არც ერთი ქვეყანა არ ისახავს მიზნად პროფესიული განათლების მხოლოდ დისტანციურად მიწოდებას

7292

გვესაუბრება გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­­რის მოადგი­ლე თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი

✔ როდის დაიწყება პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია და შესაბამისად – სწავლა?

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია  დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისში დაიწყება, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა – ოქტომბრიდან. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა, ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, დაწესებულებებისთვის, ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი აამოქმედა.

✔ არის თუ არა დაწყებული პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლა? თუ არის, რამდენ კოლეჯში და თუ არა, როდისთვის იგეგმება და რა მეთოდით? ასევე, რა იყო ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც, თავიდანვე ვერ მოხერხდა პროფესიული სასწავლებლების დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაყვანა?

დავიწყოთ იმით, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები; ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ  სწავლის მხოლოდ ორი თვით გვიან დასრულება გამოიწვია, რაც  სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას საფრთხეს არ უქმნის.

პროფესიულ განათლებაში, როგორც მოგეხსენებათ, ორი ტიპის პროგრამები გვაქვს: მოკლევადიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით სრულდება და ტიპური კვალიფიკაციის შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც დიპლომით სრულდება.

უკვე დასრულდა მომზადება-გადამზადების პროგრამების ერთი ნაწილის მორგება დისტანციური სწავლების ფორმატზე და იწყება კიდეც რეგისტრაცია, ასეთებია, ძირითადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამები.  ასევე, მიმდინარეობს მუშაობა  სხვადასხვა პროგრამის ცალკეული კომპონენტის დისტანციურად მიწოდებაზე.  ვიმედოვნებთ, ამგვარი კურსების რიცხვი, მომდევნო თვეებში, სწრაფად გაიზრდება.

რაც შეეხება ე.წ. სადიპლომო პროგრამებს, ამგვარ პროგრამებზე პროფესიული სწავლების სრულად და მხოლოდ დისტანციურად განხორციელება წარმოუდგენელია. ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ასევე რეგულარულად ვეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. არც ერთი ქვეყანა არ ისახავს მიზნად პროფესიული განათლების მხოლოდ დისტანციურად მიწოდებას, ეს ვერც მოხერხდება, რადგან უმაღლესი და ზოგადი განათლებისგან განსხვავებით, პროფესიულ განათლებაში მისაღწევი სწავლის შედეგები უკავშირდება პრაქტიკულ სწავლებას რეალურ ან სიმულაციურ სამუშაო გარემოში, სახელოსნოში.

ამ მიმართულებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კოლეჯების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დარგობრივი ქსელები, ეს გახლავთ ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გავაერთიანეთ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). ისინი განიხილავენ ცალკეული პროგრამების სწავლის შედეგებს და მათი დისტანციურად მიწოდების პერსპექტივას, მეთოდოლოგიურ ასპექტებს და საჭირო რესურსებს. მხოლოდ ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგვეძლება, დანამდვილებით ვთქვათ, ამა თუ იმ პროგრამის შემთხვევაში, რომელი კომპონენტების მიწოდება შეგვიძლია დისტანციურად. ზედაპირული ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება, ძირითადად, ზოგად-სავალდებულო მოდულები, რომლებიც საკვანძო კომპეტენციების გამომუშავებას ისახავს მიზნად (უცხოური ენა, კომუნიკაცია, მეწარმეობა, მოქალაქეობა და ა.შ.). აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლის შედეგების ერთმანეთისგან მექანიკური გახლეჩა, თანამედროვე პროფესიულ პროგრამებში, შეუძლებელია, რადგან ჩვენი მოდულური პროგრამები სწორედ იმ უპირატესობით გამოირჩევა წინა თაობის პროგრამათაგან, რომ ის კომპლექსური კომპეტენციის მიღწევას ისახავს მიზნად და მასში შერწყმულია თეორია და პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ჯგუფების სამუშაო საკმაოდ რთულია, მათ კომპლექსურად უნდა გაიაზრონ  სწავლის ყველა შედეგი და მიაგნონ გზებს მათი იმგვარად მიღწევისა, რომ, საბოლოო ჯამში, პროგრამის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისის გაკეთება არ მოგვიწიოს.

ამ ანალიზის შემდეგ გამოვლინდება პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, მაისის ბოლოდან, დავიწყებთ გარკვეული მოდულების, კომპონენტების დისტანციურად მიწოდების პილოტირებას.

ასევე, გასათვალისწინებელია ის გამოწვევაც, რომელიც ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობებზე სტუდენტთა/მასწავლებელთა წვდომას უკავშირდება. კვლევები ცხადჰყოფს, რომ აღნიშნული გამოწვევა ჩვენი ევროპელი კოლეგების დღის წესრიგშიც მწვავედ დგას და ჩვენც აუცილებლად გავითვალისწინებთ საპილოტე პროგრამების შერჩევისას.

✔მასწავლებლებს, რომლებიც ჩართული არიან დროებით შეჩერებული სასწავლო პროგრამების განხორციელებაში, ეძლევათ თუ არა ანაზღაურება?

დიახ. სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულმა ყველა სასწავლებელმა სამინისტროსგან მიიღო რეკომენდაცია, საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით,  მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა მისცენ მიმდინარე პროგრამებში ჩართულ მასწავლებლებს, ისარგებლონ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულებით. ასეთი მასწავლებლების რიცხვი, მარტი-აპრილის თვეებში,  საშუალოდ, გახლავთ 700.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი