28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცოტა რამ ინკლუზიური პროფესიული განათლების შესახებ

spot_img

ვიწყებთ საბავშვო ბაღით…

ვაგრძლებთ სკოლით…

შემდეგ?

შემდეგ მოდის პროფესიული განათლება…

ჩვენ შემთხვევაში, ინკლუზიური პროფესიული განათლება.

ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, საბაზო და/ან საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ, შეუძლია სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელოს. საბედნიეროდ, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია, თბილისში განსაკუთრებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ სურვილი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი დაგჭირდებათ, შემდეგ კი –  პროფესიის (ჩემი აზრით, პროფესიული ორიენტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი მოსწავლისთვის, მისი სტატუსის მიუხედავად) და ამ პროფესიის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევა, რაშიც vet.ge. დაგეხმარებათ.

შემდეგ მოდის რეგისტრაციის ეტაპი. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაცია წელიწადში ერთხელაა, უმეტესად ზაფხულში, სწავლა კი გვიან შემოდგომით იწყება. შერჩეულ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, ამ მისამართზე – vet.emis.ge.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სასურველ კოლეჯში გექნებათ ალტერნატიული ტესტირება, ე.წ. პროფესიული მოსინჯვა, სადაც თქვენი მომავალი მასწავლებლები ამა თუ იმ პროფესიის „შიდა სამზარეულოში“ ჩაგახედებენ… მერე კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი უფრო „გემრიელია“.

კოლეჯში თქვენზე მორგებული სასწავლო პროცესისათვის შესაძლებელია ინდივიადუალური სასწავლო გეგმის შედგენა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიკაცია) და სასწავლო მასალის ადაპტირება/დამხმარე სასწავლო რესურსის მომზადება.

ასევე, საჭიროების მიხედვით, თქვენ დაგხვდებათ: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, პერსონალური ასისტენტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ორიენტაციისა და მობილობის ტრენერი და ა.შ.

დაბოლოს, შესაძლებელია ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაც.

საქართველოში ინკლუზიური პროფესიული განათლება 2013 წლიდანაა აქტუალური და ყოველწიურად იზრდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა. უკვე ბევრი კურსდამთავრებული და დასაქმებულიც გვყავს…

პროფესიული განათლების რეფორმის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო დაფინანსებით, ჩაირიცხა 161 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი“.

2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიშში (Tracer Study), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კურსდამთავრებულების დასაქმების შესახებ, ვკითხულობთ, რომ „კვლევაში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კურსდამთავრებულები გამოკითხულთა, დაახლოებით, 4% (50)-ს წარმოადგენდნენ. მათი დასაქმების მაჩვენებელია 18%, რაც იმას გულისხმობს, რომ კვლევაში მონაწილე 50 სსსმ კურსდამთავრებულიდან მხოლოდ 9 არის დასაქმებული, აქედან 7  დაქირავებით დასაქმებული და 2 თვითდასაქმებული. თუ შევხედავთ მათი დასაქმების მაჩვენებელს მიმართულებების მიხედვით, ვნახავთ, რომ 3 კურსდამთავრებული დასაქმებულია ინჟინერიის მიმართულებით, 2  ხელოვნების და თითო რესპონდენტი  ყველა დარჩენილი მიმართულებით “.

აქვე აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო კოლეჯებში სწავლა სრულიად უფასოა და ზოგიერთ მიმართულებაზე კონკურენციაც არსებობს.

ეკა ღვინიაშვილი

ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი

კვლევის ანგარიშები:

https://vet.ge/api/files/reports/6037492a6ad6de001d069055

https://vet.ge/api/files/reports/6053070f3b8b65001cd46986

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები