20 აპრილი, შაბათი, 2024

9-ქულიანი ტესტის ნიმუში

spot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს დირექტორობის მსურველთა მხარდაჭერას. წარმოგიდგენთ ე.წ. 9-ქულიან ტესტს, რომელიც დადებითადაა შეფასებული განათლების სპეციალისტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

ფიზიკის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას დაეხმარებოდა მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების ზეზების იდენტიფიცირებასა და აკადემიური მოსწრების გაზრდის ეფექტური გზების შერჩევაში. ამისათვის მან თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად, წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც, უნდა დადგენილიყო შემდეგი ინფორმაცია:

  • მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილი (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით);
  • სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხი, კათედრის წევრების შეფასებების მიხედვით;
  • აკადემიური მოსწრების ანალიზი, საგნების მიხედვით;
  • საკუთარი გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზი;
  • სტერეოტიპების დადგენა, ფიზიკის სწავლებისას, გენდერულ და საგამოცდო ჭრილში.

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით, სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ სრული სურათის დანახვასა და, ამის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრების გასაზრდელად, ინტერვენციების დგეგმვას.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის ონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

პასუხი:

კლასის მაღალი აკადემიური მოსწრება, ეფექტიანი სასწავლო პროცესის შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მასწავლებელმა შეაგროვა მონაცემები მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების ზეზების იდენტიფიცირებსა და აკადემიური მოსწრების გაზრდის ეფექტური გზების შერჩევის მიზნით.

შეგროვებული მონაცემებიდან:

  1. მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილი (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით) – არაეფექტურია, რადგან ოჯახის წევრების სპეციალობა ვერ იქნება განმსაზღვრელი ბავშვის აკადემიური მოსწრებისა. გვაქვს იმის უხვი მაგალითები, როცა ოჯახს ჰყავს დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების შვილები.
  2. სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხი, კათედრის წევრების შეფასებების მიხედვით – არაეფექტურია იმის გამო, რომ სახელმძღვანელო გრიფირებულია და მოწონებულია განათლების სამინისტროს მიერ, ასევე, თავის დროზე, არჩეულია სკოლის კათედრების მიერ. თუმცა მასწავლებელი და კათედრები, საჭიროების შემთხვევაში, არ არიან შეზღუდული დამატებითი რესურსების გამოყენებაზე.
  3. აკადემიური მოსწრების ანალიზი, საგნების მიხედვით – ეფექტური მონაცემებია, ამით მასწავლებელი იგებს, მოსწავლეებშია პრობლემა თუ მასწავლებლებში, რათა შესაბამისად დაგეგმოს ინტერვენციები.
  4. საკუთარი გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზი – ეფექტური მონაცემია, ამით მასწავლებელი ადგენს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რასაც გაითვალისწინებს მომავალი გაკვეთილების დაგეგმვის დროს.
  5. სტერეოტიპების დადგენა, ფიზიკის სწავლებისას, გენდერულ და საგამოცდო ჭრილში – არაეფექტური მონაცემებია, რადგან მოსწავლის აკადემიური შესაძლებლობები არანაირად არ არის დამოკიდებული გენდერზე. გავრცელებული მოსაზრება, რომ ვაჟები ტექნიკურ საგნებში უფრო ძლერები არიან, სტერეოტიპია. ამის კარგი მაგალითია ცნობილი ქალი ფიზიკოსი – მარია კიური. გამოცდები კი ყველა საგანში არ ტარდება და ეს მონაცემებიც ცალმხრივი და უეფექტო იქნებოდა.
  6. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

) რა მონაცემებს შეაგროვებდით;

) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად. 

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

ა)

  1. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზი – რათა დავადგინო ,აკადემიური მოსწრების დინამიკა მაღალი იყო და შემცირდა, თუ უცვლელად დაბალია.
  2. მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირის ანალიზი და მოსწავლეთა თვითრეფლექსია – რათა დავადგინო მასწავლებლის ეფექტიანი უკუკავშირის სიხშირე და საკმარისობა, ასევე, მოსწავლეთა თვითრეფლექსიის სრულყოფილება.
  3. რემედიაციის როლი სასწავლო პროცესში – რათა დავადგინო, რამდენად არის გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის საჭიროება და ინტერესები.
  4. მშობელთა ჩართულობის ხარისხი – რათა დავადგინო, რა სიხშირით ერთვებიან მშობლები, მხარდამჭერის პოზიციიდან, შვლების სწავლა-სწავლების პროცესში, რადგან მშობელთა პოზიტიური ჩართულობით შვილები გაცილებით მოტივირებულები და სწავლაზე ორიენტირებულები ხდებიან.
  5. კათედრებთან თანამრომლობა – იმის გამო, რათა დავადგინო, რომელი მიმართულების საგნებში აქვთ პრობლემები/მიღწევები. წარმატებული კოლეგების დანერგილი მეთოდები და სტრატეგიები გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.

ბ)

  1. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზი – რაოდენობრივი – ანკეტირება, რათა დინამიკის მაჩვენებლები ციფრებში წარმოვადგინო და თვალნათლივ დავინახო არსებული მდგომარეობა.
  2. მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირის ანალიზი და მოსწავლეთა თვითრეფლექსია – რაოდენობრივი – ანკეტირება და თვისებრივი – მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფები, სადაც 10-12 მოსწავლიდან ერთი მაინც აღმოჩნდება გულახდილი და ღიად ისაუბრებს პრობლემებზე. ეს სხვასაც უბიძგებს გულახდილობისკენ, ამასთან ფოკუს-ჯგუფის წევრები უფრო თამამები არიან და ფიქსირდება, თუ რატომ ფიქრობენ ასე და არა სხვაგვარად. ასეთ დროს, კარგად იკვეთება ანკეტირებისთვის საჭირო კითხვარებიც.
  3. რემედიაციის როლი სასწავლო პროცესში – რაოდენობრივი – ანკეტირება და თვისებრივი – ფოკუსირებული დაკვირვება, რათა დავადგინო რემედიაციის სიხშირე და კონკრეტული მოსწავლეების შედეგების დინამიკა.
  4. მშობელთა ჩართულობის ხარისხი – რაოდენობრივი – ანკეტირება და თვისებრივი – მშობელთა ფოკუს-ჯგუფები, რადგან ერთი მშობელი მაინც იქნება გულახდილი (მიბაძავენ სხვებიც, უფრო თამამებიც გახდებიან) და დავადგენ, რას და როგორ ფიქრობენ მშობლები. ასევე, აქ კარგად გამოიკვეთება ანკეტირებისათვის კითხვარები, მშობელთა ჩართულობის სიხშირის გასარკვევად.
  5. კათედრებთან თანამშრომლობა – თვისებრივი – ინტერვიუ კოლეგებთან, რათა ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში, მკვლევარი მასწავლებლის კითხვებს პასუხები გაეცეს, გაზიარდეს გამოცდილება მეტი ეფექტიანობისთვის.

 

ნონა თოდუა – სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები