18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წიგნები და ფილმები… და წიგნები

spot_img
ლიტერატურასთან მისასვლელი მოტივი ხშირად საკუთარი მოლოდინ[ებ]ის დადასტურებაა. მასში ვეძებთ ღერძს, რომელსაც ჩვენი ემოციური ტვირთი ჩამოეყრდნობა. და ეს გასაგებია, რაკი წაკითხვა გულისხმობს არა მხოლოდ წაკითხულიდან აზრის გამოტანას, არამედ აზრის შეტანასაც, მკითხველის მხრიდან ტექსტში საკუთარი გამოცდილების ჩანერგვას და შემდეგ უკვე მის „ამოღებას“. და რაკი ტექსტის წაკითხვა უეჭველად მოიცავს მის ინტერპრეტირებას, შესაბამისად, მკითხველი ისევე მონაწილეობს ნაწარმოების თხზვაში, როგორც ავტორი. ამიტომაც გაჩნდა მეოცე საუკუნის მოდერნიზმში მკითხველის, როგორც თანაავტორის, იდეა. 1967 წელს კი, როლან ბარტმა დაწერა საკვანძო ესე „ავტორის სიკვდილი“, რითაც მკითხველი არათუ თანაავტორად, არამედ ერთადერთ ავთენტიკურ ავტორად წარმოაჩინა.
როლების ასეთი გადანაწილება მკითხველის პასუხისმგებლობას ზრდის, მეორე მხრივ კი, გვეხმარება, ლიტერატურასთან მისასვლელი დისტანცია შევამოკლოთ და ცოტა არ იყოს, გავუშინაურდეთ კიდეც. თუმცა, ამ პროცესში არ უნდა გამოგვრჩეს ის, რაც ლიტერატურას ლიტერატურად აქცევს, რადგან ხშირად მისგან მოვითხოვთ იმას, რაც მასში არაა – პასუხს. მაგრამ ლიტერატურა არ აჩენს პასუხებს, ლიტერატურა აჩენს კითხვებს. პასუხებისთვის არსებობს გუგლი, 911 და ჩვენი რომელიმე მეზობელი, რომელსაც, როგორც წესი, ყველაფერზე აქვს პასუხი. ლიტერატურას არ აინტერესებს ესთეტიკური ბუღალტერია, ის კითხვებს აღძრავს, და ამის მერეც, ის მხოლოდ შუამავალია დასმულ კითხვასა და გაცემულ ან სულაც გაუცემელ პასუხს შორის.
როდესაც წიგნს ვკითხულობთ, აღმოვაჩენთ, რომ წარმოსახვის ჯაჭვი, რომლითაც წიგნზე ვართ მიბმულნი, თანდათან, ფურცელ-ფურცელ გრძელდება და იძენს მასშტაბებს. ამ მხრივ, ლიტერატურის როლი შეუდარებლად მეტია, ვიდრე, მაგალითად, კინოინდუსტრიისა, რომელიც მზა მოდელებს, დასრულებულ ვიზუალურ ხატებს გვთავაზობს და ჩვენს წარმოსახვას, გარკვეული აზრით, აზარმაცებს. მაგალითად, ფილმში „ტროა“ მშვენიერი ელენე არის ისეთი, როგორიც არის, ხოლო ჰომეროსთან არის ისეთი, როგორიც… ჩვენს გულს გაუხარდება. მიუხედავად იმისა, რომ „ილიადაში“ ელენე სულ მთლად რამდენჯერმე (ისიც კონკრეტული ვიზუალური აღწერის გარეშე) ჩნდება, ჩვენს წარმოსახვაში მისი ხატი ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება, ხოლო ფილმში რეჟისორმა წარმოსახა ჩვენი წარმოსასახი და მზა სახით „მოგვართვა“ დაიან კრუგერი (რომელიც, რა დასამალია და, ძალიანაც მიმზიდველი ვინმეა). ერთი სიტყვით, წიგნის კითხვისას ელენე ჩვენი პირადი ძალისხმევის, ემოციური დაძაბულობისა და წარმოსახვის შედეგად იღებს კონრეტულ სახეს, ფილმის ყურებისას კი, ასეთი სამუშაოს გაწევა არ გვიწევს – ეს სამუშაო რეჟისორმა აგვარიდა. ცხადია, ამ თეორიაზე უამრავი სამეცნიერო კვლევაა შექმნილი და დაინტერესებულ ადამიანს მარტივად შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს სტატისტიკებით გამყარებული ნაშრომები, რომლებიც ამას ადასტურებს. მანამდე კი, გავიხსენებ ერთ წიგნს, რომელიც ამ საკითხს ეხება და რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებსაც. 2000-იანების დასაწყისში დუგლას რაშკოვმა დაწერა საკვანძო წიგნი „სქრინეიჯერები“ (ეკრანის თაობა). ეს ნეოლოგიზმი, ცხადია, თინეიჯერის გადათამაშებული ვერსიაა. ეს წიგნიც სწორედ ლიტერატურისა და ვიზუალური ინდუსტრიის დიალექტიკურ წრეს უტრიალებს.
ჩემი დაკვირვებით, წიგნებსა და ფილმებს შორის განსხვავება იგივეა, რაც ინფორმაციასა და ცოდნას შორის. ეს დუალიზმი შესანიშნავად გამოკვეთა ჩემმა საყვარელმა დიდმა ქართველმა პოეტმა თავის პოემაში:
„ჩვენ ვამბობთ, რომ
ინფორმაცია – ეს არის საგანთა ჭვრეტა,
ცოდნა კი – საგანთა ფლობა.
ჩვენ ვამბობთ, რომ
მათ შორის ზღვარი მცირე არის,
მაგრამ – არსებითი.
ჩვენ ვამბობთ, რომ
ინფორმირებული – ესაა ვიზიონერი,
მცოდნე კი – მისიონერი
და მისი ცოდნა გაედინება,
და ავსებს არმცოდნეთა არცოდნას“.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტგამოცემა „პუბლიკაზე“ გამოჩნდა თათა ცოფურაშვილის მიერ თარგმნილი იურგენ ჰაბერმასის ინტერვიუ, რომელშიც ფილოსოფოსი პოსტკოვიდურ სამყაროზე მსჯელობს. აქ მენიშნა ერთი ფრაზა, რომელიც მთელი ინტერვიუს რეზიუმედაც გამოდგებოდა: „ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნის შესახებ აქამდე არასდროს გვქონია“, – ამბობს ჰაბერმასი. ცხადია, ასოციაციურად მიანიშნებს სოკრატეს საქვეყნოდ ცნობილ ფრაზაზე: „მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი“. თუმცა სოკრატეს შემთხვევაში ცოდნის დასაზღვრულობაზეა საუბარი, ჰაბერმასის ციტატა კი არცოდნის უსაზღვრობაზეა.
ამ ინტერვიუმ გამახსენა პატრიკ ზიუსკინდის ერთი ციცქნა ნოველა, რომელიც უკიდურესად მინიმალური მხატვრული ხერხებით მაქსიმალურ სათქმელს ამბობს (ამ ნოველასაც სიამოვნებით ვურჩევ მოსწავლეებს).
ზიუსკინდი ყველამ იცის მისი მთავარი წიგნით, რომელსაც „სუნამო“ ჰქვია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ეს პატარა ნაწარმოებიც. ამ თითქმის გენიალურ ნოველას „ლიტერატურული ამნეზია“ ჰქვია. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაემართა ავტორს ამნეზია, ამ დროს, ძალიან უნდა გაიხსენოს წიგნი, რომელშიც სწორედ ამნეზიაზე წერია, მაგრამ ვერა და ვერ იხსენებს და თავის მხრივ, ამას აბრალებს იმ ავადმყოფობას, რომელზეც ერთგან ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა, რომლის სახელი, გასაგები მიზეზის გამო, ასევე არ ახსოვს და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ ნევროდრამის ფონზე ავტორი იხსენებს ათას წვრილმანს, მაგრამ ვერ იხსენებს მთავარს – თუ რისი თქმა უნდოდა. ეს ნამცეცა ნოველა გვიყვება, პრაქტიკულად, არაფრის შესახებ, რადგან ის, რაც რაღაც იყო, ან უნდა ყოფილიყო, ავტორმა ვერაფრით მოიხელთა. ზიუსკინდის „არაფერი“ მთელი თანამედროვე სამყაროს კრიზისის სასტიკი ილუსტრაციაა – იმ კრიზისისა, რაზეც ჰაბერმასი მიუთითებდა – გაბმული, უწყვეტი მეტატექსტის გამოყენებით ავტორმა გვიჩვენა, რომ პოსტმოდერნის ეპოქაში ადამიანს არ აქვს ცოდნა არაფრის შესახებ, მაგრამ აქვს ნახევარცოდნა ყველაფრის შესახებ (მეტაცოდნა), ავტორი ვეღარ წერს ტექსტს, მას მხოლოდ ნახევარტექსტის ანუ მეტატექსტის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, ადამიანიც აღარაა ადამიანი, ის არის ნახევარადამიანი, ესე იგი – მეტაადამიანი. შეძლებს კი კინოინდუსტრია ასე ფუნდამენტურად რეფლექსირებას მსგავს საკითხზე? არ ვიცი.
ბოლოსკენ კი მაინც განვმარტავ, რომ მე კი ერთი შეხედვით ავითვალწუნე კინოინდუსტრია (არ ვიცი, გადაიტანს ამას ჰოლივუდი ვითომ?!), მაგრამ, სინამდვილეში, ცხადია, ამ ინდუსტრიის სიკეთეებით ხშირად ვსარგებლობ და ზოგ წიგნზე არანაკლებ სიამოვნებს მანიჭებს ზოგი ფილმი. ასეთია, მაგალითად, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. სწორედ ამ ფილმის ციტირებით გავასრულებ: „ჩვენ ვკითხულობთ და ვწერთ ლექსებს არა იმიტომ, რომ ეს ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. ადამიანი კი სავსეა ვნებებით, მისწრაფებებით. მედიცინა, იურისპრუდენცია, ბიზნესი, გამოყენებითი მეცნიერებები – ყველაფერი ეს კეთილშობილურია და ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან საჭირო. მაგრამ პოეზია, სილამაზე, რომანტიკა, სიყვარული – ეს ისაა, რისთვისაც ვცოცხლობთ“.
პაატა შამუგია

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები