დამსწრე საზოგადოებას სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრა: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღე აღვნიშნო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობაზე ზრუნავენ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ განათლება და გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები როგორც გარემოს დაცვის, ასევე აგრარული დარგის მიმართულებით. ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე, როდესაც ბავშვების ცნობიერება ჩამოყალიბების პროცესშია, ამ საკითხების საგნობრივ ჭრილში ინტეგრირება და მოსწავლეებში, მრავალფეროვანი აქტივობებით, სწორი შეხედულებებისა და ქცევების ფორმირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გვაახლოებს ჩვენს საერთო მიზანთან – გვყავდეს განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე ახალგაზრდობა, რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, სოციალური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური განვითარება. დარწმუნებული ვარ, მომავალ თაობას გაცილებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ექნება, რასაც სკოლებში სწორედ ასეთი პროგრამების დანერგვა ჩაუყრის საფუძველს“.

სახელმძღვანელო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლობით შემუშავდა. დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

სახელმძღვანელო, გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით, შემდეგ თემებს აერთიანებს:

✔️ მდგრადი განვითარების კონცეფცია; ბიომრავალფეროვნების დაცვა;

✔️ მდგრადი განვითარების კონცეფცია; ბიომრავალფეროვნების დაცვა;

✔️ წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა; ნარჩენების მართვა;

✔️ კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შემცირება;

✔️ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;

✔️ მიწის მართვა და გაუდაბნოებასთან ბრძოლა;

✔️ სოფლის მეურნეობა – სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

სახელმძღვანელოს წარდგენის შემდეგ იწყება მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და სკოლის წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობს

დატოვეთ კომენტარი