20 აპრილი, შაბათი, 2024

23-ქულიანი ტესტის ნიმუში

spot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს ე.წ. 23-ქულიანი ტესტების პირობებისა და შესრულებული სამუშაოების გამოქვეყნებას. წარმოგიდგენთ ნიმუშს, რომელიც შესრულებულია ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ილიაუნის მოწვეული ლექტორის, თამარ გახელაძის მიერ. ნაშრომი დადებითადაა შეფასებული განათლების სპეციალისტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ. 

23-ქულიანი დავალების პირობა:

თქვენ ჩაიბარეთ ერთ-ერთი მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა და გახდით მისი ლიდერი. სკოლამ ჩაატარა თვითშეფასება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

სკოლის თვითშეფასების შედეგები

სკოლის ძლიერი მხარეები:

  • სკოლას ჰყავს მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, სწავლების პროცესი გახადონ საინტერესო და მრავალფეროვანი. ისინი თავად ქმნიან დამატებით საგანმანათლებლო მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს.
  • მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესში, იყენებენ მოსწავლეზე ორიენტირებულ და ასაკობრივად შესაბამის აქტივობებს, როგორებიცაა: დისკუსია, კითხვა-პასუხი, აზრის ნახატით გადმოცემა, აპლიკაციების შექმნა და ა.შ.
  • მასწავლებლები ატარებენ სადამრიგებლო საათებს, ინტეგრირებულ გაკვეთილებს;
  • სამივე საფეხურზე განხორციელებულია საინტერესო და მოსწავლეთათვის ასაკობრივად შესაბამისი პროექტები;
  • მასწავლებლები ხელს უწყობენ მშობელთა ჩართულობას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში (შეხვედრების, ღონისძიებებში მონაწილეობის, პროექტებში ჩართვის გზით);
  • მასწავლებლები წაახალისებენ მოსწავლეებს, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადებსა და სხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში და ამისათვის მიმართავენ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას (ატარებენ დამატებით გაკვეთილებს, მოსწავლეებს აძლევენ დამატებით სამუშაოს და ა.შ.).

სკოლის გასაძლიერებელი მხარეები:

  • მასწავლებლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული ცოდნის შეფასება ხდება, ძირითადად, დახურულბოლოიანი ტესტებით, რომლითაც მოწმდება საგნის შინაარსობრივი ცოდნა.
  • საშუალო საფეხურზე მასწავლებელთა ნაწილი ვერ ქმნის სათანადო მოტივაციას სწავლისთვის, რადგან, მშობელთა მოსაზრებით, მათი შვილებისთვის მნიშვნელოვანია საგამოცდო საგნებზე ორიენტირება.
  • სკოლა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა პროგრესისა და სკოლის ეფექტიანობის შეფასებისას, ძირითადად, ორიენტირებულია განმსაზღვრელ შეფასებაზე. სკოლას არ გააჩნია სწორი შეხედულება შეფასების სახეებზე.
  • წლის ბოლოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქმნის მოსწავლის დახასიათებას, რომელიც, ძირითადად, ფორმალისტურადაა შესრულებელი. დახასიათება სტანდარტულად მცირე ზომისაა და მასში ნაკლებად იკითხება მოსწავლის განვითარების ნატურალური (არსებული) და უახლოესი განვითარების ზონები.
  • საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მოტივირება. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს, იგნორირებულია კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც დამატებით ემზადებიან რეპეტოტორებთან.
  • საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მართვა. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს იგნორირებულია კლასის ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მომზადებული აქვთ დავალებები.

მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალებები:

  1. გამოყავით ერთი პრიორიტეტული პრობლემა და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.

სკოლის თვითშეფასების შედეგებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემა განმავითარებელი შეფასებაა. სკოლა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა პროგრესისა და სკოლის ეფექტიანობის შეფასებისას, ძირითადად, ორიენტირებულია განმსაზღვრელ შეფასებაზე. სკოლას არ აქვს სწორი შეხედულება შეფასების სახეებზე. ამ მოცემულობის მიხედვით, იკვეთება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ ასრულებს თავის სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციას, რადგან განმავითარებელი შეფასების გარეშე მოსწავლეთა სწავლების პროგრესი და შედეგების გაუმჯობესება შეუძლებელია. განმსაზღვრელ შეფასებას, ერთგვარად, საჩუქრისა თუ დასჯის ფუნქცია აქვს, ის მხოლოდ ზომავს შედეგს და გაუმჯობესების საშუალებას არ იძლევა.

  1. თქვენ მიერ შერჩეული პრობლემის პრევენციის/ინტერვენციის მიზნით, შეიმუშავეთ საპროექტო წინადადების მონახაზი, ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

საპროექტო წინადადების მონახაზი

  1. პროექტის აქტუალობა (პროექტით გათვალისწინებული საკითხის მოკლე მიმოხილვა; დასაბუთება, თუ რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალური).

პროექტის მიხედვით, უნდა ჩამოყალიბდეს სკოლაში სწორი შეხედულება შეფასების სახეებზე და გააქტიურდეს განმავითარებელი შეფასების პრაქტიკა. სკოლის თვითშეფასების მონაცემები ცხადყოფს, რომ საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილი ვერ ახერხებს ესგ-ს სტანდარტის მოთხოვნების შესრულებას, რადგან, ძირითადად, ორიენტირებულია განმსაზღვრელ შეფასებაზე. პრობლემის აღმოსაფხვრელად პროექტის განხორციელება განაპირობებს იმას, რომ სკოლაში გადაწყდება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი – მასწავლებლებს ჩამოუყალიბდებათ განმავითარებელი შეფასების კულტურა, გააცნობიერებენ მის როლსა და მნიშვნელობას სწავლების პროცესში, გაკვეთილზე გამოყენებით კი მიეცემათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ გაზომონ მოსწავლის მიღწეული შედეგი, არამედ აღნიშნონ მისი ძლიერი მხარეები, შეაქონ, წაახალისონ, მიუთითონ გამოსასწორებელზე და დასახონ პროგრესის გზები. ამასთან, მოსწავლეები თავად ჩართონ საკუთარი სწავლების შეფასების პროცესში, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. ამით მოსწავლეებს მეტაკოგნიტურ უნარებსაც გამოუმუშავებენ, მეტად სახალისოსაც გახდიან სწავლების პროცესს და მათი მიღწევების მონიტორინგის უკეთესი საშუალებაც ექნებათ. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ სკოლის ერთ-ერთი გასაძლიერებელი მხარე ძლიერ მხარედ გარდაიქმნება.

  1. პროექტის მიზნები და ამოცანები (აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ ამოცანები).

პროექტის მიზანია სწორი შეხედულების ჩამოყალიბება შეფასების სახეებზე და განმავითარებელი შეფასების კულტურის გააქტიურება სკოლაში. ეს მიზანი მიიღწევა ამოცანის გადაწყვეტით, კერძოდ, მოსწავლეთა პროგრესისა და სკოლის ეფექტიანობის შეფასებისას, განმსაზღვრელთან ერთად, განმავითარებელი შეფასების გამოყენებით.

  1. პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი სამუშაოები (აღწერეთ, რა ეტაპებისგან შედგება პროექტი, რა აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად და როგორ უკავშირდება ეს აქტივობები პროექტის საბოლოო მიზანს).

 

პროექტს განვახორციელებდი სამ ეტაპად:

პრობლემის იდენტიფიცირების/აქტუალობის დადასტურების ეტაპი. აქტუალობის დადასტურების ეტაპზე განვახორციელებდი ორ აქტივობას:

  1. ფოკუსირებულ დაკვირვებას გაკვეთილებზე – დავაკვირდებოდი, როგორ/რა ფორმითა და ინტენსივობით აძლევენ მასწავლებლები უკუკავშირს მოსწავლეებს, როდესაც ნიშნით არ აფასებენ.
  2. შეხვედრა საბაზო საფეხურის მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუს ფორმატში. გამოვარკვევდი, რა მიზეზები განაპირობებს პრობლემას და შევთავაზებდი მხარდაჭერას.

პრობლემის მოგვარების გეგმის შედგენა და ინტერვენციების განხორციელების ეტაპი.

განვახორციელებ 5 აქტივობას:

ა) გეგმის შედგენა გონებრივი შტურმით – პროექტის გეგმის შედგენა უმნიშვნელოვანესია პრობლემის ეტაპობრივად მოსაგვარებლად, რათა თანმიმდევრობით გავიაროთ გზა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს.

ბ) პრობლემათა მოგვარებისთვის ინტერვენციების შერჩევა, სპეციალისტებთან კონსულტაციის დახმარებით (ქოუჩინგი, ტრენინგი, გამოცდილების გაზიარება, თვითრეფლექსია, თვითაქტუალიზაცია, თვითსწავლა სტერეოტიპული მიდგომების შესაცვლელად). სპეციალისტების დახმარება საჭირო კომპეტენციებსა და უნარებს შეგვძენს ამ მიმართულებით, სხვისი პრაქტიკის გაზიარება და მიზანზე ორიენტირებული ინტერვენციები კი, საბოლოო წარმატებამდე მიგვიყვანს.

გ) ინტერვენციების განხორციელების დაწყება – ინტერვენციების გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ დავიწყებდით მათ ამოქმედებას, რადგან სწორად შერჩეული ღონისძიებები და მათი განხორციელება პროექტის უმნიშვნელოვანესი ეტაპი და პრობლემის გადაჭრის უალტერნატივო საშუალებაა.

დ) შუალედური დაკვირვების წარმოება ინტერვენციების ეფექტიანობის დასადგენად – შუალედური, ფოკუსირებული დაკვირვება გვიჩვენებდა, რამდენად ეფექტიანია ინტერვენციები. მათი დაბალეფექტიანობის შემთხვევაში, შევცვლიდით და ჩავანაცვლებდით ალტერნატიული ღონისძიებებით, რომლებიც შემუშავების პროცესში სათადარიგოდ გვქონდა განსაზღვრული. დაკვირვებიდან გამომდინარე, ასევე, შესაძლებელია ახალი და უფრო ეფექტური ჩარევის შემუშავება და შეთავაზება.

ე) ეფექტიანი ინტერვენციების განხორციელება – შუალედური დაკვირვების შემდეგ, ეფექტიანი ინტევენციები განხორციელდება, განსაზღვრული დროის განმავლობაში, რამაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე – სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს შეფასების სახეების გამოყენების პრაქტიკა, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ განმავითარებელი შეფასების როლი მოსწავლის წარმატებაში, დაეუფლონ შეფასების ინსტრუმენტების სათანადოდ გამოყენებას და დანერგონ საგაკვეთილო პროცესში.

შედეგების გაზომვის ეტაპი:

  • აქტივობა – შემაჯამებელი დაკვირება პრობლემის აღმოფხვრის (მიზნის მიღწევის) კუთხით. ამ ეტაპზე გაიზომება შედეგები, რომლებმაც უნდა აჩვენოს, რომ სკოლაში აღმოიფხვრა არასწორი შეხედულება შეფასების სახეებზე და განმსაზღვრელთან ერთად, საბაზო საფეხურზე, სათანადოდ დაინერგა განმავითარებელი შეფასების პრაქტიკა. მასწავლებლები გაკვეთილზე აქტიურად იყენებენ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს და სკოლის ეფექტიანობის დასადგენადაც წარმატებით გამოიყენება ეს ფორმა. მოსწავლეთა წარმატების მონიტორინგით უნდა დავრწმუნდეთ, რომ განმავითარებელი შეფასების გამოყენების შემდეგ მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარები გაძლიერდა, თავად შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება როგორც სწავლაზე, ასევე ეფექტურ თვითშეფასებაზე.
  1. პროექტისთვის საჭირო რესურსები (აღწერეთ, რა ადამიანური და მატერიალური რესურსი გჭირდებათ პროექტით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებისათვის, დაასაბუთეთ მათი საჭიროება).

პროექტის განხორციელებისთვის დაგვჭირდება:

) ადამიანური რესურსები: კვალიფიციური ადამიანური რესურსები (ქოუჩები, ტრენერები, განათლების სპეციალისტები) განმავითრებელი შეფასების მეთოდიკის გაცნობა-დანერგვისთვის. გარდა მოწვეული სპეციალისტებისა, გამოვიყენებთ ადგილობრივ რესურსს, სკოლის მოტივირებული პედაგოგების სახით. ლიდერი მასწავლებლები გაუზიარებენ კოლეგებს ტრენინგებსა თუ ვებინარებზე მიღებულ გამოცდილებას, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებითა და ,,კრიტიკული მეგობრის“ რეკომენდაციებით კი სკოლის მოტივირებული პედაგოგები იოლად დაძლევენ გამოსასწორებელ მხარეს და წარმატებასაც მიაღწევენ ამ მიმართულებით.

) მატერიალური რესურსები: ვიდეოგზამკვლევები, სატრენინგო და სააქტო მასალები, ვიდეოჩამწერები – ანალიზისთვის, ფოკუს-ჯგუფების სამუშაოდ, ინტერვიუს ჩასაწერად, ანკეტირებისთვის, დაკვირვებისთვის.

  1. პროექტის მოსალოდნელი შედეგები, მათი ღირებულება (აღწერეთ პროექტით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები, დაასაბუთეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი, ხაზი გაუსვით მათ ღირებულებას სკოლისა და კონკრეტულად, მოსწავლისთვის).

პროექტის მოსალოდნელი შედეგია განმავითარებელი შეფასების სარგებლიანობა სკოლისა და მოსწავლის წარმატებაში. ეს კი გამოიწვევს მოსწავლეთა გააქტიურებას, მათი სწავლების პროგრესის უკეთეს მონიტორინგს, პროცესის დინამიკურობას, წარმატებაზე და არა მიღწეულ შეფასებაზე ორიენტირებას, მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების ამაღლებას, თვითაქტუალიზაციის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პრაქტიკის დანერგვას; არა მხოლოდ შედეგის, არამედ პროცესის შეფასებას, განვითარების გზების სწავლებასა და დაგეგმვას, შეფასების სწორი და სხვადასხვა სახის მეთოდოლოგიის დანერგვას. ძირითადი ღირებულება კი ის იქნება, რომ მოსწავლისთვის სკოლა გარდაიქმნება გარემოდ, სადაც მის წარმატებას აფასებენ, ძლიერ და სუსტ მხარეებს აჩვენებენ და პროგრესის გზის დასახვაშიც ეხმარებიან. ეს გამოცდილება კი, საბოლოოდ, მოსწავლეს გამოადგება ცხოვრებაში – საკუთარი ქმედების, შეცდომისა თუ წარმატების გაცნობიერებასა და შეფასებაში.

  1. პროექტის განხორციელების მონიტორინგი (აღწერეთ, როგორ გაუწევთ ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის რა მექანიზმს გამოიყენებთ პროგრესის შეფასებისათვის).

მონიტორინგისთვის გამოვიყენებდი:

  • მასწავლებელთა თვითშეფასების განხილვას;
  • ფოკუს-ჯგუფების გამართვას მეთოდიკურ საკითხებზე, რომლებიც განხილული იქნება ტრენინგებზე;
  • დაკვირვებათა წარმოებას სასწავლო პროცესში, ახალი მიდგომების გადატანასთან დაკავშირებით;
  • ქოუჩინგის პრინციპების გატარების ხარისხზე ჩაღმავებულ ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფს, დისკუსიას…);
  • გაკვეთილებზე დასწრებასა და ურთიერთდასწრებას ,,კრიტიკული მეგობრის“ თვალით;
  • კათედრის სხდომების მოწვევას ინტერვენციების ეფექტურობის შეფასების თვალსაზრისით;
  • მასწავლებლების მიერ მიცემული წერილობითი უკუკავშირის შეფასებას;
  • მოსწავლეთა გააქტიურებას საგაკვეთილო პროცესში და მათ პროგრესს;
  • შეფასების მრავალფეროვან ინსტრუმენტებზე სასკოლო კონფერენციის მოწყობას;
  • მშობელთა ანკეტირებას ან ინტერვიუს განმავითარებელი შეფასების თაობაზე;
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯგუფებზე ფოკუსირებულ დაკვირვებას.
  1. პროექტის შეფასების ინდიკატორები (აღწერეთ პროექტის შეფასების ინდიკატორები, რომლებიც ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.)

ინდიკატორებად გამოვიყენებ:

  • აკადემიური წარმატების მაჩვენებლებს, რომლითაც დავადგენთ, გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა სწავლის ხარისხი განმავითარებელი შეფასების გააქტიურების შემდეგ და, სკოლა შედეგის გაზომვასთან ერთად, სთავაზობს თუ არა მოსწავლეებს გზას, როგორ ისწავლონ უკეთ, როგორ აიღონ პასუხისმგებლობა სწავლაზე, როგორ შეაფასონ მიღწეული და განვითარების არსებული ზონიდან როგორ გადავიდნენ უახლოესზე;
  • განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების სიხშირეს, რომლითაც დავადგენ, აწვდიან თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს კონსტრუქციულ უკუკავშირს, რისი საშუალებითაც მეტად მოტივირებული ხდებიან მოსწავლეები, აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, სვამენ კითხვებს, ეძებენ გამოსავალს, გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას უკავშირებენ ცხოვრებას; ეს ყოველივე ინდიკატორი იქნება იმისა, რომ საბაზო საფეხურზე განმავითარებელი შეფასების გააქტიურებამ გაკვეთილი მეტად საინტერესო და სწავლებაც მიზანზე ორიენტირებული გახადა;
  • თვითაქტუალიზაციისა და თვითშეფასების შესახებ რეფლექსიებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები დაგვიდასტურებენ საბაზო საფეხურზე მიზნის მიღწევას – განმავითარებელი შეფასების ეფექტურობის თვალსაზრისით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები