20 აპრილი, შაბათი, 2024

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა – ისტორია და მომავალი

spot_img

აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად, დღეს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები გამოიფინა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, პროფესორები და სხვა  სტუმრები  დაესწრნენ.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით,  ტრადიციას არ უღალატეს და უნივერსიტეტმა წელსაც აღნიშნა ეს თარიღი.

ჯერ კიდევ საუკუნის წინ, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს აფხაზური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე ზრუნვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს გამართულ პროფესორთა საბჭოს სხდომაზე ივანე ჯავახიშვილი კავკასიური ენების შესწავლის სამეცნიერო მნიშვნელობაზე საუბრობდა. თსუ-ს დამფუძნებელი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის შესწავლას, გარდა დიდი სამეცნიერო მნიშვნელობისა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 1918 წელს, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზური ენის სწავლებისთვის მოიწვიეს პეტრე ჭარაია, 1925 წლიდან კი ამ მისიას აგრძელებდნენ დიდი მეცნიერები: დიმიტრი გულია და სიმონ ჯანაშია. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ნანა გაფრინდაშვილის თქმით, სწავლების სამივე საფეხურზე ისწავლება აფხაზური ენა, ლიტერატურა და ფოლკლორი. უნივერსიტეტი სთავაზობს აფხაზ ახალგაზრდებსაც თსუში აფხაზური ენის შესწავლასა და კვლევაში ჩართვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უნივერსიტეტს აფხაზურის სწავლების მხოლოდ კარგი ისტორია კი არ ჰქონდეს, არამედ მომავალიც. “

თსუ-ში, ათ წელზე მეტია, ფუნქციონირებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ქართულ-აფხაზურ პრობლემათა შესწავლა და კვლევა, აფხაზური ზეპირმეტყველების სწავლა-სწავლება. ცენტრი, COVID-19 პანდემიის დროსაც, აგრძელებს მუშაობას – აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია: თბილისის უნივერსიტეტის  პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 2 მაისის  სხდომის ოქმი, რომელშიც აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი განიხილება; სიმონ ჯანაშიას მიერ 1927 წელს შედგენილი აფხაზური ენის პროგრამა; 55 აფხაზი სტუდენტის სია, რომლებიც, სოხუმის მთავრობის რეკომენდაციით, ჩაირიცხნენ თბილისის უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის პერიოდში; გიორგი ახვლედიანისადმი მიწერილი დიმიტრი გულიას წერილები; ქეთევან ლომთათიძისა და არნოლდ ჩიქობავას ფოტოები აფხაზ კოლეგებთან ერთად; არნოლდ ჩიქობავას წერილები, რომელიც აფხაზეთის საკითხებს ეხება და სხვა.

დღეს, აფხაზური ენა  გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო. აფხაზური ენის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აფხაზური იდენტობისა და კულტურის დაცვასა და განვითარებას. ეს კი, ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთერთ უმთავრეს ღირებულებას და პრინციპს წარმოადგენს. ვულოცავ აფხაზური ენის დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც მშობლიურია აფხაზური, და მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს,“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის აზრით, ეს დღე ძალიან დიდი ფუნქციითა და მოვალეობითაა  დატვირთული. მან  განსაკუთრებით  გაუსვა ხაზი იმ კონსტიტუციურ მოვალეობას, რომელიც გვაკავშირებს და გვავალებს, დავიცვათ აფხაზური ენა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში აკადემიური სფეროს ჩართულობაც.

ღონისძიებაზე პოეტმა დავით მაღრაძემ უნივერსიტეტს აფხაზურ ენაზე თარგმნილი  პოემა „ჯაკომო პონტი“ გადასცა საჩუქრად.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები