ბიუჯეტის ზრდამ, საშუალება მოგვცა დაფინანსების ახალ მოდელზე გვეფიქრა – კანონში შესაძლოა, უმაღლესების საბაზო დაფინანსების მოდელის შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს

1091

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განათლების რეფორმის ყველა მიმართულება, ამასთან, 2020 წელს დაგეგმილი საგამოცდო სიახლეები და მობილობის პროცედურები განიხილა.

მინისტრმა რექტორებს დეტალურად გააცნო პრემიერის მიერ განათლების სფეროს დაფინასების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაც, მისი თქმით, ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ფინანსური რესურსი გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„ბიუჯეტის ზრდამ, საშუალება მოგვცა დაფინანსების ახალ მოდელზე გვეფიქრა, რომელიც განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საკითხის დამუშავების პროცესში, შესაბამისად, აქტიურად ვგეგმავთ თქვენთან ერთად მუშაობას“ – განაცხადა მინისტრმა.

კანონში შესაძლოა, უმაღლესების საბაზო დაფინანსების მოდელის შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რამდენი უფასო ფაკულტეტი დაფინანსდება და რა მოდელით. „უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2019 წლის საშემოდგომო პერიოდისთვის გვინდა, რომ კანონში აისახოს ცვლილება და საბაზო დაფინანსების მოდელის ჩანაწერი გაჩნდეს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ სხვადასხვა მოდელის დაფინანსებას. ეს გულისხმობს საბაზო დაფინანსებას და ასევე დიფერენცირებული გრანტების გაცემის შესაძლებლობას მომავალში. თუმცა, წელს ყველაფერი ისევე რჩება, როგორც არის დაფინანსების კუთხითაც და ფაკულტეტების კუთხითაც. 

2020 წლიდან გარკვეული ცვლილებები გვექნება, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულ ცვლილებების შესახებ ვერ მოგახსენებთ. ზაფხულამდე სხვადასხვა ფინანსური ვარიანტის ანალიზი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განსხვავებული სპეციფიკა არსებობს, გვაქვს დიდი უნივერსიტეტები და შედარებით მცირე რეგიონული სასწავლო უნივერსიტეტები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დარგებისთვის და რეგიონებისთვის, ამიტომ დაფინანსების მოდელმა ცხადია, უნივერსიტეტებს უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომელი სპეციფიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამიტომ ამ ფინანსური დათვლის და მოდელირების შემდეგ შევიტანთ კონკრეტულ ცვლილებებს დაფინანსების წესში“, –   განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი