29 მარტი, პარასკევი, 2024

„PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით“ – ელექტრონული წიგნი მასწავლებლებისთვის

spot_img

25 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონული წიგნის „PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია ჩატარდა.

წიგნი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს პრაქტიკაში დანერგონ ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიდგომები წაკითხულის გააზრების შესახებ. ეს ინფორმაცია წიგნში რჩევებადაა მოცემული და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაშია შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი საზოგადოებას უცხოელ ავტორებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძე წარუდგინა. პრეზენტაციას დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო რამდენიმე ვორკშოპი კითხვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.

წიგნში, რომელიც კითხვის სტრატეგიებს ეძღვნება, მოყვანილია ხუთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მაგალითი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩენილია, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) წარმომადგენლები: მარიან ბრუგინკი; ნიკოლ სუარტი; ანელის ვან დერ ლი; ელიან სიგერსი. სახელმძღვანელო ინგლისურიდან ქართულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ითარგმნა

 

ინფორმაცია საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) შესახებ 

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო, კოოპერაციული საზოგადოებაა, რომელიც ეროვნული კვლევითი ინსტიტუტებისა და სამთავრობო კვლევითი სააგენტოებისაგან შედგება. ორგანიზაცია 1958 წელს დაარსდა ჰამბურგში, გერმანიაში. 60 წელზე მეტია განათლების სფეროში IEA მაღალხარისხიან, მასშტაბურ შედარებით კვლევებს ატარებს და ქვეყნებს განათლების სფეროს მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ეროვნული სტრატეგიების ჩამოყალიბებაში ეხმარება.  ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო პრაქტიკების გაუმჯობესებაში. 

ორგანიზაცია 60 წევრზე მეტ ინსტიტუტს აერთიანებს და კვლევებს მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს. 2022 წლიდან ასოციაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს შორის საქართველოს წარმომადგენელიცაა. ამ პოზიციაზე გასულ წელს ხორვატიაში საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA-ის) რიგით 63-ე გენერალური ასამბლეასადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აირჩია.

ინფორმაცია ავტორების შესახებ 

 დოქტორ მარიან ბრუგინკი მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. PIRLS-ის კვლევის გარდა, მონაწილეობს ბევრ სხვა ენობრივ და კითხვასთან დაკავშირებულ პროექტში. მისი ძირითადი მიმართულებაა საგანმანათლებლო რეკომენდაციების შემუშავება და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ენის სწავლებისათვის საჭირო მასალების შექმნა.  

დოქტორი ნიკოლ სუარტი წლების განმავლობაში მუშაობდა თემაზე – ლექსიკის როლი წაკითხულის გააზრებაში IV-VI კლასებისათვის. მას შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა კვლევით პროექტში, რომლებიც წაკითხულის გააზრებას ეხება, მათ შორის, PIRLS-2021-შიც.

ანელის ვან დერ ლი ჩართულია მეორე ენის ათვისებასა და შესწავლასთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის, ორენოვანი დაწყებითი განათლების ეროვნულ საპილოტე პროგრამაში და PIRLS-ის გუნდის წევრია. 

 პროფესორი დოქტორი ელიან სიგერსი რედბოუდის უნივერსიტეტის სწავლისა და ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელი და ტვენტის უნივერსიტეტის კითხვისა და ციფრული მედიის კათედრის ხელმძღვანელია (კითხვის ფონდის მეშვეობით).  ამავე დროს არის ჰოლანდიის ენების შესწავლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი; ერთენოვანი და ორენოვანი მოსწავლეებისათვის ჩაატარა რამდენიმე კვლევითი პროექტი წაკითხულის გააზრების მიმართულებით; ამჟამად მიმდინარე ჰოლანდიის PIRLS-ის კვლევაში უფროსი მკვლევრის პოზიციას იკავებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები