3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

KIU-ს კალათბურთის გუნდი ახალი ეტაპისთვის ემზადება

spot_img

სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს – „სტუდენტური იდეების დაფინანსების საგრანტო პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოაწყონ როგორც საგანმანათლებლო პროექტები, ისე კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრებები, ჰაკათონები, ფესტივალები, კლუბები და სხვა აქტივობები. უნივერსიტეტში უკვე არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება/განხორციელდა, მათ შორის: კალათბურთის კლუბი, ანიმაციის კლუბი, Georgian Rover Challenge KIU Club, Clevermind League, ალპური კლუბი “აილამა”, ფრენბურთის კლუბი, Competitive Programming Club, KIU Math Club, KIU Community, ფეხბურთის კლუბი.

ამჯერად ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტური პროექტის – “KIU კალათბურთის კლუბი” შესახებ გვინდა გიამბოთ. უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის  ჩამოყალიბების იდეა მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს – გიორგი ჭაბუკიანს და დავით ჯიშკარიანს 2020 წელს გაუჩნდათ. ახალგაზრდებს სურდათ, დაეარსებინათ საუნივერსიტეტო კლუბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვებოდა ჩემპიონატებში ქვეყნის მასშტაბით. იდეის განხორციელებისთვის სტუდენტებს ადამიანური და მატერიალური რესურსი სჭირდებოდათ. როგორც თავად აღნიშნავენ, სწორედ ამ დროს შეიტყვეს KIU-ს სტუდენტური პროექტების შესახებ. გიორგიმ და დათომ საინტერესოდ გაწერეს კლუბის ჩამოყალიბების კონცეფცია და მოიპოვეს კიდეც უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა. ეს დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით შესდგომოდნენ საქმეს.

კლუბის ჩამოყალიბებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენთან KIU-ს სტუდენტი, ასისტენტი მწვრთნელი დავით ჯიშკარიანი საუბრობს.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის დაარსების იდეა მე და გეგა ჭაბუკიანს კალათბურთისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო გაგვიჩნდა. საერთო ინტერესებმა და ამბიციებმა თავდაპირველად კლუბის ჩამოყალიბებაში, ხოლო შემდეგ მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. დღეისათვის კლუბში ბევრი რამ შეიცვალა როგორც როლები, ისე ორგანიზაციული კულტურა. მწვრთნელის ასისტენტობა თავისთავად ახალი გამოწვევაა ჩემთვის და იმედი მაქვს, საქმეს პროფესიონალურად გავართმევ თავს.

ამ ეტაპზე კლუბი ემზადება სტუდენტური “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის და დაანონსებული ზრდა აქაც დიდ წარმატებას გვიწინასწარმეტყველებს. წელს ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე კლუბის პოტენციალი კოლოსალურად გაიზარდა, მოთამაშეებმა დიდი პროგრესი განიცადეს შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე ძალიან კარგი ბიჭები შემოგვემატნენ. შესაბამისად, წელს არ განიხილება არცერთი ადგილი გარდა პირველისა”, – გვიყვება დავით ჯიშკარიანი.

KIU-ს საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბეშქენაძე გახლავთ. საკუთარი გამოცდილებითა და მიდგომებით მან მოკლე პერიოდში შეძლო კლუბის  გადაყვანა საჩემპიონო კონდიციებში.

“დღეისათვის მივიღეთ ახალწვეულები, წელს ჩარიცხული სტუდენტების სახით ჩავატარეთ შესარჩევი ვარჯიშები და ნელ-ნელა ვაყალიბებთ საბოლოო და ყველაზე ოპტიმალურ შემადგენლობას. პირველ რიგში საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი ჩემპიონატისთვის მოვემზადებით. შარშანდელი შედეგით ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, შეგვეძლო პირველი ადგილის მოპოვება, მაგრამ ობიექტურად, რომ შევხედოთ არათანაბარი პირობების გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ. განსაკუთრებით მიხარია, როდესაც მოთამაშეებისგან ვგრძნობ მონდომებას. საკმაოდ ძლიერი კლუბია, დიდი პროგრესი განიცადეს შარშანდელი სეზონის შემდეგ და წელს ადვილი გზა ნამდვილად არ გვექნება, მაგრამ თუ ასეთი ტემპით გავაგრძელეთ წინსვლა ჩვენი ჩემპიონობა გარდაუვალია”, – აღნიშნავს კლუბის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბეშქენაძე.

პროექტის ავტორის გიორგი ჭაბუკიანის თქმით, უნივერსიტეტის მხარდაჭერა გუნდს მოტივაციას უზრდის და მიზანთან აახლოებს.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოყალიბდა გუნდურობა. უნივერსიტეტის მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. ადრე მოთამაშეების უმეტესობა ამ პროექტს უყურებდა, როგორც ჰობის, დღეისათვის ეს დავძლიეთ და ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით. ჩემი აზრით, ზუსტად ეს ერთიანობა მიგვიყვანს საბოლოო წარმატებამდე“, – აცხადებს გიორგი ჭაბუკიანი.

კლუბმა წარმატებით იასპარეზა სტუდენტურ ლიგაში და მოიპოვა საპრიზო ადგილები. ახალბედა შემადგენლობამ ღირსეული მეტოქეობა გაუწია გამოცდილ გუნდებს. KIU-ს საკალათბურთო კლუბი ერთ-ერთ ძლიერ მეტოქედ განიხილება უკვე მოთამაშეებს შორის. თავდაუზოგავი შრომით ახალგაზრდები ემზადებიან მომავალი ჩემპიონატებისთვის. მათი მიზანი შარშანდელი გამოცდილების სწორად გამოიყენება და  ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები