26 აპრილი, პარასკევი, 2024

„STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ასტროფიზიკოსი, „STARMUS“ ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.

შეხვედრისას მხარეებმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ნუნუ მიცკევიჩმა ფესტივალში ქართველი მეცნიერების ჩართულობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, არტურ მარტიროსიანმა და „STARMUS“ ფესტივალის თანადამფუძნებელმა, ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა ნუნუ მიცკევიჩს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება.

„STARMUS Festival – 6 Edition“, 5-10 სექტემბერს, ქალაქ ერევანში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის, რომლის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars), „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

„STARMUS“ ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ფესტივალის ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას. წლევანდელი „STARMUS“-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ასევე, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი იქნება.

საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი „STARMUS“ ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს. ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან.

ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა და მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დღეს „STARMUS“ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები