განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

1769

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა წარმოდგენილი განათლების რეფორმის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგებსაც, რომელთაც ერთი მიზანი – განათლების ხარისხის ამაღლება აერთიანებს ასე უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის გატარებით ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. ჩვენ დავდებთ ძალიან კარგ შედეგებს და ეს იქნება ჩვენი პასუხი სკეპტიკოსებისთვის.“

რაც შეეხება მასწავლებლებს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მასწავლებლის ინსტიტუტი ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია. არ მინდა ვიხილო საქართველოში ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს ძლიერი და წარმატებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ რეფორმით გარღვევას მოვახდენთ განათლებაში“. – განაცხადა მან.

რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში:

* დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება.

* შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

* ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც,  ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში დაინერგება.

* „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა).

* 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

* 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

* მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

* 2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

*უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

* პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

* უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობას.

* მეცნიერების მიმართულებით: 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება.

* გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს მეცნიერებია“ (Georgian Science).

* სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

ლალი ჯელაძე 

დატოვეთ კომენტარი