განათლების სამინისტრომ უნდა დაიწყოს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისათვის მექანიზმების შემუშავება

3743

ინტერვიუ მაია კობახიძესთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარესთან

➡ სწავლასწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა – რა სახის დახმარებას სთავაზობს მათ პროფკავშირი?

✔ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ახალი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ციფრული ტექნოლოგიები. გლობალური პანდემიის შედეგად, საგანმანათლებლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, დაინერგა დისტანციური სწავლება. სწავლის პროცესის დისტანციურ რეჟიმზე  გადასვლა, მართალია, ვერ ჩაანაცვლებს რეალურ საკლასო სოციუმს, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლების ალტერნატიული – დისტანციური მეთოდების გაზიარება და ადაპტირება მნიშვნელოვანი კომპონენტია. შექმნილ ვითარებაში, იმისათვის, რომ ჯანმრთელობის კრიზისი არ გადაიქცეს განათლების კრიზისად, დისტანციური სწავლება უნდა განვიხილოთ, როგორც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, გარდაუვალი სწავლება.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ საფუძვლიანი მუშაობა ჩაატარა დისტანციური სწავლა-სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს შეექმნა პრობლემები დისტანციური სწავლების წარმართვის დროს. სპმთპ-ს „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა ტრენინგ-მოდული – „გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში“ და დაიწყო ონლაინ ტრენინგები. პრობლემები უკავშირდებოდა როგორც ინტერნეტკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების, ისე დისტანციური სწავლების მეთოდიკის უნარ-ჩვევებს, ასევე, განსაკუთრებით რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხელმიუწვდომობას და გამომდინარე აქედან, ინტერნეტის მოხმარების ალტერნატიული გზების ძიებას. მაგალითად, ოჯახში კომპიუტერის ან ინტერნეტის არქონის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია სმარტფონის გამოყენება, მაგრამ დისტანციური სწავლების სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, ეს მათ უნდა ასწავლო.

➡ თუ მიმართავენ პედაგოგები დასახმარებლად რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს და ძირითადად, რა სახის პრობლემებზე?

✔ ჩვენი ორგანიზაცია წარმომადგენლობითია ყველა დონეზე, რაიონულ და საქალაქო სტრუქტურებში, სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული წევრების მიერ არჩეული თავმჯდომარეების სახით. სტრუქტურული მოწყობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სპმთპ-ს წევრები, პირველ რიგში, მიმართავენ საგანმანათლებლო დაწესებულების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, უმეტეს შემთხვევაში, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს. რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ წევრი, თავისი გადაწყვეტილებით,  იურიდიული კონსულტაციის და სხვა სახის დახმარებისათვის, მიმართავს სპმთპ-ის პრეზიდენტს ან სათავო ოფისის წარმომადგენლებს. საგანამანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პრობლემებია როგორც ინდივიდუალური, ასევე კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების ან ხარვეზის შედეგად წარმოქმნილი, ასევე, დამსაქმებლის მხრიდან კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა. არის ისეთი  საკითხები, რომელიც  ადგილზე, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ჩართულობის საფუძველზე გადაიჭრება.

პრობლემათა უმრავლესობა ეხება შრომითი, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევას. სპმთპ-ს კვალიფიციური სპეციალისტები, პედაგოგთა მოთხოვნების საფუძველზე, სიღრმისეულად სწავლობენ პრობლემებს და შეიმუშავებენ წინადადებებს ხელისუფლებასთან, ძირითადად, განათლების სამინისტროსთან წარსადგენად. პრობლემების გადაჭრა ხდება განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის, სამინისტროსა და სპმთპ-ს შორის გაფორმებული დარგობრივი შეთანხმების საფუძველზე. არსებობს დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ისეთი ფაქტები, სადაც იძულებული ვართ, სასამართლოს მივმართოთ.

მიუხედავად კანონითა და ნორმატიული აქტებით  მკაცრად დარეგულირებული საკითხებისა, მაინც ვაწყდებით ისეთი სახის პრობლემებს, როგორიცაა საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების არასწორად გამოთვლა, დროებითი შრომისუუნარობის (ბიულეტენის), დეკრეტული შვებულების მიცემისა და ანაზღაურების დროს მინიჭებური უფლებების შელახვა; უხელფასო/არაანაზღაურებადი შვებულების უფლების ჩამორთმევა; დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირისთვის შრომის ანაზღაურების არასწორი გამოთვლა ან საერთოდ, არ გაცემა და სხვა.

მასწავლებლები მოგვმართავენ არა მხოლოდ უფლებების შელახვის დროს, არამედ ითხოვენ კარიერული წინსვლისათვის მათ პროფესიულ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებებს.

➡ როგორც ზემოთ აღნიშნეთ, სპმთპ ტრენინგცენტრმა მოამზადა დისტანციური ტრენინგმოდულები, მასწავლებელთა სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით, ტარდება თუ არა უკვე ტრენინგები და რა ინტენსივობით?

✔ მსოფლიო პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ, უმოკლეს ვადაში, შევისწავლეთ პედაგოგთა პროფესიული საჭიროებები, დავგეგმეთ ღონისძიებები და სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა შეიმუშავა ონლაინ სატრენინგო მოდულები, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. სპმთპ-ს რაიონული/საქალაქო/აჭარის რესპუბლიკური  ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ტრენინგ-ცენტრთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, უზრუნველყოფენ ონლაინ ტრენინგების ორგანიზება/ჩატარებას. სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა მოამზადა დისტანციური ტრენინგ-მოდულები, სკოლების მასწავლებელთა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა საჭიროებების მიხედვით: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა სტატუსის პედაგოგებისთვის პროგრამა „teams“-ში მუშაობის სწავლება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე; მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება; პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებლად; ეთნიკური უმცირესობებისთვის – ქართული, როგორც მეორე ენა; აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისათვის – საგნობრივ და პროფესიულ უნარებში; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის გააქტიურდა Microsoft-TEAMS-ის პროგრამები, არაერთი ვიდეოინსტრუქციებით, დავინახეთ ჩვენი როლი მასწავლებლების მხარდაჭერის კუთხით  და ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისათვის შეიქმნა TEAMS-ში მუშაობისთვის სპეციალური ტრენინგ-მოდული. ეს მცირე ჩამონათვალია, რადგან ტრენინგ-ცენტრი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ტრენინგ-მოდულების შემუშავების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დაიწყო თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია დანიური პრაქტიკის დანერგვა და ადაპტაცია ქართულ რეალობაში. აღნიშული საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი თემა სწავლა-სწავლების პროცესში ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებაც არის. პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა, პროფესიული ზრდასთან ერთად, დანიელი ექსპერტ-მასწავლებლების ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გამოიყენეს სტატუსის ასამაღლებლად, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით. 21-ე საუკუნის სწავლა-სწავლების კომპეტენციების დანერგვა-განვითარება, კოლეგებისათვის გამოცდილებების გაზიარება, ამჟამად, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სიამაყით და სრული ობიექტურობით მინდა განვაცხადო, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პირველია, ვინც 2017 წლიდან დაიწყო პედაგოგთა გადამზადება „განმავითარებელი შეფასების“ მექანიზმების შესწავლა-დანერგვის მიმართულებით. შექმნილია ჩვენ მიერ გადამზადებულ პედაგოგთა ჯგუფები, რომლებიც ენთუზიაზმით მუშაობენ მიღებული ცოდნის კოლეგებთან გაზიარების მიზნით.

➡ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ცალკეული ორგანიზაციები პედაგოგებს, ფასიანი ტრენინგების გავლის სანაცვლოდ, კრედიტქულებს სთავაზობენ. თქვენ განაცხადეთ, რომ პროფკავშირის იურისტები იკვლევენ ამ საკითხს, ხომ არ დასრულებულა მოკვლევა?

✔ დაგვიკავშირდნენ პედაგოგები, რომლებსაც აინტერესებდათ, გამოადგებოდათ თუ არა 4-კრედიტიანი ტრენინგები კარიერული წინსვლისთვის, რასაც სთავაზობდა ორგანიზაცია „ცოდნა“. აღნიშნული ტრენინგები ფასიანია და საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.

ჩვენ შეგნებულად არ შევეხებით ამ ტრენინგების ხარისხს და სარგებლიანობას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით. პედაგოგებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა კონკრეტული თანხის გადახდა იმ ცოდნის სანაცვლოდ, რასაც ამ ტრენინგების შედეგად მიიღებენ. თუმცა,

აუცილებლად უნდა გავაკეთოთ განმარტება იმის შესახებ, რომ ასეთი ორგანიზაციების დაპირება, კრედიტების მინიჭების თაობაზე, წარმოადგენს სიცრუეს და პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ფულადი სარგებლის მიღების მიზნით.

ყველასთვის ცნობილია, რომ კრედიტქულების მინიჭების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ან მის ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა, გასულ წლებში, ორჯერ განახორციელა მასწავლებლის სახლის მიერ აკრედიტირებული ტრენინგ-პროგრამები და მონაწილეებს კრედიტქულები მიანიჭა. გადავამოწმეთ მასწავლებლის სახლთან და გაირკვა, რომ ორგანიზაცია „ცოდნის“ მიერ დაპირებული კრედიტები მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის არ გამოადგებათ. საგანგაშოდ მივიჩნიეთ ის გარემოება, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად სავალდებულო აქტივობები განახორციელეს, მაგრამ დააკლდათ ნახევარი, ერთი ან 4 კრედიტი, აღარ ინტერესდებოდა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული 5-კრედიტიანი ტრენინგებით, ვინაიდან საკმარისად მიიჩნიეს ორგანიზაცია „ცოდნის“ დაპირება, 4 კრედიტის მინიჭების თაობაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია „ცოდნის“ წარმომადგენლები მასწავლებლებს სასამართლოთი დაემუქრნენ, თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელებისათვის, არადა მათი ფბ გვერდის სტატუსები კრედიტქულების მინიჭების დაპირებას ადასტურებს. 

➡ პანდემიის პერიოდში, რაიმე სახის აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი ორგანიზაციის მიერ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის?

✔ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თანაბრად წარმართავს საქმიანობას, საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურის დასაქმებულთა უფლებებისა და მოთხოვნების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ  COVID 19-ით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის დროს, სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულები არ დგანან ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები,  მათი მხრიდანაც არის ტრენინგების მოთხოვნები. სპმთპ-ს „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, შეიმუშავა და დაიწყო განხორციელება ონლაინ-ტრენინგების, შემდეგ თემებზე: „სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა საბავშვო ბაღში“; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდიკა“; „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები“; „პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება“; მეთოდური ტრენინგი მუსიკის მასწავლებლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორებისათვის.

➡ ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის – ETUCE, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების დროებითი დახურვა ერთერთი გამოსავალია, თუმცა დაცული უნდა იყოს დასაქმებულთა ინტერესები და თავიდან იქნეს აცილებული მათდამი არასამართლიანი მიდგომები. არსებულ სიტუაციაში პედაგოგების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ხომ არ ჰქონია ადგილი.

✔ დისტანციური სწავლება სიახლე და გარკვეული სტრესია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებლებს არ მოუმართავთ რაიმე გადაცდომის თაობაზე, გარდა ერთი შემთხვევისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გათავისუფლდა პედაგოგი და მივმართეთ სასამართლოს.

➡ პანდემიის პერიოდში,  თუ მიმართავენ პედაგოგები დახმარებისთვის განათლების პროფკავშირის იურისტს და, ძირითადათ, რა საკითხებზე?

✔ პანდემიის პერიოდში, სამართლებრივი დახმარების მიღების მსურველი პედაგოგების მომართვიანობა გრძელდება. შეიცვალა მუშაობის ფორმა. უშუალო შეხვედრები ჩაანაცვლა დისტანციურმა კომუნიკაციამ, ძირითადად, ტელეფონისა და ინტერნეტის მეშვეობით.

ბოლო პერიოდში, სპმთპ-ს იურიდიული დეპარტამენტი არა მხოლოდ ზეპირ, სატელეფონო კონსულტაციებს გასცემს, არამედ შეუფერხებლად აგრძელებს სასამართლოში წარსადგენი სარჩელებისა და საჩივრების მომზადებას.

როგორც გითხარით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გათავისუფლდა პედაგოგი, რომელიც ტელეფონით დაუკაშირდა ჩვენს იურისტს და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგვაწოდა ყველა საჭირო დოკუმენტი, რის საფუძველზეც მომზადდა სარჩელი.

პანდემიის პერიოდში გრძელდება ადრე დაწყებული სასამართლო პროცესებიც. საქმე ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და 3 გათავისუფლებულ პედაგოგს შორის არსებულ დავას, სადაც მასწავლებლების ინტერესებს სპმთპ-ს იურისტი იცავდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამივე პედაგოგის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა. სწორედ აღნიშნული საჩივრის საპასუხოდ, კანონით დადგენილ ვადებში, სპმთპ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბაკურაძემ მოამზადა შესაგებელი და უშუალოდ მის მიერ შეტანილი იქნა სასამართლოში.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში, მომზადდა კიდევ ერთი საჩივარი. კერძოდ, თბილისის 167-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის, ნარგიზა კიკვიძის საქმეზე, რომლის ინტერესებს იცავდნენ სპმთპ-ს იურისტები. პირველი ინსტანციის სასამართლომ ქალბატონი ნარგიზას გათავისუფლება უკანონოდ სცნო და სკოლას დააკისრა კომპენსაციის – 5000 ლარის გადახდა პედაგოგის სასარგებლოდ. ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ქალბატონი ნარგიზასთვის მიყენებული ფინანსური ზიანი ბევრად მეტია, ამ კონკრეტულ ნაწილში, მოხდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება.

➡ ხომ არ მოუმართავთ დახმარებისთვის პედაგოგებს, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მისაღებად გარე დაკვირვების მხოლოდ ერთი  გაკვეთილი ჰქონდათ დარჩენილი და ელოდნენ გარკვეულ შეღავათს, თუმცა მინისტრის ბრძანებით, მათი სტატუსის ამაღლება მომავალი სასწავლო წლისთვის გადაიდო.

✔ ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია იმის თაობაზე, რომ მასწავლებელთა მომართვის გარეშეც, სპმთპ, ყოველდღიურ რეჟიმში, მუშაობს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების იმ რეგულაციებზე, რომელიც ბუნდოვანია და იწვევს პედაგოგთა უფლებების შელახვას. რაც შეეხება გარე დაკვირვების შეფერხებას, საქმის კურსში ჩაგვაყენეს ჩვენმა აქტიურმა წევრებმა და წერილობითაც მოგვმართეს.

ის პედაგოგები, რომელთაც გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარეს 2019-2020 აკადემიური წლის პირველ სემისტრში, გამოთქვამენ უკმაყოფილებას გარე დაკვირვების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მასწავლებლების ნაწილი, სექტემბრიდან სტატუსის ამაღლების მოტივით, ითხოვს გარე დაკვირვების ალტერნატიულ გზებს. გამოჩნდნენ ისეთი პედაგოგებიც და მათი გულშემატკივრებიც, რომლებიც აყენებენ არარეალურ მოთხოვნებს, კერძოდ, „გარე დაკვირვების გავლის გარეშე სტატუსის ამაღლებას“, „წამყვანის სტატუსის მინიჭებამდე, სექტემბრიდან წამყვანის დანამატის გაცემას“, გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობის გავლის ნაცვლად, გარე დაკვირვებისათვის ატვირთული 5 გაკვეთილის გეგმის შეფასებას“ და სხვა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთეული პედაგოგები ჩვენგან ითხოვენ ზემოხსენებული მოთხოვნების უპირობო მხარდაჭერას და გამოთქვამენ კრიტიკას მთლიანად პროფკავშირის საქმიანობის მიმართ. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის მიუღებელია, COVID 19-თან დაკავშირებით, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, განათლების სამინისტროს დადანაშაულება, გარე დაკვირვების პროცესის შეჩერების თაობაზე.

კორონავირუსმა არაერთი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დააყენა განათლების სისტემა, მათ შორის, პედაგოგთა კარიერული წინსვლისათვის სავალდებულო აქტივობების ორგანიზება-წარმართვის პროცესი – გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობაც, პედაგოგთა კომპეტენციების დადასტურების გამოცდების ჩატარება და სხვა. ჩვენ ვაანალიზებდით შექმნილ მდგომარეობას და ვეძებდით გზებს, პრობლემების გადასაჭრელად.

მთავრდება საგანგებო მდგომარეობა და მიგვაჩნია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა დაიწყოს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისათვის მექანიზმების შემუშავება.

📢 პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რომლითაც მივმართავთ განათლების სამინისტროს:
  1. შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა, წელიწადში 2-ჯერ, სტატუსის მინიჭების თაობაზე. იმ პედაგოგებისათვის, რომელთაც ყველა სავალდებულო აქტივობა განახორციელეს, დააგროვეს სქემით განსაზღვრული კრედიტქულები, სკოლამ გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება, სტატუსის მინიჭების თაობაზე, გამოიცეს ყოველი თვის 10 რიცხვამდე;
  2. გამომდინარე იქიდან, რომ უარყოფითი პროგნოზები კეთდება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სექტემბრიდან სკოლების გახსნის თაობაზე, განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რა ფორმით განხორციელდება გარე დაკვირვების აქტივობა, თუ ვერ ამოქმედდებიან სკოლები ჩვეულ რეჟიმში;
  3. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საგაკვეთილო პროცესის სექტემბრიდან განახლების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა დაჩქარებული წესით განახორციელოს გარე დაკვირვება, მასწავლებელთა რეგისტრაციის და მიმდინარე წლის 2 მარტიდან დადგენილი გრაფიკის რიგითობის პრინციპის მკაცრი დაცვით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინადადებები გავაცანით მასწავლებლებს, სოციალურ ქსელებში კვლავ გამოჩნდა პედაგოგთა ახალი მოთხოვნები, „გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობის ნაცვლად, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული 5 გაკვეთილის გეგმის საფუძველზე შედგეს გასაუბრება მასწავლებელთან“, რაც ეწინააღდეგება კანონის მოთხოვნებს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, გარე დაკვირვება არის, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვება, შესაბამისად, გეგმების შეფასება ან გეგმების საფუძველზე გასაუბრება ვერ იქნება გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობა.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი