17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პანკისელი ამინას წარმატებული „ისტორია“ – აბიტურიენტი უმაღლესი შედეგებით

spot_img
პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ამინა ხანგოშვილი, ერთ-ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი, როგორც რესპონდენტიც მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი ინტერვიუ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და რეპეტიტორის გარეშე მიღწეულ შედეგებზე საუბარს გასცდა და ბევრი მნიშვნელოვანი თემითა და აქცენტით გაგრძელდა. ამინა თავის მომავალ გეგმებზე გვიყვება, მთავარ მიზანსაც გვანდობს – მისი სურვილია, თემმა და ხეობამ მისით იამაყონ, პროფესიაც სწორედ მათ დასაცავად აირჩია, სამართალმცოდნე გოგონა დაიცავს პანკისელებს და არა მხოლოდ მათ, რადგან ადამიანის უფლებები მისთვის ძალიან ღირებულია. სოციალური აქტიურობით კი, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას შეძლო საკუთარი თემისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, თანატოლებს „თავისუფალი სივრცე“ შეუქმნა, ხოლო პანკისელ ქალებს შრომა შეუმსუბუქა. მისი ყველა ფიქრი და სამომავლო გეგმა, საბოლოოდ, ისევ პანკისში იყრის თავს, თუმცა, ჯერ წინ დამსახურებული სტუდენტობა ელოდება.

 

წარმატების გასაღები

ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი წარმატების საწინდარი ისევ და ისევ დაუღალავი შრომაა, მხოლოდ ნიჭით ვერაფერს გახდები, თუ ბევრი არ იშრომე და თავს ძალა არ დაატანე. მეორე მხრივ, უმაღლესი შედეგებისთვის არც დიდი შრომაა საკმარისი, თავგანწირვაა საჭირო – ბევრი რამ გვერდზე უნდა გადადო, ბევრზე საერთოდ უარის თქმაც მოგიწევს, მაგალითად, მეგობრებთან გართობა თუ სხვა პირადი მოთხოვნილებები… მეც ბევრ რამეზე ვთქვი უარი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ამ ბედნიერებისთვის ნამდვილად ღირდა.

ეროვნული გამოცდების შედეგი

იმდენად კარგად ვიყავი მომზადებული, რომ ჩემთვის ეროვნული გამოცდები რთული არ იყო. ინგლისურში 80-დან 79 ქულა ავიღე, ერთი ქულა ესეში გამომაპარეს, ძალიან მეწყინა, რადგან, ფაქტობრივად, შეცდომა არ მქონდა. აბიტურიენტები ჯგუფებში წერდნენ, რომ მოსმენის ნაწილი გაუჭირდათ, ძალიან სწრაფი ჩანაწერი იყო და საკმაოდ ერთულათ მოსასმენი დავალება, მე კი ამ დროს ვფიქრობდი, რომ მე თვითონ ამაზე სწრაფად ვსაუბრობ. პირველივე მოსმენაზე ყველაფერი დავიჭირე და გადავედი მეორე დავალებაზე.

ვფიქრობ, იდეალურად დავწერე. გასაჩივრებაც მინდოდა, მაგრამ ყველამ მირჩია, რომ არ ღირდა წვალებად, რადგან ასეთ ქულებში ასპროცენტიან გრანტს მაინც მივიღებ.

ისტორიაში 60-დან 58 ქულა ავიღე, ერთი შეცდომა წყაროში გამეპარა და კიდევ ერთი ქულა ლოგიკურ კითხვაში დამაკლდა, თუმცა, ახლაც სწორად მიმაჩნია ჩემი ლოგიკით დაწერილი პასუხი. რაც შეეხება ქართულს – 70 ქულიდან 67 მივიღე. შესაბამისად, ძალიან თამამად ვამბობ, რომ თავისფალი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.

აბიტურიენტობას შეთავსებული სოციალური აქტივიზმი

რეალურად, ბოლოს არც კი მახსოვდა როდის მეძინა, როდის ვჭამე, ხანდახან ვიხსნებდი – როდის ვჭამე? ორი დღის წინ? საერთოდ, ყოველთვის ბევრს ვშრომობდი, ვმეცადინეობდი, ოქროს მედალოსანი ვარ, მაგრამ სკოლის პერიოდში, სწავლასთან ერთად, სხვა საქმიანობას ვეწეოდი. მათ შორის, სოციალური აქტივიზმი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხეობის და მისი ახალგაზრდების განვითარებისთვის ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული – სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგებსაც ვატარებდი, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაშიც“ ვიყავი ჩართული. ეს პროექტი 2020 წელს მოვიგეთ კიდეც და პრიზით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხეობაში პანკისელი ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცე გავხსენით – ეკოჰაბი, რომელიც იქცა ადგილად, სადაც ახალგაზრდები ვიკრიბებით, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვახალისებთ ახალგაზრდებს სხვადასხვა სოციალური საქმიანობისკენ. რეალურად, ეს არის სივრცე, სადაც ყველა ბარიერი დამსხვრეულია, სადაც უსაზღვრო თავისუფლებაა. ჩემი პრიორიტეტი სოციალური მეწარმეობაა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელ კლასებში ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მაინც მოვახერხე, რომ თავი არ დამენებებინა ასეთი ტიპის აქტივობებისთვის. ჩემი დიდი სურვილი იყო „გრინეკოტურის“ წარმოება დამეწყო ხეობაში, ეს იდეა რეალობად ვაქციე. შევადგინე ბიზნეს გეგმა, დავწერე პროექტი და თბილისში ერთ-ერთ კონკურსზე შევიტანე, უკვე ფინალში ვარ და გამარჯვებას ველოდები. ეს არის მწვანე პურის წარმოება საფუარის გარეშე, რომელიც ძირითადად ტყის რესურსით მზადდება. ეს არის ჩემთვის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის მიღწევა – ტყის რესურსების მდგრადი მართვა; პროექტის ფარგლებში, შშმ პირების დასაქმებასაც მოვიაზრებ, პლუს წარმოების განვითარებას, შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას; ამის გარდა, სოციალური ბალანსის დაცვა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, მოკლედ, ჩემი იდეა ბევრ რამეს აერთიანებს.

რეპეტიტორს უარი

რეპეტიტორთან არ მივლია და შესაბამისად, მომზადებისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსები არ დამიხარჯავს. სწორედ აქ აღმოვაჩინე, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობა – როცა გარე ძალის ზემოქმედების გარეშე, მარტო შენ გრძნობ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, ამას გაცილებით მეტი მიზანდასახულობა და შინაგანი ძალისხმევა სჭირდება. მეც სწორედ მიზანმა და შინაგანმა ძალისხმევამ შემაძლებინა საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება.

მართალია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან შედრებით, რეპეტიტორთან მომზადება ჩვენთან ნაკლები ღირს, მაგრამ თუკი პანკისელ მოსწავლეებს სხვადასხვა მოსამზადებელ კურსებს დაუფინანსებენ, როგორც ეს, მაგალითად, ინგლისურის ფონდის საშუალებით ხდება, ძალიან კარგი იქნება, ყველას მარტო ინგლისური ენის სწავლა ხომ არ აინტერესებს, შეიძლება სხვა ენების შესწავლაც უნდოდეს ვინმეს, ფრანგულის ან ჩინურის და ა.შ. ასეთი ტიპის ხელშეწყობას ნამდვილად ვისურვებდი ჩვენი ხეობის ახალგაზრდებისთვის.

USAID

მეათე-მეთერთმეტე კლასში USAIDის ერთ-ერთი ბენეფიციარი ვიყავი. იმ პერიოდში, პანკისელი ქალების ფიზიკური შრომის გასაიოლებლად, პროექტი დავწერე და ამ ორგანიზაციაში შევიტანე. პროექტი დამიფინანსეს. ჩვენთან ქალებს მატყლის გადამუშავება ხელით უწევდათ, რაც ძალიან დიდ ფიზიკურ შრომას უკავშირდება, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი რთულია. სწორედ ამას ეხებოდა ჩემი პროექტიც, მინდოდა, ქალებისთვის ავტომატური სარეცხი დანადგარი მეყიდა. USAIDის დახმარებით, ამ მოწყობილობის ყიდვა მოვახერხეთ და დღეს ისინი ამით სარგებლობენ. ამის გარდა, აქტიურად ვმონაწილეობდი USAIDის სხვადასხვა ტრენინგსა და პროექტში, პანკისელი ახალგაზრდების განვითარების კუთხით.

დედა

დედაზე პატარობიდან ძალიან ხშირად ვეჭვიანობდი, ვეუბნებოდი ხოლმე, შენი მოსწავლეები ჩემზე მეტად გიყვარს-მეთქი.ის საკუთარ პროფესიასა და საქმიანობაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, „გადამკვდარია“ საქმეზე. სასწაულებრივად უყვარს თავისი მოსწავლები, სამუშაო საათების მერეც უსასრულოდ შეუძლია მათთან ერთად ყოფნა, ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მეც ზუსტად ასეთი ვარ ჩემს საქმეში და ასე, დამოუკიდებლად, თანავარსებობთ. ყელაზე მეტად, რასაც დედაჩემში ვაფასებ, ის არის, რომ არასოდეს უცდია მას დავმსგავსებოდი. პირიქით, საოცრად დიდი თავისუფლება მომანიჭა ჩემს მიზნებში და გვერდზე გადგა, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მისი. ამიტომ გეტყვით, რომ მას ჩემზე არც პროფესიის არჩევისას და არც სხვა საქმის კეთების დროს არ მოუხდენია ზეგავლენა; თავს არასოდეს მოუხვევია თავისი იდეები, რომ შემდეგ მე მეკეთებინა. თუმცა, როგორც წარმატებული ადამიანი, ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო მუხტი იყო იმისა, რომ მეც წარმატებული ვყოფილიყავი სკოლაშიც და ნებისმიერ საქმეში, რასაც ავირჩევდი. ასეთი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ორივე ისე მოვდიოდით, რომ რაღაც საერთო მიზნები და მისწრაფებები გვქონდა, ხშირად ვემთხვეოდით ერთმანეთს. ბევრი პროექტიც გვაქვს ერთად განხორციელებული, მათ შორის, ნიკო კეცხოველის პრემიაზე მე გუნდის ლიდერი ვიყავი, ის – გუნდის ხელმძღვანელი და გამარჯვებამდე ერთად მივედით. ძალიან ტკბილად მახსენდება მომენტები, როცა ერთად ვმუშაობდით და ღამეებსაც ვათენებდით. თუმცა, იყო დრო, როცა ჩემი პირადი სივრცე მჭირდებოდა, რომელსაც ის ყოველთვის მიტოვებდა. ეს ბალანსი და ჰარმონია, ჩვენ ორს შორის, ყოველთვის ძალიან მომწონდა და, ვფქირობ, ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩემთვის დედა ნამდვილად მისაბაძი ადამიანია, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც პიროვნება და როგორც ძალიან მზრუნველი დედა. ახლა მას ვგულშემატკივრობ, „მასწავლებლის ეროვნული ჯულდოს“ ათეულში დასახელდა. ვუსურვებ გამარჯვებას, ეს ჩვენი ხეობისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. საერთოდ, ოჯახში ძალიან გამიმართლა. მახსენდება, როგორ მთხოვდა ხოლმე მამა, დამეძინა და დამესვენა, ძმები კი, კარზე როგორ მიკაკუნებდნენ, როცა ვმეცადინეობდი – ამინა, ყავა ხომ არ გინდაო. ჩვენ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევს. ბუნებრივია, ასეთი ხელშეწყობა ოჯახის წევრებისგან, ამ შემთხვევაში, აბიტურიენტობის დროს, კიდევ უფრო ზრდის მოტივაციას, მათი მზრუნველობა შენი წარმატებით დაუბრუნო.

სტერეოტიპების პირისპირ

ბევრი სტერეოტიპი დაიმსხვრა და კიდევ იმსხვრევა ჩვენს ხეობაში, თუნდაც ჩემნაირი აქტიური ახალგაზრდები რომ გამოდიან ასპარეზზე, ეს ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას. რაც მთავარია, ტოლერანტობა უფრო გაიზარდა, თუმცა, როგორც ვამჩნევ, ეს უფრო განათლებულ ადამიანებშია. ამ ეტაპზე, შეხება სწორედ ასეთ ადამიანებთან მაქვს და ამიტომ უფრო თამამად და კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. თუმცა, სამწუხაროდ, მეც მქონია მწარე გამოცდილება წარსულიდან, როდესაც ქუჩაში შემხვედრი ადამიანების ზედმეტი ყურადღების ობიექტი გავმხდარვარ, ჩემი ვიზუალის გამო – ჩემი ჩაცმულობა ზედმეტ ყურაღებას იწვევდა, რაც, ცხადია, არ მომწონდა. მაგრამ, ვფქირობ, ახლა უკვე უფრო მეტად განათლებულ საზოგადოებაში ვცხოვრობ, იმ საზოგადოებაში, სადაც ეს პრობლემა, საბედნიეროდ, აღარ მაქვს.

აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ტრადიციები და სტერეოტიპები, რადგან სტერეოტიპების ტრადიციებში არევა ხშირად იწვევს გაუგებრობას. ქისტებს მართლა უნიკალური ტრადიციები აქვთ და ეს ძალიან მომწონს. მართალია, ფუნდამენტური ისლამის მიმდევარი ვარ, მაგრამ ეს არანაირად არ მიშლის ხელს, ვიყო ტრადიციული ადამიანი.

 რა სჭირდებათ პანკისელ ახალგაზრდებს

ნებისმიერ ახალგაზრდას რომ ჰკითხოთ, ალბათ, სხვადასხვა პასუხს მიიღებთ, რადგან პანკისის ხეობაში, ჩემი აზრით, ძალიან მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ახალგაზრდები ცხოვრობენ – ზოგს უნდა, რომ ფეხბურთის სტადიონი გვქონდეს, ზოგს – წიგნები, ზოგს – სხვადასხვა სახეობის სპორტული სექციები… ჩემი აზრით, პანკისში ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭები გვყავს სპორტის მიმართულებით, ამიტომ, ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა სახეობების სპორტული წრეებისა და სექციების გახსნა, არჩევანს თვითონ გააკეთებენ ინტერესების მიხედვით. ერთადერთი ძიუდოს წრეა, მაგრამ ყველას ხომ არ აინტერესებს ძიუდო და ყველა ძიუდოისტი ხომ ვერ იქნება. სასურველია, მათ სხვადასხვა კუთხით განვითარების შანსი მიეცეთ. სკოლაში ვუყურებდი როგორ ეჯიბრებოდნენ ბიჭები ერთმანეთს მკლავჭიდში და რადგან მკლავჭიდის მაგიდა არ ჰქონდათ, ხშირად მკლავს იზიანებდნენ ხოლმე. პროექტი დავწერეთ, დაგვიფინანსეს და ბიჭებს მკლავჭიდის მაგიდა შევუძინეთ.

ინტერესთა სფერო იმდენად ფართოა, რომ ერთ კონკრეტულზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ შემთხვევაში, წიგნების ნაკლებობა მქონდა. კითხვა ძალიან მიყვარს და წიგნების მოძიება და კითხვა ელექტრონულად მიწევდა. ამიტომ, სულ მინდოდა, უფრო მეტად მქონოდა წიგნებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენ არ გვაქვს წიგნებით გადაჭედილი ბიბლიოთეკა… ამის გარდა, სულ მინდოდა, რომ თავისუფალი სივრცე გვქონოდა, სადაც შევიკრიბებოდით და უბრალოდ, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებდით. როგორც გითხარით, ეს ოცნება ავიხდინე და თვითონ შევქმენი ალტერნატიული სივრცე.

თავისუფლება, კლიშეების და ბარიერების გარეშე

ჩემთვის წიგნი ძალიან თავისებური სამყაროა, ყველა წიგნში განსხვავებულ ღირებულებას აღმოვაჩენ ხოლმე, სწორედ იქ არის თავისუფლება საზღვრების გარეშე, სადაც შემიძლია უკიდეგანოდ ფრენა. კლიშეების და ბარიერების გარეშე, წიგნებში ვპოულობ თავისუფლებას, ნაწარმოების არსში ჩაღწევა კი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. საოცრება. ამჟამად დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიას“ ვკითხულობ, რომლის წაკითხვა ერთი წლის წინ მინდოდა, მაგრამ აბიტურიენტობის გამო ვერ მოვახერხე. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა წიგნები, რომლებსაც ჩემში უდიდესი ტრანსფორმაცია მოუხდენით, ამას ხელახლა დაბადებასაც ვეძახი ხოლმე. ერთხელ მასწავლებელმა მთხოვა, გამემხილა რომელი იყო ეს წიგნი. მაშინაც და ახლაც ამას ჩემს პატარა საიდუმლოდ ვტოვებ.

წარსულიდან აწმყომდე

ჩეჩნეთი ჩვენი ოჯახისთვის, ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილია, ამავდროულად, წარსულის გახსენება უდიდესი სიამაყეცაა. მე არასოდეს არსად არ დავმალავ და ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი ვინ ვარ. არც იმას დავმალავ, რომ ვგიჟდები საქართველოზე, მართლა ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და მას ჩემს სამშობლოს ვუწოდებ. ეს მართლაც ჩემი სამშობლოა, მე საქართველოში დავიბადე. მაგრამ ვამბობ იმასაც, რომ ორი სამშობლო მაქვს. მართალია, ეს ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ჩემთვის ორი სამშობლო არსებობს: ერთი – ჩემი წინაპრების სამშობლო – ჩეჩნეთი, ანუ ჩვენი წარსული და მეორე – ახლანდელი და მომავალი სამშობლო – საქართველო; მომავალი, რადგან მე ჩემს მომავალს აქ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთთან რაღაც უხილავი ძაფები მაკავშირებს და ამას მუდმივად ვგრძნობ, მაინც არასოდეს მქონია მიზნად, იქ ვიცხოვრო. ჩემს მომავალ პესრპექტივას საქართველოს ვუკავშირებ, ისევ და ისევ – პანკისის ხეობას და მის განვითარებას.

ამინას შემდეგი მიზანი

მე ძალიან რეალისტი ადამიანი ვარ, არასოდეს ვამბობ რამეზე, რომ ეს უბრალოდ ჩემი ოცნებაა და იქამდე შორია. თუ რამე მინდა, ოცნებად არასოდეს ვაქცევ, მიზნად ვისახავ და ვაღწევ – ეს ჩემი ცხოვრების სტილია. მართალია, უსაზღვროდ ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ ხშირად ეს ამბიციები სასიკეთოდ მეხმარება. მაგალითად, გამიჩნდა ამბიცია, რომ უმაღლეს ქულებზე ჩავაბარებდი ეროვნულ გამოცდებს, შემდეგ ეს ამბიცია მიზნად ვაქციე, მიზანი – რეალობად, ასპროცენტიანი გრანტი ავიღე და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავირიცხები (ჯერ შედეგები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ მონაცემებით ჩარიცხული ვარ).

თუმცა, ახლა ჩემს შემდეგ მიზანს გაგიმხელთ – ჩემი სურვილია, ჩემმა თემმა და ხეობამ ჩემით იამაყოს. ეს – გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლო მომავალში კი, ჩემი ყველზე დიდი მიზანია, გავხსნა სოციალური საწარმო და დავიწყო ჩემი „გრინპურის“ წარმოება, ხეობაში დავასაქმო შშმ პირები, ასევე, ახალგაზრდები; მინდა, ჩვენი ხეობა სხვადასხვა რეგიონებთან დავაკავშირო და ამით ინტეგრაციის პროცესს შევუწყო ხელი.

პროფესიის არჩევანი

პროფესიის არჩევა ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემა იყო და გეტყვით, რომ ბევრი სხვადასხვა ღირებულების გამო მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავიცავდი ამ სამყაროში, რელიგიის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე დიდ ღირებულებას – ადამიანს, მის უფლებებს და ჩემთვის უფლებების დაცვა იქნებოდა ყოველთვის პრიორიტეტული. ჩემთვის უსამართლობის მსხვერპლის დაცვა ყველაზე დიდი პრიორიტეტია და ამიტომ მინდა, ჩემი ხეობის ხალხს, როცა მათ სამართლის მიღწევაში დავჭირდები, დავეხმარო. ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები