გამოწვევები, რომლის წინაშეც ყველანი ერთად აღმოვჩნდით

1422

გვესაუბრება მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

➡ დისტანციური სწავლების დაწყება საწყის ეტაპზე გაგვიჭირდა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, მაღალმთიანი რაიონია და ყველას არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. მართალია, სკოლებს მიეწოდებათ ინტერნეტი, მაგრამ ოჯახებს – არა. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს ნაკლებად სანერვიულოა, რადგან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი „ტელესკოლა“ ჩვენი რაიონის ყველა სოფელს ფარავს.

➡ ჩვენ თვალს ვადევნებთ ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს, ვაკვირდებით მასწავლებლების, ადმინისტრაციის, დამრიგებლების ჩართულობას. ყველა ერთად ვცდილობთ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნები, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, ამ უჩვეულო მდგომარეობაში.

➡ არის გარკვეული გამოწვევები, ვიღაც რაღაცას ვერ ახერხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს და ეს განწყობა იძლევა იმედს იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდება მოსწავლეთა სასარგებლოდ.

➡ ჩვენი საქმიანობის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა სამინისტროსა და რესურსცენტრების ეფექტური თანამშრომლობა, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც საქართველოს განათლების სისტემა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

ყოველ ოთხშაბათს რესურსცენტრის ხელმძღვანელები ვხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს, დისტანციურად. ვიზიარებთ შეხვედრებისას მიღებულ რეკომენდაციებს, ერთმანეთის გამოცდილებას, ერთად ვეძებთ სხვადასხვა სირთულეების გადაჭრის გზებს, ვუსადაგებთ ადგილზე წარმოქმნილ პრობლემებს და ამ გზით  ვცდილობთ, დავხვეწოთ საქმიანობა.

➡ აღნიშნული შეხვედრების შედეგად ყველა რეგიონში შეიქმნა საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ონლაინ სემინარებს სთავაზობენ რეგიონული რესურსცენტრების სკოლების I-IV კლასების პედაგოგებს.

კონსულტაციები ხორციელდება ვებინარების ფორმით, „ახალი სკოლის მოდელის“ სკოლების ბაზაზე, დისტანციურად. ვებინარებს უძღვებიან პროექტში ჩართული ქოუჩები, ასისტენტები და პედაგოგები, რომლებსაც როგორც ტექნოლოგიების, ისე კომპლექსური დავალებების გამოყენების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ და ახლა გასცემენ საერთო საქმის სასარგებლოდ.

ჩვენი სკოლები არ არიან ჩართული ამ პროექტში, მაგრამ საკონსულტაციო ცენტრების შექმნის შედეგად, საშუალება აქვთ, იურთიერთონ ამ პროექტში ჩართული სკოლების ქოუჩებთან, მიიღონ რჩევები და გაიზიარონ გამოცდილება.  მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, მიიღონ ყველა ის სიახლე, რჩევა, რეკომენდაცია,  რომელიც მათ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვაში დაეხმარებათ.

➡ ისეთი მასწავლებელი, საერთოდ რომ ვერ ჩართულიყო დისტანციური სწავლების პროცესებში, არ გვყავს. რამდენიმე მასწავლებელი სატელეფონო კავშირს იყენებს. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, მასწავლებლებს დავალებები მიაქვთ  სახლში, რასაკვირველია, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით. აღსანიშნავია, რომ სოფლების – ეცერის, ხაიშის, ბეჩოს, ნაკრის, იელის, იფარის, ფარის – საჯარო სკოლების მოსწავლეებს (მრავალშვილიანი ოჯახებიდან) არასამთავრობო ორგანიზაციამ „სექტორი 3“ 7 კომპიუტერი გადასცა, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ შეგროვებული თანხით შეძენილი 5 ცალი კომპიუტერი. შექმნილ ვითარებაში ყველა ცდილობს, დაძლიოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ყველანი ერთად აღმოვჩნდით.

➡ სპორტისა და მუსიკის  გაკვეთილების დისტანციურად წარმართვაც მოხერხდა, რამაც დაგვანახა, რომ მთავარია, მასწავლებლის და მოსწავლის მხრიდან იყოს მზაობა და ყველაფერი შესაძლებელია.

➡ რაც შეეხება ამ პროცესებში მშობელთა ჩართულობას, რასაც ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლებისათვის საინტერესო და წარმატებულია „ეტალონის“ პროექტი – izrune.ge, რომელიც მესამე წელია აიტაცეს ჩვენმა სკოლებმა. ამ პროექტმა წინაპირობა შექმნა დღეს არსებული რეალობისთვის -კარგად მოქმედი სამკუთხედი – სკოლა, მშობელი და მოსწავლე.

➡ მოსწავლეების შეფასება მოხდება ქულებით. მოგეხსენებათ, რომ მათ გაიარეს პირველი სემესტრი, შემდეგ მეორე სემესტრის 6 კვირა და გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. შეფასებისას გამოყენებულ იქნება პირველი სემესტრის  ქულები და 4 მარტამდე მიღებული შედეგები, რასაც დაემატება ონლაინ სწავლების დროს მიღებული შეფასებები. ამ წესით შეფასდება დამამთავრებელი კლასიც. წელს 108 საშუალო საფეხურის კურსდამთავრებული გვყავს.

➡ სკოლები მაქსიმალურად იცავენ  განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. საქმიანობისას ოთხშაბათის ტრადიციულ შეხვედრებზე მიღებულ კონსულტაციებს ვიყენებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, უკეთ წარვმართოთ სასწავლო პროცესი.

➡ ყველანაირი გამოწვევა შესაბამისი ქმედებისკენ  გიბიძგებს, მოქმედება ცოდნის შეძენის და გამოცდილების დაგროვების გზაა. საგანმანათლებლო სისტემამ  დაძლია ეს გამოწვევა, დაგროვდა მომავალში გამოსაყენებელი უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება, გზადაგზა დასახვეწი და გასამრავალფეროვნებელი, თითოეული ჩვენგანის განვითარებისთვის, მეტი ცოდნის მისაღებად.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი