20 აპრილი, შაბათი, 2024

1313-ე სტროფის ანალიტიკური კომენტარი

spot_img

ნესტან-დარეჯანი, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი, ავტორისეული ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით არაერთხელაა წარმოჩინებული პოემაში სწორუპოვარ ქალად. 1313-ე სტროფი ინდოეთის მეფის ასულს „ეკუთვნის“:

„ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.“

ამ სტროფის მიხედვით, ნესტან-დარეჯანი ტარიელს სწერს: ღმერთს შემავედრე, იქნებ გამათავისუფლოს ამქვეყნიური გარჯისგან, დამხსნას „ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა“, მომცეს ფრთები და ავფრინდე, ვეწიო ჩემს საწადელს, დღისით და ღამით მზის სხივთა ციმციმს ვხედავდე.

მატერიალური სამყარო, ფეოდალურ ხანის მოსაზრებით, ოთხი ელემენტისგან შედგება. ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ფიზიკური, ამქვეყნიური მდგენელებია. ამაოა ამქვეყნიურობა და მისგან თავის დაღწევა შვებაა. ნესტანს აქვს სურვილი აღმაფრენისა (სამყარო, ქრისტიანული ფილოსოფიის მიხედვით სამი ნაწილისგან შედგება: სკნელი, ქვესკნელი და ზესკნელი) და ზეცაში უნდა დამკვიდრება, სადაც მიუაჩრდილებელი ნათელია. იქ დღე და ღამე მზე ანათებს. ეს მზე არაა ის მნათობი, რომლის გარშემოც ტრიალებს დედამიწა. მზე ხატი და სახეა ღვთისა. ღმერთთან მიახლება ყველაზე დიდი მიზანია ადამიანისთვის. თუ დავაკვირდებით, ნესტან-დარეჯანი ამ მიზანთან შეგებებას ჩქარობს. ღმერთთან მიახლება სიკვდილის გარეშე წარმოუდგენელია. სიკვდილს, როგორც სულხან-საბა ამბობს, ნატრობს ისეთი ადამიანი, ვინც უკურნებელი სენითაა ავად, ან  კაცთაგან მოძულებულია, ან კიდევ აუცილებლად სამოთხის მომლოდინეა. ტარიელის მიჯნური სწორედ სამოთხის მომლოდინეა და სტროფის მიხედვით, ამაოებისგან  დახსნაც იმიტომ უნდა, რომ დროზე ჩამოსცილდეს მუხთალ წუთისოფელს.

ანი მაზმიშვილი, ყვარლის რაიონის სოფელი მთისძირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები