გამბედავი მასშტაბური იდეა განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის – მამუკა ბახტაძე: გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას.

121

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, განათლების სფეროში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავი და მასშტაბური ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ – განხორციელებას იწყებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო იღებს უპრეცენდენტო ვალდებულებას, არსებული ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროს სრულ ტრანსფორმაციას და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დაფუძნებას მოახმაროს.

„ვიწყებთ რესურსების მობილიზებას   ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი უკვე ამოქმედდა, მაგრამ ახლა ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით”, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი 10-11%-იანი ზრდით “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივის წარდგენისას.

პრემიერის თქმით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

„სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები საერთაშორისო ტოპრეიტინგებში მოხვდებიან და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ – სიდუხჭირისგან და თავისუფლებისკენ – ოკუპაციისგან, შესაბამისად, ხსნა განათლებულ საქართველოშია.

საქართველო უკვე გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას. განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ხედვა და ინიციატივა – განათლების მეშვეობით, სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ სჭირდება – მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს უმაღლესი ლეგიტიმური მიზანია, უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, მისცეს ცოდნის დაუფლების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ნიჭიერ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი შეძლების ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი.

„სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსაც. როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა შეექმნება, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმები გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის. დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ და სწრაფად ცვალებად, ხშირად არასამართლიან, სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ გამოსვლა ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დაასრულა: „სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა“.

ლალი ჯელაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი