19 აპრილი, პარასკევი, 2024

მთის სიყვარული დაავადებაა, თუ ერთხელ შეგეყარა მერე თავს ვეღარ დააღწევ, სხვანაირი ხდები

spot_img
ციალა გოგიტიძე
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. გოგინაურის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

 

 

 

დავიბადე და დღემდე ცხოვრების დიდი ნაწილი მთაში გავატარე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურში. ამჟამადაც აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ და ვზრდი ორ ვაჟიშვილს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მაღალმთიან სოფელში ცხოვრების სირთულეები, ბავშვობიდან დღემდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელების მიზნით, მხოლოდ რამდენიმე წლით დავტოვე სოფელი და სწავლის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ კვლავ ჩემს მშობლიურ სკოლას დავუბრუნდი, უცხო ენის (ინგლისური) პედაგოგად, სადაც უკვე 15 წელია ვმუშაობ. სამუშაოდ კვლავ მაღალმთიან სოფელში დაბრუნების სტიმული იყო მთის სიყვარული, აქაური ბუნების და ადამიანების სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რომელიც განსხვავებულია ბარად მცხოვრები ადამიანების ურთიერთობისა და სიყვარულისგან, რაც ალბათ, საუკუნეების განმავლობაში, მთის ცხოვრების სირთულემ და მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა ჩამოაყალიბა. აქ ხომ ერთმანეთის სიყვარულისა და გვერდში დგომის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ჭირის თუ ლხინის დროს. ასევე, ჩემი კვლავ სოფლად დაბრუნებით, მინდოდა სტიმული მიმეცა ადამიანებისთვის, რომ მიუხედავად მთაში ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სირთულეებისა აქაც არის შესაძლებელი ცხოვრება და საქმიანობა.

რაც შეეხება მაღალმთიანი სოფლების ყოფაცხოვრებას და აქ არსებული სკოლების მდგომარეობას დღეისათვის, ჩემი სოფლის მაგალითზე, შემიძლია გითხრათ, რომ სკოლაში სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია შესაბამისი პირობები სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის, მაგრამ ყოველწლიურად, უფრო და უფრო, დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფლის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, რაც ძირითადად გამოწვეულია სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციით, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების სიმცირით. ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის მიზეზი ეკონომიკური პრობლემები და მოსწავლეთა სკოლის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პირობების არარსებობაა. სოფლებში მოსწავლეებს არ მიუწვდებათ ხელი, რომ გაკვეთილების შემდეგ, დაკავდნენ სპორტით, მუსიკით, ცეკვით და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახების გარკვეული რაოდენობა, საკუთარი შვილების უფრო მეტად განვითარების მიზნით, ტოვებს სოფელს. შემცირებული მოსახლეობა კიდევ უფრო მეტ სირთულეს უქმნის მათ, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობს მთაში. მართალია, სახელმწიფოს მიერ, საკანონმდებლო დონეზე, გათვალისწინებულია გარკვეული პრივილეგიები და შეღავათები მაღალმთიან ზონაში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია შეჩერდეს. მაღალმთიან სოფლებში დგას ასევე იძულებითი იმიგრაციის პრობლემაც, სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გამო და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, სერიოზული პრობლემაა როგორც სოფლის სკოლებისთვის, ასევე ზოგადად სოფლისთვის და ქვეყნისთვისაც.

კონკრეტულად ჩემი სოფლის სკოლაში, ამჟამად, 40 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლის გარეშე კლასი არ გვყავს, ასევე, გვყავს ყველა საგნის მასწავლებელი, მაგრამ არის სოფლები, სადაც აღნიშნული პრობლემაც მწვავედ დგას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახელმწიფოს მხრიდან, ყველანაირი ხელის შემწყობი პირობები (სახელმძღვანელოები, ინტერნეტის ქსელი) გვაქვს, რათა მოსწავლეებმა სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლება მიიღონ სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ჩვენც, მაღალმთიანი სოფლების სკოლების პედაგოგები, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი მომავალი თაობის განათლების, განვითარების მიზნით. ჩვენი სკოლის არაერთმა კურსდამთავრებულმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განათლების ხარისხი მაღალმთიანი სოფლების სკოლებში არსებული სტანდარტების შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სკოლების მასწავლებლებს, პედაგოგიური საქმიანობის გარდა, უხვად გვაქვს საოჯახო საქმეებიც (ვინახავთ და ვუვლით პირუტყვს, ვეწევით სამეურნეო საქმიანობას, რაც არანაკლებ ენერგიას მოითხოვს), მაინც მოსწავლე, მისი განათლება და სხვადასხვა მხრივ განვითარება ჩვენთვის უპირველესია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეებთან, გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე და სასკოლო ღონისძიებებზე.

ერთ-ერთი ინგლისურის გაკვეთილი მივუძღვენი გარემოს დაცვას სხვადასხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებისგან, ნარჩენების დახარისხებას და მათ შემდგომ გამოყენებას. ამით ინტეგრირება მოვახდინე ბუნებასთან, ჩემი საგნის ფარგლებში. მოსწავლეები გავიყვანე ბუნებაში, სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილას, სადაც დაგვხვდა დატოვებული ნარჩენები. ვესაუბრე მათ და ავუხსენი თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნებაში დატოვებულ ნარჩენებს როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. მოსწავლეებმა ისწავლეს ახალი სიტყვა, ბუნებასთან დაკავშირებით, გავმართეთ დიალოგი არსებულ ნარჩენებზე და ბუნების დაცვაზე. პიკნიკის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, დავასუფთავეთ ტერიტორია ნარჩენებისგან. აღნიშნულით, შევეცადე მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლებას პრობლემის მიმართ, შეისწავლეს ახალი ინგლისური სიტყვები, გაუძლიერდათ ბუნებისა და მთის სიყვარული.

მოსწავლეთათვის ერთ-ერთი სირთულეა, დიდთოვლობის პერიოდში, სკოლაში სიარული, ნაწილს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს ფეხით თოვლიან გზაზე. განსაკუთრებით უჭირთ გადაადგილება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რაც მოსახლეობის მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია.

ზემოთ აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ვისურვებდი, რომ აღარ გაგრძელდეს მოსახლეობის მიგრაცია მაღალმთიანი სოფლებიდან და, შესაბამისად, მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირება; სოფლის სკოლებში მოსწავლეები არ განიცდიდნენ თანატოლთა სიმცირეს ისევე, როგორც ბარის სოფლებისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეები. მთის სიყვარული უძველესი დროიდან იპყრობს ადამიანის ყურადღებას, „მთა“ ასოცირდება ამაღლებასთან, სიწმინდესთან და ჩვენც, თითოეული ადამიანი, უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიწმინდეს, ნუ მივატოვებთ, ნუ ჩავთვლით, რომ მთაში, სოფლად, საქმის კეთება რთულია. ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები: თქვენი განათლება თქვენს მშობლიურ სოფელს მოახმარეთ, შეეცადეთ, ის კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ და მიიქციოთ სხვების ყურადღებაც.

ჩვენი აღქმები და წინასწარი განწყობები ხშირად გავლენას ახდენს მოსწავლის დამოკიდებულებებზე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა მრავალი კომპონენტისგან შედგება. ჩემი ურთიერთობა მოსწავლეებთან მეგობრული და მზრუნველობითია. მთელი ცხოვრება ვიქნები ჩემი მოსწავლეების გულშემატკივარი, ვალდებულად ვთვლი თავს, შევძინო მათ პროცედურული ცოდნა, რასაც ადეკვატურად გამოიყენებენ მომავალში. მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ თავისუფლად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, პრობლემურ სიტუაციაში ადეკვატურად გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები, რომლებიც დამკვიდრდებიან საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. მინდა გავიხსენო, ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის მისაბაძი დიდი ვაჟა-ფშაველა, რომელმაც მთის სიყვარულით ცხოველები და მცენარეებიც კი აალაპარაკა. იგი მოხვდა იმ ხუთეულ რჩეულ ქართველს შორის, რომელსაც მსოფლიო იცნობს. გავიხსენებ მისი ლექსის ნაწყვეტს „მთათ მითხრეს“:

მთათ მითხრეს: „ნუ დაგვივიწყებ,

კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;

ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,

ვინძლო აროდეს დაჰბერდე.

ასე რომ, მასწავლებლის მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, შევაყვაროთ ბავშვებს საგანი და, საგანთან ერთად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა ავუმაღლოთ, ვასწავლოთ სიკეთე, ბუნებისა და მთის სიყვარული, მივცეთ სწორი რჩევები და მომავალში აუცილებლად მივიღებთ ჯანსაღ თაობას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები