ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია – განათლება

1251

ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია, განათლების მიმართულებით, გახსნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. „ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ტელესკოლა“ ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში აკადემიური წელი, 2019-2020 სასწავლო წელი, არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი, დისტანციურად, ონლაინ, „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს.“ ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში.

„ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი, უკვე აჩვენა. თუმცა, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი რეაგირება, პირველი რეაქცია განათლების სისტემის კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. – აღნიშნა გიორგი გახარიამ, – მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. სისტემური რეფორმირება განათლების სისტემის, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს, ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებზე ორიენტირებული, სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება, ეს რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად.

 ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ არ იცის პოსტ პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და ჩვენი სტუდენტები იყვნენ მზად იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ეს არის ჩვენი მომავალი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული და წარმატებული.“

დატოვეთ კომენტარი