განათლების სამინისტროში სანიტარია-ჰიგიენის მიმართულება შეიქმნა

369

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სანიტარია-ჰიგიენის მიმართულება შეიქმნა, რომელიც აქამდე განათლების სისტემაში არ არსებობდა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ამბობს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით: „აქამდე არ არსებობდა კონკრეტული მიმართულება განათლების სისტემაში. შეიქმნა გარკვეული პროექტი და, ამ პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ გარკვეულ სტანდარტებზე. გარდა ამისა, რეკომენდაციების ფარგლებში, წელს, ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი ხელსახოცებით, ხელის დასაბანი საშუალებებით და ა.შ. დალაგება-დასუფთავების მიმართულების სტანდარტზე ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, სკოლა მომზადებული დახვდეს ახალ სასწავლო წელს.“

ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა და, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფარგლებში, განათლების სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით, ჰქონდეს პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი თავის ხსნარით, თერმოსკრინინგის აპარატები და ა.შ. ყველაფერი ეს სკოლებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

მართალია, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ პირბადე ატარონ. მოსწავლეებმა რეკომენდაციები, მათ შორის დისტანციის დაცვა, უნდა შეასრულონ როგორც კლასებში, ასევე დასვენების პერიოდში.

„საუბარი იმაზე, რომ პირბადის ტარების წესის დაცვის მიმართებაში, შეიძლება იყოს გარკვეული გამოწვევები მოსწავლეებში, ამიტომ, თუ ჩვენ დავიცავთ დისტანციას საკლასო ოთახებში და შესვენებაზეც მოხდება დისტანციის კონტროლი, მაქსიმალურად ავირიდებთ საფრთხეებს“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

როგორ დარეგულირდება მშობლების სკოლაში შესვლის საკითხი? რა შემთხვევაში შევა მშობელი სკოლაში? – როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების სკოლაში შესვლა რეკომენდირებული არ არის, საჭიროების შემთხვევაში, მათ ამის უფლება მიეცემათ: „სკოლის შენობაში მშობლების შესვლა, აქამდეც არ იყო დაშვებული, რეგულაციაში ესეც წერია, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი უცხო პირები სკოლაში შესვლისგან. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მშობელი იქნება თუ სხვა უცხო პირი, შევიდეს სკოლაში, დაელაპარაკოს მასწავლებელს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.“

 სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა აგვისტოში გაიმართა. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმ მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები დასახეს.

დატოვეთ კომენტარი