განათლების კოალიცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-თან თანამშრომლობას იწყებს

465
განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმისა და რესურსების შექმნას.
პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა. პროექტის ფარგლებში, ითარგმნება და ადაპტირდება როგორც საგნობრივი მასალები, ასევე რესურსები არჩევითი საგნების მიმართულებით. აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი იქნება ck-12-ის პლატფორმაზე www.ck-12.org სადაც შეიქმნება ქართველი მომხმარებლისათვის სპეციალური გვერდი.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შექმნა თუ შესრულება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ck-12-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნირუ კოსლამ. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე.
მხარეებს შორის თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და რეგიონული ოფისების შუამავლობით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობის მიზანია, საქართველოში სწავლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები, მეტწილად STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებით. დღესდღეობით, პლატფორმას იყენებს 50 000-ზე მეტი სკოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დატოვეთ კომენტარი