19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰაგიოგრაფიის სწავლების პრობლემა სკოლებში

spot_img

„ტოლერანტიზმი – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში“. ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, აღიაროს, პატივი სცეს სხვა ადამიანის რწმენასა და ღირებულებებს.“

„ქართველმა, თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც“

                                                                                                            ილია ჭავჭავაძე

ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება – ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში.

ეს დებულება იმასაც გულისხმობს, რომ დღეს, როცა მსოფლიომ უარყო რაიმე ნიშნის მიხედვით (იქნება ეს სქესი, კანის ფერი, ეროვნება თუ რელიგია) დისკრიმინაცია, ვერ გავიაზრებთ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს, როგორც დიქოტომიას ჭეშმარიტ რჯულსა და ურწმუნოებას შორის. ასეთი გააზრება დღემდე არა მარტო სკოლებში, არამედ უნივერსიტეტებშიც შემორჩენილია. ხშირად, როცა აუდიტორიაში, ძველი ქართული ენის რომელიმე ნიმუშის შესწავლისას, ჩვენთან, ქართველ სტუდენტებთან ერთად, ისხდნენ აზერბაიჯანლები, გაჟღერებულა რელიგიურად დისკრიმანაციული შეფასებები.

„ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“ – წერს იოანე საბანისძე „აბოს წამებაში“ და პროტაგონისტის ქრისტიანობამდელ რწმენას ადამიანთა ხელოვნებით შექმნილს უწოდებს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა ასე განიხილოს საკითხი კლასში, სადაც შესაძლოა ისხდნენ განსხვავებული მოსწავლეები, რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნების მიხედვით. მაშინაც კი, როცა კლასში ეს დიფერენცირება არ გვაქვს, საკითხის წინამდებარე დიქოტომიის მიხედვით ახსნა, შესაძლოა, დისკრიმინაციად ჩაითვალოს. ჰაგიოგრაფებსაც ნუ შევეკამათებით, რადგან მათ ჰქონდათ თავიანთი სიმართლე, რომელიც იმდროინდელი საქართველოს შევიწროებული მდგომარეობითაც იყო განპირობებული.

თუმცა, დღეს, შენი სარწმუნოების ჭეშმარიტება რომ იწამო, სულაც არ გულისხმობს ავტომატურად – შეურაცხყო სხვისი.

„მამული, ენა, სარწმუნოება“ იდენტობის დეკლარირებულ კონცეპტს წარმოადგენს, ამ სამიდან ენა შესაძლოა იდენტობის ყველაზე მძლავრი შემნახველ-მატარებელი იყოს, რადგან სწორედ ენაა ის ფენომენი, რითაც ადამიანს ახსოვს, ვისი და რისი ნაწილია“ – წერს ლაშა ბუღაძე.

ამ მოსაზრებას კი მარტო მემედ აბაშიძის მოღვაწეობის გახსენებაც კი ადასტურებს, რომელიც ცდილობდა ქართველ მუსლიმთა საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას. როგორც თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, იგი მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის და 63 წლის ასაკში შეეწირა რეპრესიებს.

ნუ დაგვავიწყდება ფერეიდნელი ქართველებიც.

თვითონ ილია ჭავჭავაძე იღვწოდა არა მაჰმადიან ქართველთა რჯულის გამოცვლისთვის, არამედ მათთვის განათლების მიღების ხელშეწყობისთვის.

მაშინ, როგორი უნდა იყოს ნაწარმოების საყოველთაოდ მიღებული არადისკრიმინაციული ინტერპრეტაცია? მაგალითად, „აბოს წამება“ ნიმუშია იმის, თუ როგორ არ უღალატებს ადამიანი საკუთარ არჩევანს, საკუთარ თავისუფლებას და ამჯობინებს ამას „ოქრო-ვერცხლსაც“, შიშს დაძლევს და „იქცევა განცხადებულად“ საკუთარი არჩეული რწმენისამებრ, ქრისტიანულად, მერვე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ქუჩებში.

„თქვენთვის რა არის შიში? როგორ დაგიძლევიათ ის? რა იყო ის იდეა, რამაც შიში დაგაძლევინათ?“ კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ ტრანსფერულ შეკითხვას დასვამს და მოსწავლეები დაფიქრდებიან, თუ რა არის მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი, შიშის გრძნობას რომ ავიწყებთ. შეიძლება, მოსწავლეთა გარკვეული კონტინგენტი სიტყვა „თავისუფლებამდე“ მივიდეს, რაც უკვე გონებრივი კავშირის დამყარებას ნიშნავს ნაწარმოებთან.

საერო ლიტერატურაზე გადასვლისას კი, მოსწავლეებისთვის უფრო გასაგებია ისეთი პარალელები, რომლებიც მათ უშუალო გამოცდილებას ან პრობლემას უკავშირდება, ვიდრე ზოგადი ცნებები, როგორიცაა „მიჯნურობა და მეგობრობა“ აქაც, ჯერ გავაცნოთ მოსწავლეებს პერსონაჟები მათი ფსიქოლოგიური პორტრეტებით და არა, როგორც განზოგადებული სახე-იდეები.

ფიქრი სწორედ ასე იწყება, ასე იწყება ცოცხალი დისკუსიაც და „დიადი წიგნებიც“, ამ მიკუთვნილი ბეიჯის იმედად, აღარ არიან დამტვერილი და თაროზე შემოდებული.

P.S. ამ ბმულით გაეცნობით ილია ჭავჭავაძის წერილს „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“, 1880 წელი.

https://gdi.ge/uploads/other/0/705.pdf?fbclid=IwAR0nGTxCaOhWV31BrpJzaEpI4KMWiauyrh929ZBXImAxrUqNJQcrxk4h234

მომავალ ბლოგამდე.

ნატალი აბესაძე, სკოლა „ოპიზას“ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები