21 ივლისი, კვირა, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

spot_img

 

 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

დილის 8 საათიდან აბიტურიენტებმა რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში გაიარეს და 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიაზე შევიდნენ. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოსაცდელთა 95%-მდე გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა 5-მა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, 15 საათზე  მეორე სესია დაიწყება.

9 საათზე, 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებს საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინება და დეტალურად გააცნო ის წესები, რომლებიც 2023 წლის გამოცდებზე იმოქმედებს.

‼️ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.

‼️ ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

‼️ მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

‼️ თბილისში გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 6 საათიდან 20 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

‼️ ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

‼️ აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

‼️ ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

♦ გამოცდის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;

♦ ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

♦ დაუძლეველი ძალის გამო.

‼️ აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

📢 ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე.

‼️ რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში, ერთდროულად, ზუსტად დილის 8 საათზე იწყება, ხოლო გამოცდა – 9 საათზე. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14 საათი, გამოცდის – 15 საათი.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი: „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული!

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!“

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები