საქართველო-სომხეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ლალვარის მთის ფერდობზე, სოფელი ახკერპი მდებარეობს. სოფლის მიდამოებშია ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება, აქვეა ადრინდელი შუასაუკუნეების სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. აქ, ამ პატარა სოფელში, რომელიც ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, პირველი საგანმანათლებლო კერა, თითქმის, ერთი საუკუნის წინ, 1928 წელს, გაიხსნა. დაწყებით კლასებში გაკვეთილები მიტოვებულ ხის ქოხში მიმდინარეობდა. სამი წლის შემდეგ, 1931-1932 წლებში, სკოლა 8-წლიანად გადაკეთდა ორცვლიანი სწავლებით, ხოლო 1944 წლიდან ახკერპის საშუალო სკოლად იწოდება.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 50-იანი წლებიდან, საგრძნობლად იმატა მოსწავლეთა რაოდენობამ და არსებული 8-წლიანი სკოლის შენობა ვერ აკმაყოფილებდა სოფლის მოთხოვნას. მაშინ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაიჭრა, სოფლის მკვიდრის, ბახშო ბარხუდარიანის კეთილი ჟესტის წყალობით, რომელიც ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა სოფელს და გერმანიიდან ჩამოტანილი პროექტით აუშენებია სოფლის „კანტორა“. სწორედ ეს შენობა დაუთმო მან სკოლას, თავად მაშინ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა.
დღემდე ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწია ჩვენს სკოლას, მაგრამ მაინც ახერხებდა განვითარებას, კარგი პედაგოგიური კოლექტივისა და მზრუნველი დირექტორების: გრიგოლ ბარხუდარიანის, გევორგ კარაპეტიანის, აშოტ მათევოსიანის დაუღალავი შრომით. დღეისათვის ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგი, 30-40-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ემსახურება ახკერპელი ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის საქმეს. წარსულშიც არაერთმა მეცნიერმა თუ სხვადასხვა დარგში წარმატებულმა სპეციალისტმა ასახელა ჩვენი სკოლა თავისი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით. სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამამ საშუალება მისცა ჩვენს კურსდამთავრებულებს, სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთისა და საქართველოს განათლების სამინისტროების ინიციატივითა და მხარდაჭერით, სკოლას მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი წიგნადი ფონდიც აქვს, მათ შორის, სახელმძღვანელოების, ქართულ და სომხურ ენებზე.
2022 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სკოლის შენობამ სერიოზული დაზიანება მიიღო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, აიკრძალა სასწავლო პროცესის გაგრძელება და სკოლამ მუშაობა სოფლის ყოფილ სამედიცინო ამბულატორიაში გააგრძელა. ახლა ჩვენი პედაგოგები და 100-ზე მეტი მოსწავლე ახალი სამსართულიანი შენობის დროულად დასრულებას ელოდებიან, რომ სწავლა კეთილმოწყობილ, თანამედროვე შენობაში გავაგრძელოთ.
ვიოლეტა სუკასიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი









