ახალგაზრდობის წლები სავსე უნდა იყოს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტით

395

 

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია იოსებ ჟორჟოლიანი, ვაშინგტონისა და ჯეფერსონის კოლეჯის სტუდენტი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში

რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი დ როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული წლებიმასწავლებლებიგანსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?

ვსწავლობდი თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, რომელსაც ადრე მე-6 გერმანული გიმნაზია ერქვა და მეხუთე კლასამდე გერმანულს ვეუფლებოდი. შემდეგ კერძო სკოლა “მერმისში” გადავედი და ბოლოს, “ლოგოსში” აღმოვჩნდი, სადაც უკვე ინტენსიურად დავიწყე მუშაობა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა სასკოლო განათლებამ. საერთოდ, სულ მიმიწევდა გული ახალი თავგადასავლებისკენ და უცხოეთშიც ხშირად ვმოგზაურობდი. ვიყავი ევროპული ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატი, რის შედეგადაც ხშირად მიწევდა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში საქართველოს წარდგენა. ძალიან მომწონს, როდესაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ვესაუბრები უცხოელებს. უცხოეთში მოგზაურობის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მომცა მოტივაცია, რომ სწავლაც საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. ყველაზე სანაქებო განათლების სისტემა კი სწორედ ამერიკას აქვს, ამიტომაც გადავწყვიტე, გეზი ჩრდილოეთ დასავლეთისკენ ამეღო.

სკოლის დამთავრების შემდეგსასწავლებლადამერიკაში გაემგზავრერა გზა გაიარე უნივერსიტეტში მოსახვედრად?

ორწლიანი მზადების შედეგად, რომელიც კერძო სკოლა “ლოგოსში” გავიარე, ჩავაბარე SAT-ის და TOEFL-ის გამოცდები. ამის შემდეგ საბუთები გავგზავნე ამერიკულ უნივერსიტეტებში. სკოლის დამამთავრებელი წელი ძალიან კარგად მახსენდება, მოლოდინი – თუ რომელი უნივერსიტეტი მიმიღებდა და სად გავაგრძელებდი სწავლას. 11 უნივერსიტეტიდან 8 დადებითი პასუხი მომივიდა. რომელ უნივერსიტეტში წავიდოდი, უკვე ფინანსური დახმარება წყვეტდა. თუმცა მინდოდა, რომ ჩემს ოჯახს ნაკლები ხარჯი ჰქონოდა. დაფინანსების ძიებისას, შევიტყვე განათლების სამინისტროს პროექტის შესახებ და გავაგზავნე საბუთები. ინტერვიუს გავლის შემდეგ დამიკავშირდნენ და სასიხარულო ამბავი მაცნობეს. ასე მოვხვდი დასავლეთ პენსილვანიაში, ვაშინგტონისა და ჯეფერსონის კოლეჯში, სადაც უკვე ორი წელია ვსწავლობ.

რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტებიარის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების წახალისებასა და მათი მიღწევების დაფასებას. ჩემს უნივერსიტეტში არის გრანტების მოპოვების საშუალება. რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და მათთვის საინტერესო თემებს იკვლევენ. ასევე სტაჟირებისთვის გამოიყოფა ფულადი ჯილდო, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირების საშუალებაა. სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ გავიმარჯვე კონკურსში და მაქსველის ფონდის დაფინანსება მოვიპოვე. ასევე გავხდი გერმანული საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიური მოსწრების დამსახურებით. ასე რომ, ამერიკულ უნივერსიტეტებში ნამდვილად არის პრივილეგიების მოპოვების შანსი.

როგორ ფიქრობრა უპირატესობა აქვს ამერიკულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებითრა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისლექციებისა და პროფესორმასწავლებლების შესახებრა მსგავსება და განსხვავებაა ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის?

ვერ ვიქნები კომპეტენტური, თუ შევადარებ ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს, რადგან ქართულ უმაღლეს სასწავლებელში არ მისწავლია. ამერიკულ უნივერსიტეტებზე კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან საკუთარი თავის გამოვლენის ყველანაირი საშუალება ეძლევა სტუდენტს. რა თქმა უნდა, შეზღუდვები არის უცხოელი სტუდენტებისთვის, მაგრამ თუ ბევრს იმუშავებ და დაამტკიცებ, რომ იმსახურებ შანსს, ნამდვილად დაგიფასდება. აქ სამუშაოს დაწყებაც არ არის რთული. როდესაც სტუდენტი ხარ, ყველა ხელს გიწყობს, რომ რამე კარგი შექმნა და ახალი ინიციატივები წამოიწყო. ჩემი სამუშაოების გარდა კიდევ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, რომელიც მეწარმეობისა და პოლიტიკის კლასს უკავშირდება. პროფესორებიც ძალიან მეგობრულები არიან და მათი დახმარებით თავს საერთოდ არ ვგრძნობ უცხო გარემოში.

მიამბე შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. როგორც ვიცი, კოლეჯის რადიოს ერთ-ერთი შოუს – „გლობალური პერსპექტივები“ წამყვანი ხარ და ასევე, კოლეჯის გაზეთის „წითელი და შავი“ მიმომხილველი. მოგვიყევი შენი საქმიანობის, უფლება-მოვალეობების შესახებ… ვინ არიან შენი მსმენელები და მკითხველები?

ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ასაკში იმაზე ფიქრი, თუ რა გსურს აკეთო მომავალში. ვფიქრობ, ახალგაზრდობის წლები სავსე უნდა იყოს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტით, ამიტომაც მუდმივად ვცდილობ, ბევრ აქტივობაში ჩავერთო და გამოვცადო საკუთარი თავი. ვაშინგტონისა და ჯეფერსონის კოლეჯში სწავლის პარალელურად, ვარ ამ უნივერსიტეტის რადიოში, შოუს “გლობალური პერსპექტივები” წამყვანი, რომელსაც დასავლეთ პენსილვანიის მილიონზე მეტ მოსახლეზე აქვს წვდომა; სტატიებს ვწერ საუნივერსიტეტო გაზეთში “Red andBlack”, რომლის ძირითადი მკითხველები პროფესორები და სტუდენტები არიან, ასევე ვარ ორიენტაციის ლიდერი – ახალი სტუდენტების დახვედრა და დახმარება მევალება. გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნის დამსახურებით, დამხმარე მასწავლებლად დავინიშნე, კვირაში ოთხ საათს პირველკურსელებს ვეხმარები გერმანული ენის უკეთ ათვისებაში. რა თქმა უნდა, რთულია, სწავლასთან ერთად, ამდენი საქმის შეთავსება, მაგრამ თავად მსიამოვნებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა, ახალი გამოცდილებისა და მეგობრების შეძენა.

სოსო, პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” თანახმად, აგირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა ელჩად აშშ-ში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი და რის განხორციელებას გეგმავ პროექტის ფარგლებში?

მიხარია, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყო. ახალგაზრდა ელჩების მოვალეობაა, რომ საქართველოს სახელი გაიტანონ უცხოეთში და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენი ერის კულტურა გააცნონ. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიება გავმართე, მათ შორის ყველაზე წარმატებულად ქართული ღვინის საღამო მიმაჩნია, რომელსაც სამოცდაათამდე სტუმარი დაესწრო და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ქალაქ პიცბურგში საოცრად გაიზარდა. ასევე დავაფუძნე ქართული ახალგაზრდული ქსელი აშშ-ში. georgianyouth.net – ამ საიტით ვცდილობ, საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდო ამერიკელ ახალგაზრდებს.

ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება, ახალგაზრდა ელჩის რანგში, მაისში გავმართე, ქალაქ ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსა და ქართული ინტელექტკლუბის დახმარებით ჩავატარე ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი 9 სხვა ქვეყანას დაუპირისპირდნენ, სადაც ჩემმა კოლეგა ახალგაზრდა ელჩებმა, პარალელურ რეჟიმში, გამართეს ინტელექტუალური თამაში.

სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმიამბეროგორ ცხოვრობენ ამერიკელი ახალგაზრდებირა არის მათთვის პრიორიტეტულიროგორია ამერიკული სტუდენტური ცხოვრება?

ჩემს უნივერსიტეტში ყოველდღიური ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა. ბევრი ამერიკელი და უცხოელი მეგობარი მყავს, მათთან ერთად “უიქენდებზე” ძალიან სასიამოვნო დროს ვატარებ. როდესაც მეკითხებიან, როგორია ამერიკული სტუდენტური ცხოვრება, ვფიქრობ, ყველასთვის სხვადასხვანაირია. არიან სტუდენტები, რომლებსაც სულ წვეულებებისკენ გაურბით თვალი და არიან ისეთებიც, დროს მოგზაურობასა და ახალი მეგობრების შეძენაში რომ ატარებენ. რა თქმა უნდა, კარგია წვეულება და გართობა კამპუსის სამეგობროებში, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდები, რომ რაღაც ახალი გჭირდება, ეს რუტინა მოსაბეზრებელი ხდება. მე ბევრი მოგზაურობა მიწევს, ახალგაზრდა ელჩობის ფარგლებში, ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა ქალაქებს მეგობრებთან ერთად, რაც ამერიკაში ვარ, დაახლოებით, ათი შტატი მოვინახულე.

როგორ გესახება მომავალისად აპირებ დამკვიდრებასროგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

ჩემი დიდი სურვილია, საქართველოს წინსვლაში გარკვეული წვლილი შევიტანო. ნამდვილად მსურს, ჩემი ქვეყანა გაერთიანებული ვნახო და ის პრობლემები, რაც დღეს ხალხს აწუხებს, მალე მოგვარდეს. ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებულ გამოცდილებას საქართველოს მოვახმარ, თუმცა ვფიქრობ, ადრეა ჩემს გამოცდილებაზე საუბარი, რადგან მხოლოდ 19 წლის ვარ და კიდევ საფიქრალი მაქვს, თუ რისი გაკეთება მსურს და შემიძლია მომავალში. რაც შეეხება დამკვიდრებას, ჯერ მეორე კურსზე ვარ, წინ კიდევ ორი წელი მაქვს. ვგეგმავ, ბევრი ვიმოგზაურო, გარკვეულ პროექტებზე ვმუშაობ და იმედია, ყველაფერი გამომივა.

დაბოლოსროცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობსის ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზესაზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობმიგვიღებს ევროპა ისეთებს როგორებიც ვართთუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევსრა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულირაც ამერიკაში გატარებულმა პერიოდმა მოგცა?

ჩვენი ქვეყნის მისწრაფება ევროპისკენ და ჩრდილო-დასავლური ალიანსისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სწორი მიზანი აქვს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ჩემი გადმოსახედიდან, გადამეტებულია ქართული ღირებულებების უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც შორს დგას დემოკრატიისა და დემოკრატიული პრინციპებისგან. სირთულეები, რომელშიც საქართველოა, წარსულში დაშვებული დიდი შეცდომების ბრალია. ქვეყანას, რომელმაც სამოქალაქო და სამამულო ომები გამოიარა, ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მსოფლიოში მოწინავე პოზიციები ეჭიროს. ჩვენი ქვეყანა, ასე თუ ისე, ვითარდება და მიმაჩნია, რომ ახალი თაობა და ახალგაზრდული ინიციატივები დიდ როლს ითამაშებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. აქ გატარებულმა წლებმა სწორედ ის მასწავლა, რომ რა პრობლემებიც საქართველოშია, თვითონ დემოკრატიის აკვნად მოხსენიებულ ამერიკაშიც ხშირად გვხვდება. სტერეოტიპი, რომ ამერიკა უტოპიური ქვეყანაა, ნამდვილად მცდარია. აქ ძალიან ცხადად ჩანს, რომ ადამიანი თავისუფლად მოაზროვნე უნდა იყოს, ყველას და ყველაფერს გაგებით მოეკიდოს, იმის მიუხედავად, რამდენად ეწინააღმდეგება ეს მის პრინციპებს. საკუთარი შრომის ხარჯზე სწორედ ასეთი თვისებების მქონე ადამიანები აღწევენ ამერიკაში წარმატებას და დიდ პატივისცემასაც იმსახურებენ.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი