24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსი – განათლების ახლებური ხედვა

spot_img

კოვიდ-19-ის პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის ფონდისა და საქართველოს განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც CK-12-ის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას ისახავდა მიზნად.

შეიქმნა ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge, რომელიც უზრუნველყოფს STEM საგნების ადაპტირებულ ციფრულ წიგნებზე წვდომას დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პროექტში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთო, ისინი წარმატებით იყენებენ ამ რესურსებს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის იუნისეფთან და განათლების კოალიციასთან თანამშრომლობით, ონლაინ პორტალის მომზადებას და ციფრული პროგრამებისა და რესურსების კონსოლიდირებასა და პოპულარიზებას, რაც ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკითაა გათვალისწინებული.

11 დეკემბერს, CK-12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაციისა და მათი სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის მიზნით, გაიმართა კონფერენცია „CK-12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“.

კონფერენცია ორგანიზებული იყო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, CK12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია.

კონფერენციაში STEM საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა) 200-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა, მთელი საქართველოდან. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და CK-12-ის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნეერუ ხოსლამ, ხოლო ქართული CK-12 პლატფორმის რესურსების ავტორებმა და კონსულტანტ-მასწავლებლებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, CK-12-ის ელექტრონული სახელმძღვანელოების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის თაობაზე.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც პენდემიამ შექმნა, იმედია, ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული რესურსების დეფიციტის აღმოფხვრაში, რეალურად პროექტის მიზანიც ეს არის. „კრიზისს უნდა შევხედოთ არა როგორც ნეგატიურ მოვლენას, რომელსაც უნდა გადავურჩეთ, არამედ როგორც შესაძლებლობას, მოვძებნოთ ახალი გადაწყვეტილების გზები.“

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობა და ყველაზე მეტად ყველაზე დაუცველი ბავშვები დააზარალა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, ასეთი დაბრკოლებები, ასევე, გვიხსნის უნიკალურ შესაძლებლობებს, თავიდან გავიაზროთ თითოეული ბავშვისთვის მომავალი. სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია განათლების ახლებური ხედვა, სწავლისა და უნარების განვითარებაში რევოლუციური ძვრების მოსახდენად, ამისათვის კი, საქართველოში, ყველა ბავშვისთვის ციფრული სწავლებისა და ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაა საჭირო. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებზე. მასწავლებლებს მოვუწოდებთ, ყოველდღიურად, თავიანთ საქმიანობაში გამოიყენონ აღნიშნული რესურსები, რათა გაკვეთილები უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადონ.“

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ს უკვე 15-წლიანი ისტორია აქვს (2007 წელს დაარსდა) და დამაარსებლებისთვის იმთავითვე იქცა მთავარ მიზნად მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც საშუალებას აძლევთ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“. დღემდე, CK-12-ის რესურსებით, მსოფლიო მასშტაბით, 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480%-ით გაიზარდა.

კონფერენციაზე ჩართვისას ნეერუ ხოსლამ, CK-12ის ფონდის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ წლების წინ, როდესაც პლატფორმის დაარსებაზე ფიქრობდა, უნდოდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მისი გამოყენებით, მსოფლიოს ყველა ბავშვს მიეცემოდა შესაძლებლობა, მიეღო ისეთი განათლება, როგორიც სჭირდებათ, რომ შემდეგ ყველა მოვლენას თუ პრობლემას, რომელსაც ცხოვრებაში წააწყდებიან, იოლად გაუმკლავდნენ. „აი, სწორედ ამ სურვილით დაიბადა ფონდის დაარსების იდეა. საბედნიეროდ, შეიქმნა გუნდი, რომელიც შემომიერთდა და სწორედ ისინი წარუძღვნენ ამ ძალისხმევას. მრავალი მოსწავლე ჩაერთო პლატფორმაში, ბოლო წლების განმავლობაში, 250 მილიონზე მეტ მოსწავლესა თუ სწავლის მძებნელს დავეხმარეთ, რასაკვირველია, ეს კოლექტიური ძალისხმევა იყო. ძალიან სასიხარულოა, რომ დავინახეთ საქართველოს გუნდის – იუნისეფის წარმომადგენლობა საქართველოში, განათლების სამინისტრო, განათლების კოალიცია – ერთად დგომა და მცდელობა, შეექმნათ ის პოტენციალი, რაც ამ ძალისხმევას წინ წასწევდა. ჩემთვის განსაცვიფრებელია იმის დანახვა, თუ როგორ შესრულდა უკვე, თქვენი მხრიდან, ჩემი ხედვის დიდი ნაწილი თუ არა, გარკვეული ნაწილი მაინც. თავისთავად, ბავშვები, რა თქმა უნდა, საუკეთესო განათლებას იმსახურებენ, ამიტომ ამ განათლების საფასური და ხელმისაწვდომობა მათთვის პრობლემა არ უნდა იყოს. სასწავლო დაწესებულება ის ადგილი უნდა იყოს, სადაც მათ, ხარისხიანი განათლების მისაღებად, ყველა სერვისს მიაწოდებენ. მრავალმა ქვეყანამ გაითავისა ეს იდეა და, რაც მთავარია, დაინახეს, რომ შეძლებენ ამის გაკეთებას და მსგავსი პლატფორმის გამოყენებას – ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, დაეხმარებათ ბავშვებს და დაეხმარება სამყაროს, გახდეს უკეთესი ადგილი საცხოვრებლად.

მართალია, ერთი მხრივ, პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ მეორე მხრივ, განათლება, მსოფლიო მასშტაბით, კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა. მე ვნახე როგორ განიცადა პროგრესი განათლების სისტემის განვითარებამ ინდოეთში. უამრავი ადამიანია, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ამისათვის და იმედი მაქვს, ძალიან მალე, საქართველოს მოსწავლეებიც, ისევე როგორც მასწავლებლები, კარგ მიღწევებს აჩვენებენ. ფონდის თანადამფუძნებელი რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, რომ დღეს კარგი დღეა! ფაქტობრივად, თუ გვინდა რაღაცის გადააზრება და ამა თუ იმ პროცესზე ახლებური წარმოდგენების შექმნა, უნდა გვწამდეს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ – ხელმისაწვდომს გავხდით ყველა მოსწავლისთვის განათლებაზე დროულად წვდომას. სწორედ ამის უზრუნველყოფას ვცდილობთ, ეს არის იდეა, რომელიც CK-12 პლატფრომის მიღმა დგას.“

ფონდის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მოუწოდა, არ შეჩერდნენ და უკან არ დაიხიონ, გააგებინონ მათ კიდევ რა სახის დახმარებაა საჭირო მათი მხრიდან, რომ ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროგრესსა და წინსვლაში შეუწყონ ხელი. „ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ, მუდმივად ვადევნებთ თვალს როგორ ვთანამშრომლობთ და როგორ ვაძლევთ პროექტს განვითარების შანსს. არ უნდა შეჩერდეთ! მოდი, ამ მისიას ხანგრძლივვადიანი პერსპექტივიდან შევხედოთ და ასეთ შემთხვევაში, პლატფრომის გამოყენებას, რა თქმა უნდა, მრავალი წლის მანძილზე შევძლებთ,“  – აღნიშნა ნეერუ ხოსლამ.

მისივე განცხადებით, საქართველოში, ამ მეთოდის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა ირინა ხანთაძის, სარა ფულერის ჯგუფისა და იმ ავტორების გარეშე, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს პლატფრომის შესაქმნელად. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ. იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ თქვენი პირველი ვერსიის შექმნას,  შესაძლოა, უკეთესი ვერსიებიც კი შექმნათ, რადგან ჩვენ წინ მივდივართ. ძალიან საინტერესო იქნება კონფერენციაზე იმის მოსმენა და რეალურად დანახვა, თუ როგორ მუშაობს სისტემა ან როგორ აპირებთ ამის გაკეთებას. ფაქტობრივად, პროექტის ფარგლებში, მსოფლიო მასშტაბით, ამ პლატფორმის დახმარებით სწავლისას, ბევრმა მოსწავლემ გამოავლინა ნიჭი და იმედი მაქვს, რომ ქართველი მოსწავლეებიც გაიზიარებენ ამას. ჩემი ოცნებაც მაშინ ახდება,“ – განაცხადა ნეერუ ხოსლამ.

       

კონფერენციაზე, CK-12-ის რესურსების განვითარებისა და პოპულარიზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების კოალიციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე, განათლების კოალიციასა და ა(ა)იპ „სტემ მასწავლებელთა ასოციაციას“ შორის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ სასკოლო განათლების ასწლიან კრიზისზე ისაუბრა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში 1921 წლიდან შეიქმნა, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.

„70 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიხდებოდა მოვრგებოდით განათლების სისტემას, რომელიც არ იყო ჩვენთვის ორგანული, შემდეგი 30 წლის განმავლობაში კი, ვცდილობდით, გამოგვესწორებინა ის ზიანი, რომელიც წინა პერიოდში მივიღეთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასი წლის შემდეგ ვუყურებთ უმთავრეს გამოწვევას – როგორ მოამზადოს სკოლამ კარგი მოქალაქეები საქართველოში. დღეს სკოლის ნომერ პირველი ამოცანაც ალბათ ეს არის. მოქალაქეობაში ვგულისხმობ როგორც ცოდნის გადაცემას სამყაროზე, სოციალურ საზოგადოებაზე, ისე გარკვეული ტიპის უნარების გადაცემას, მაგალითად, თანამშრომლობის, რომლის საოცარ ნაკლებობასაც ვხედავთ ქვეყანაში. იმის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ყველაზე მეტად მოქალაქეობის ასპექტით გვიჭირს, ჩვენი მარავალბინიანი სახლებია – როდესაც ვხედავთ გაწკრიალებულ ბინებს და დაბინძურებულ სადარბაზოებს. რატომ? იმიტომ, რომ ოჯახმა, ღირებულებებით, გადასცა ახალ თაობას, რომ სახლი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ ის მოქალაქეობის ასპექტი, რომ ზოგადი, საყოველთაო თუ გაზიარებული სივრცეც ჩვენი მოსავლელია, ამის გადაცემა და ჩანერგვა არ მოხდა. ეს ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, ამის მსგავსი კიდევ ბევრი გვაქვს. ამ ისტორიულ კრიზისს, ბოლო ორი წელია, გლობალური კრიზისი დაერთო – პანდემიის კრიზისი, რომელიც მართლაც მძიმედ დააწვა მხრებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებს. უნივერსიტეტში, თითქმის ორი წელია, მასობრივ შეკრებებს ვერ ვატარებთ, რასაც ძალიან განვიცდით ყველანი – პროფესორები, სტუდენტები, ადმინისტრაცია, ყველა, ვისაც შეგვტკივა გული უნივერსიტეტზე. არანაკლები პრობლემები დგას სკოლების წინაშე. ამ ორი პრობლემის – ისტორიულის და გლობალურის – გადაკვეთაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება დაიბადოს ახალი დასაწყისის იდეა, რომელიც უბრალოდ ძველის ნორმალიზაცია არ იქნება.

ჩვენ გლობალურმა კრიზისმა უნდა გვიბიძგოს, თავიდან, ახლიდან დავიწყოთ საქმიანობა და მსჯელობა იმის თაბაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სკოლა და სასკოლო განათლება და არა იმაზე ფიქრი, როგორ დავუბრუნდეთ ორი წლის წინანდელ მდგომარეობას. სხვათა შორის, სადაც საფრთხე არის ხოლმე, იქვეა გადარჩენაო, ამბობდა ერთი დიდი პოეტი და გადარჩენა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმ ტექნოლოგიურ საშუალებებშია, რომელიც მოდერნიზაცის პროცესმა მოიტანა. შესაბამისად, დღევანდელ დღეს ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიურ საშუალებებს სკოლაში არა მხოლოდ იმისთვის, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემები დავძლიოთ, არამედ ისტორიული პრობლემებიც.

ძალიან მოხარული ვარ და არ მიკვირს, რომ განათლების კოალიციამ დაიწყო ეს პროექტი, რადგან ისედაც თუ რამე ხდება განათლების სფეროში, პირველ რიგში, სწორედ ეს ორგანიზაციაა ხოლმე ინიციატორი; ასევე, იუნისეფი და მასწავლებლის სახლი აქტიურად არიან ჩართული პროცესში. სწორედ მსგავსი ინიციატივებით უნდა მოვახერხოთ, რომ კრიზისიდან უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ და არა დასუსტებულები. თვითონ სიტყვა კრიზისს ორმაგი ეტიმოლოგია აქვს ბერძნულში – ერთია ავადმყოფობის პიკი, მაგრამ მეორე მნიშვნელობით – განსჯა, გადაწყვეტილების მიღება. ჩვენც ოდესმე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ თავიდან დავიწყოთ და ყველაფერი, რაც კარგი გვაქვს, ახალ სისტემაში გავაერთიანოთ. ის მოლოდინი, რაც დაკავშირეულია CK-12-ის პროგრამასთან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სკოლას მოიცავს, შესანიშნავ შესაძლებლობად ვაქციოთ ახალი დასაწყისისთვის.“

რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს სისტემას – მასწავლებლებს და მოსწავლეებს CK-12-ის პლატფორმამ? – ამის შესახებ უშუალოდ პროექტის მონაწილე მასწავლებლები საუბრობენ, რომლებიც არა მხოლოდ თავინთ სკოლებში ნერგავენ სიახლეს, არამედ კოორდინირებას უწევენ „მიმდევარ“ მასწავლებლებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.

გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიის მასწავლებელი ლაურა ჯიმშელეიშვილი ამბობს, რომ პლატფორმა ძალიან დროული იყო მასწავლებლებისთვის, რადგან პანდემიის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში სწავლებისას, ციფრული რესურსების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. „ დღეს ციფრული რესურსის მიწოდება მოსწავლეებისთვის აუცილებელია იმისათვის, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო და ვიზუალური გავხადოთ. ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ, ამიტომ ამ საგნის სწავლების შესახებ ვისაუბრებ – ბილოგიაში ისეთი პროცესებია, რომლის აღქმა და წარმოდგენა მოსწავლეს უჭირს. CK-12-ზე განთავსებული რესურსები კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსწავლეებისთვის უფრო აღქმადი გახადოს პროცესები, რომლის დაკვირვება თვალით შეუძლებელია. განსაკუთრებით საინტერესოა ერთი რესურსი – პლიქსი (ეს არის თამაშით სწავლების აბრევიატურა). თამაშით სწავლების ელემენტი მოსწავლეს აძლევს საშუალებას, თვითონ შეძლოს პროცესის რეგულირება და გახდეს უშუალო მონაწილე. იქვეა შემოთავაზებული დამხმარე ტექსტი, რომლის საშუალებითაც, ის კიდევ უფრო მეტად განიმტკიცებს ცოდნას. ეს რესურსი არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის არის ინსტრუმენტი, არამედ მოსწავლეებისთვისაც სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიმდევარ მასწავლებლებსაც, ვისთანაც კი მომიხდა მუშაობა, ეს პლატფორმა ძალიან მოსწონთ. 8 მიმდევარი მასწავლებელი მყავს სხვადასხვა რეგიონიდან (კახეთი, გურია, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი), თბილისიდან მხოლოდ ერთი მასწავლებელია. ჩემს სკოლაშიც მიწევს სხვადასხვა კათედრასთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ერთმა კათედრამ კი არ დაგეგმოს და იმუშაოს ამ რესურით, არამედ ყველა კათედრისთვის იყოს ხელმისაწვდომი. განსაკუთრებით მოსწონთ მათემატიკოსებს, იმიტომ, რომ მათთვისაც კარგი აღმოჩნდა პლიქსის ანიმაციებით სწავლება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის სივრცე, სადაც მასწავლებლისთვის ერთადაა თავმოყრილი კონკრეტულ თემაზე უამრავი რესურსი როგორც ნარატივის სახით – სხვადასხვა ტექსტი და ინფორმაცია, ასევე ვიდეომასალები, ანიმაციები, სიმულაციები, რაც, როგორც გითხარით, არაჩვეულებრივი რესურსია მასწავლებლისთვის.

ნესტან მიქაძე, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის მონაწილე, წალკის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლისა და სოფელ ხარების საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი: „წელს მოვხვდი განათლების კოალიციის CK-12-ის პროექტში, რომელიც საუკეთესო საგანმანათლებლო თანამედროვე პლატფორმაა. თავისთავად, ეს რესურსი ვერ იქნება ძირითადი სახელმძღვანელო, მაგრამ საუკეთესო დამხმარე სახელმძღვანელოდ ნამდვილად შეიძლება გამოვიყენოთ. პროექტი ახალი დაწყებულია და ვფიქრობ, მომავალში, კიდევ უფრო დაიხვეწება იმ მიმართულებით, თუ როგორ დანერგოს ის საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელმა. პირადად მე, მოვიფიქრე ერთ-ერთი ვარიანტი, როგორ დავნერგოთ CK-12 ის პლატფორმა – ეს არის შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი. ბავშვებს მასალას წინასწარ ვაძლევთ თიმსის საშუალებით, ისინი სახლში ეცნობიან ახალ მასალას და ამით მეზოგება დრო გაკვეთილზე – ბავშვს ახალი თემის ირგვლივ გარკვეული ინფორმაცია მეტ-ნაკლებად უკვე აქვს და განმამტკიცებელი კითხვებით გაკვეთილი უფრო პროდუქტიული გამოდის.

ონლაინ რესურსი დატვირთულია როგორც თეორიული საკითხებით, ისე სიმულაციებით, ანიმაციებით, მოკლედ, ყველანაირი სიკეთეა მასში, რომ ონლაინ სწავლებისას გამოვიყენოთ. ალბათ, კოალიციამაც სწორედ იმიტომ იზრუნა ამ ტიპის რესურსის შექმნაზე, რომ დისტანციური სწალების პროცესში ხელი შეეწყო მასწავლებლებისთვის. რეალურად, ამ პლატფორმის დახმარებით, მასწავლებელს მზა მასალა აქვს, რომ იოლად აღმოფხვრას დისტანციური სწავლებისას წარმოქმნილი დანაკარგები.“

ხათუნა ტოტოჩავა, ბათუმის №1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი: „CK-12-ის პლატფორმა ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა მასწავლებლებისთვის, მოწოდებული რესურსები სასწავლო პროცესში გამოიყენონ და მოსწავლეებიც აქტიურად ჩართონ. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ელექტრონული რესურსების დეფიციტი გვაქვს, მით უფრო ბიოლოგიის მიმართულებით. ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ამა თუ იმ თემაზე, ვიდეომასალის გამოყენებით. ინტერაქტიური თამაშებით თავად შეუძლიათ შეამოწმონ საკუთარი ცოდნა. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს სახალისოს ხდის მათთვის. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის კი, გაკვეთილების დაგეგმვის დროს, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების საუკეთესო საშუალებაა. მიმდევარ მასწავლებლებისთვის, ახლა, სასკოლო სივრცეში უკვე არა მარტო სახელმძღვანელოა ძირითადი სასწავლო რესურსი, არამედ CK-12-ის ელექტრონული რესურსებიც მნიშვნელოვანი გახდა. რაც მთავარია, ეს რესურსი სანდო და იოლად ხელმისაწვდომია – მათ, ვისაც არ აქვს კომპიუტერი, შეუძლიათ ტელეფონითაც შევიდნენ და აპლიკაცია ნებისმიერ დროს, უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე გამოიყენონ; ამ მრავალფეროვნებამ ძალიან საინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესი სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისთვის.

დისტანციური სწავლებისას, მსგავსი პლატფორმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანთან ერთად, გარდაუვალიცაა. თუმცა, მასწავლებელს პირისპირ სწავლების დროსაც სჭირდება ელექტრონული რესურსი, რადგან თვალსაჩინოება მასალის აღქმადობას აადვილებს.“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები