გივი მიქანაძე: „რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება.“
„არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორები გასცემენ შესაბამის ნებართვას.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი – თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, „რეპეტიტორობა“ არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური და არასამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე შემდგარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ისინი თანხმდებიან სამუშაოს მიღმა გარკვეული აქტივობის ჩატარებაზე, შესაბამისად, სამართლებრივი სივრცე მას ვერ არეგულირებს.
„შეთავსებით დასაქმებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისები დიდწილად ეხება საგანმანათლებლო სივრცეს. ამის მიუხედავად, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში და ამისთვის იყენებენ „რეპეტიტორობის“ ინსტიტუტს, რომელიც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის და ვერ გახდება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი.
სპეკულაციური ხასიათი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ზვიად გაბისონია: „ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა.“
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა:
„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება,“ – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.









