24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცოდნის კონსტრუქტივისტული აგება „კი და არა“ მაგალითების სტრატეგიით

spot_img

თამარ ჯაყელი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ექსპერტი

 

პერსონაჟთა დიალოგი (პირველი ნაწილი)

წარმოვიდგინოთ, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეებს მივეცით ასეთი კომპლექსური დავალება:

კომპლექსური დავალება:   წაიკითხე და განაგრძე რ. ინანიშვილის მოთხრობა „განთავისუფლება“: მოირგე მთხრობლის, ბაბუის როლი და წერილობით გადმოეცი მისი სახლში დაბრუნების ამბავი; დაწერე დიალოგი, რომელიც გაიმართებოდა ბაბუასა და მის შვილიშვილებს შორის.

ნამუშევარში გამოკვეთე დეტალები (მაგ. სად და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს პერსონაჟები, როგორ მოუყვა ორი კუს ამბავს, მოუწონეს თუ არა ბაბუს საქციელი).

ნაშრომის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რას გვეუბნება დიალოგი პერსონაჟების შესახებ? როგორები არიან ისინი, როგორი ურთიერთობა აქვთ? რა მიგვანიშნებს ამაზე;
  • რით უკავშირდება შენ მიერ შექმნილი დიალოგი მოთხრობას, მის სათქმელს, დედააზრს;
  • რატომ გადაწყვიტე მოთხრობის ასე გაგრძელება, რა ინფორმაციას, რა მინიშნებებსა და ცოდნა-გამოცდილებას დაეყრდენი;
  • რის საფუძველზე დასვი სასვენი ნიშნები ამგვარად.

შეიძლება ითქვას, რომ ქვეცნება „პერსონაჟთა დიალოგი“ ამ დავალებაში წამყვანი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, მოსწავლეებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ქვეცნების მნიშვნელობა, მისი საზრისი. გაგებინების ხელშესაწყობად შესაძლებელია ავირჩიოთ „კი და არა მაგალითების“ ანუ დადებითი და უარყოფითი მაგალითების სტრატეგია. წინამდებარე სტატია ეძღვნება   სწორედ ამ სტრატეგიის წარმოჩენას „პერსონაჟთა დიალოგის“ მაგალითზე. ამ სტრატეგიის გამოყენება ნებისმიერ საგანშია შესაძლებელი ნებისმიერი ცნებისთვის (იხ. „ცნებებზე ორიენტირებული ცოდნის კონსტრუქტივისტული აგება“, თამარ ჯაყელი, ზურაბ ვახანია; https://bit.ly/3Emg203).

პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ, რა ცოდნა-გამოცდილების მქონე მოსწავლეებისთვის და  რისთვის გვინდა „პერსონაჟთა დიალოგის“ სწავლება. ამ მოცემულობების გათვალისწინებით უნდა განვსაზღვროთ ქვეცნების ის არსებითი ნიშანთვისებები (ანუ პირობისეული ცოდნა), რომელთა გაცნობიერებამდე გვინდა მოსწავლეთა მიყვანა აღმოჩენის, აქტიური სწავლის გზით.

ცხრილში   მოცემულია ამ ორ შეკითხვაზე   რეფლექსიის შედეგი.

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ქვეცნების „პერსონაჟთა დიალოგის“ ნიშანთვისებები მოიცავს სხვადასხვა ქვესაკითხებს, რომლებსაც სწავლა-სწავლების პროცესში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. ესენია: პერსონაჟის ხასიათი, რეპლიკა, სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი სიტყვა, აბზაცი, ტირე, ორწერტილი.

ცოდნა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი რომ გავხადოთ, სასურველია შერჩეული ქვეცნების გამომხატველი დადებითი და უარყოფითი („კი“ და „არა“) მაგალითების შერჩევა მოსწავლეთა წინარე ცოდნის გათვალისწინებით.

მაგალითების განხილვის პროცესი რომ ნაყოფიერი იყოს, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ განსახილველი ქვეცნების როგორც დადებითი ტიპური და არატიპური, ანუ ცხადი და არაცხადი მაგალითები, ისე უარყოფითი ცხადი და არაცხადი მაგალითები. ამ საკითხს ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

ქვეცნების „პერსონაჟთა დიალოგის“ შემუშავების პროცესი გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1. პროცესზე შეთანხმება;

ნაბიჯი 2. დაკვირვება „კი მაგალითებზე“ და „არა მაგალითებზე“, მათი განხილვა-გაანალიზება;

ნაბიჯი 3. ქვეცნების არსებით ნიშანთვისებათა ერთობლიობის განყენება (აბსტრაჰირება), გადამოწმება, დადასტურება (ვალიდაცია);

ნაბიჯი 4. განსახილველი მაგალითების დამოუკიდებლად კატეგორიზება „კი და არა“ მაგალითებად;  

ნაბიჯი 5. გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება ხარაჩოების საშუალებით.

ამ ნაბიჯებში გათვალისწინებულ აქტივობათა შესრულების შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან მიღებული ცოდნის ტრანსფერისთვის ზემოთ შემოთავაზებული კომპლექსური დავალების კონტექსტში.

 ახლა დეტალურად განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი.

 ნაბიჯი 1. პროცესზე შეთანხმება – მასწავლებელი აღუწერს მოსწავლეებს პროცესს, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ მოსწავლეები:

        – გაჩვენებთ პერსონაჟთა დიალოგის სხვადასხვა მაგალითებს, მათზე დაკვირვებით უნდა მიაგნოთ, რა ნიშანთვისებები აქვს ცნებას „პერსონაჟთა დიალოგი“.

ამისთვის აუჩქარებლად დააკვირდებით მაგალითებს, შეადარებთ ერთმანეთს და ეცდებით, იპოვოთ, რა საერთო ნიშანთვისებები აქვთ მათ; რაც იქნება ყველა მაგალითისთვის საერთო, ის იქნება “პერსონაჟთა დიალოგის“ არსებითი ნიშანთვისებები. მაგალითებს, რომლებიც შეესაბამება „პერსონაჟის დიალოგს“, ვუწოდებთ „კი მაგალითებს“. გარდა ამ „კი მაგალითებისა“, მოგაწვდით   ისეთ მაგალითებსაც, რომლებიც არ იქნება   „პერსონაჟთა დიალოგი“. მათ ვუწოდებთ „არა მაგალითებს“ – არა მაგალითი დაგვეხმარება, აღმოვაჩინოთ პერსონაჟთა დიალოგის ისეთი თვისებები, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით.

თამაშის წესი: ყველა პასუხი მისაღებია, ყველა პასუხს დაფაზე დავწერ – ეს დაგვეხმარება ძიების გზაზე, ყველა უნდა ჩაერთოს ძიების პროცესში; ერთად უნდა აღმოვაჩინოთ, რა ნიშანთვისებები აქვს ცნებას   „პერსონაჟის დიალოგი“, მე ყოველმხრივ დაგეხმარებით.


ნაბიჯი 2.
დაკვირვება „კი მაგალითებზე“ და „არა მაგალითებზე“
, მათი შედარება, გაანალიზება.

  • დაკვირვება პირველ მაგალითზე

მაგალითი 1. „კი მაგალითი“ (ცხადი დადებითი „კი“ მაგალითი, ნაწყვეტი მოთხრობიდან „ჯიუტი თხები“)

        – უკან დაიხიე! – უთხრა ერთმა მეორეს.

        – ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე! – შეეპასუხა მეორე.

 გეზისმიმცემი შეკითხვები: რას ხედავთ? რას ამჩნევთ? რა შეგიძლიათ თქვათ ამ მაგალითზე დაკვირვების შედეგად? არ აჩქარდეთ, კარგად დააკვირდით, ყველამ შეიძლება დაინახოს რაღაც, რასაც სხვა ვერ შეამჩნევს, ყველა პასუხი მისაღებია, თქვენს პასუხებს დაფაზე დავწერ. 

  • ეტაპობრივად დაკვირვება სხვა „კი მაგალითებსა“ და „არა მაგალითებზე“.

მაგალითი 2. „კი მაგალითი“ (ცხადი დადებითი მაგალითი, ნაწყვეტი ქ. ჭილაშვილის მოთხრობიდან „გემი“)

        – მამიკო, კიდევ მიყიდე რა ნავი!

        – რად გინდა ორი ერთნაირი სათამაშო?! – გაუკვირდა მამას.

        – ის გივის დავუტოვე, იმას ხომ მამა არ ჰყავს! – თქვა ბავშვმა. 

მითითება: ესეც „კი მაგალითია“; ვადარებთ წინას, ვეძებთ მსგავსებებს, ვეძებთ განსხვავებებს, რაც განსხვავებულია, იმას გადავხაზავთ.

გეზისმიმცემი შეკითხვები: რა საერთო ნიშანთვისებები აქვს ამ „კი მაგალითს“ წინასთან? ვინ და ვინ ლაპარაკობს მეორე მაგალითში? ვინ ამბობს “ ის გივის დავუტოვე, იმას ხომ მამა არ ჰყავს!“? საიდან ვიგებთ? „თქვა“ არის პირველ დიალოგში? მაშ იქ რომელი სიტყვითაა პირველი თხის სასაუბრო ქცევა აღნიშნული? მეორე თხის? (უთხრა, შეეპასუხა)? როგორ გგონიათ, ყველა დიალოგში არის სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი სიტყვა?

გრძელდება მაგალითების განხილვა, არსებით ნიშანთვისებათა განყენება, ანუ ქვეცნების შემუშავების პროცესი: 

მაგალითი   3.არა მაგალითი“ (ცხადი უარყოფითი მაგალითი, ნაწყვეტი გოგებაშვილის მოთხრობიდან „უსუნო ყვავილი“)

მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი. ბიჭს ძალიან მოეწონა, მოწყვიტა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოიღო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სურნელი მისცემოდა.

გეზისმიმცემი შეკითხვები: ეს „არა მაგალითია“. რით განსხვავდება ეს „არა მაგალითი“ „კი მაგალითებისგან“? რატომ არ არის ეს „პერსონაჟთა დიალოგი“? 

გრძელდება ქვეცნების გააზრების (კონცეპტუალიზაციის) პროცესი:

მაგალითი 4.კი მაგალითი“ (ცხადი დადებითი მაგალითი, ა. სულაკაურის მოთხრობიდან „სალამურა“)

        – ვინა ხარ? – ჰკითხა ყვითელკაბიანმა გოგონამ.

        – მე სალამურა ვარ, ჭიამაიების მწყემსი.

        – მერე, ამ ღამეში აქ რამ მოგიყვანა?

        – ჭიამაიები დავკარგე და იმათ ძებნაში შემომაღამდა.

მაგალითი 4.1. „კი მაგალითი“ (ცხადი კი მაგალითი; ნაწყვეტი მოთხრობიდან „და-ძმა“, ქეთევან ჭილაშვილი)

        – ვაიმე, დედა! – უცებ ლიზიკომ თვალზე ხელი იტაცა.

        – ქვა ხომ არ მოგხვდა? – შეშფოთდა ნიკო.

        – კაკალი დამეცა…

        – სუ, ნუ ტირი, მოგირჩება, – მიეფერა ნიკო.

გეზისმიმცემი შეკითხვები: რა საერთო აქვთ აქამდე განხილულ „კი მაგალითებთან“? ამ მაგალითებზეც ვრცელდება ის ნიშანთვისებები, რომლებიც ერთად გამოვავლინეთ? ხომ არ უნდა გადავხაზოთ რაიმე? რაიმე ახალ ნიშანთვისებას ხომ ვერ ამჩნევთ, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ? რამდენი პერსონაჟი საუბრობს ამ მაგალითში? რამდენი რეპლიკაა? საიდან იგებთ? (ტირეთია გამოყოფილი); სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი რომელი სიტყვა გვხვდება? შესაძლებელია, სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი სიტყვა პერსონაჟის გრძნობებს გამოხატავდეს? (კი, მაგალითად, გაუკვირდა (მაგ. 2); შეშფოთდა, მიეფერა (მაგ. 4.1);

  • ყველა რეპლიკასთანაა მითითებული, ვინ არის მთქმელი? მაშ, როგორ იგებთ მთქმელის ვინაობას? (მონაცვლეობითაა რეპლიკები); სხვა „კი მაგალითებშიც“ ასეა? რა დასკვნები გამოვიტანოთ განხილული „კი მაგალითებიდან“? შევაჯამოთ.

მაგალითი 5. „არა მაგალითი“ (უარყოფითი არაცხადი მაგალითი – სასაუბრო)

        – შაშვს, ბულბულს, ქორს, არწივს, ყვავს, ჩხიკვს, კაჭკაჭს, ტოროლას რა საერთო სახელი ჰქვიათ?

        – გარეული ფრინველები.

        – მათ შორის რომელია განთქმული გალობით?

        – ბულბული, შაშვი და ტოროლა მგალობელი ფრინველები არიან.

        – რას გულისხმობს გამოთქმა – ბინადარი ფრინველი?

        – ბინადარია ფრინველი, რომელიც ზამთრობით არ ტოვებს თავის სამკვიდრო ადგილს. მაგალითად, შაშვი ბინადარია.

გეზისმიმცემი შეკითხვები: ეს „არა მაგალითია“! კარგად დააკვირდით და გვითხარით, რატომ არ არის ეს „პერსონაჟთა დიალოგის“ მაგალითი? რა ნიშანთვისება აკლია ისეთი, რის გამოც   „პერსონაჟთა დიალოგს“ ვერ მივაკუთვნებთ?

  • თუ ვერავინ იპოვის პასუხს, გარკვეული დროის შემდეგ დავეხმარებით: ჩანს თუ არა, ვინ არიან და როგორები არიან პერსონაჟები? დავაკვირდეთ სხვა „კი მაგალითებს“, ჩანს თუ არა „კი მაგალითებში“ პერსონაჟები? შესაძლებელია თუ არა, მათი ნალაპარაკევიდან გამოვიტანოთ რაიმე დასკვნა მათ შესახებ? (მაგ., როგორი ხასიათი აქვთ, რას გრძნობენ, რას განიცდიან); გადავამოწმოთ, ასეა თუ არა ყველა „კი მაგალითში“! მაშასადამე რატომ არ არის ეს „არა მაგალითი“ „პერსონაჟთა დიალოგი“? რა არსებითი ნიშანთვისება აკლია მას ამისთვის? რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია „კი მაგალითებზე“ დაყრდნობით პერსონაჟების შესახებ? (მნიშვნელოვანია ეს დასკვნები, ანუ განყენებული ნიშანთვისებები მოსწავლეებმა საკუთარი სიტყვებით გამოთქვან, მასწავლებელმა კი ისინი დაფაზე   ჩამოწეროს).

გრძელდება ქვეცნების გააზრების (კონცეპტუალიზების) პროცესი:

მაგალითი 6. „არა მაგალითი“ (უარყოფითი არაცხადი მაგალითი, ნაწყვეტი მოთხრობიდან „ოჰ, ეს გარეული კურდღელი“, ქეთი კვიტატიანი)

მე ხტუნვისა და სირბილისთვის დავიბადე! სიარული არ შემიძლია. არა, რა კენგურუ, კურდღელი ვარ. ახლაც სტაფილოს მოსაპარად მივხტუნავ. ქურდობა რომ არ შეიძლება, ვიცი, მაგრამ რა ვქნა,.. დიდი რამე, თუ ზოგჯერ ყელის ჩატკბარუნება მომინდა.

მაგალითი 7. „კი მაგალითი“ (ცხადი დადებითი მაგალითი, ნაწყვეტი ზღაპრიდან „გვრიტი“)

წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა:

        – გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარ?

        – შვილების საძებნელად.

        – მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნები.

        – ძალიან კარგი, – უთხრა გვრიტმა, – მშველელი და ამხანაგი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდა.

გეზისმიმცემი შეკითხვები: რატომ არ არის მე-7 მაგალითი „პერსონაჟთა დიალოგის“ მაგალითი? რით განსხვავდება ეს „არა მაგალითი“ „კი მაგალითებისგან“? მე-7 მაგალითს რა საერთო აქვს აქამდე განხილულ „კი მაგალითებთან“? ამ მაგალითზეც ვრცელდება ის ნიშანთვისებები, რომლებიც ერთად გამოვავლინეთ? სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი სიტყვები რეპლიკის წინ არის თუ რეპლიკის შემდეგ? რა სასვენი ნიშანი დაისმის, როცა რეპლიკის წინაა? როცა რეპლიკის შემდეგაა? შეგიძლიათ წესი ჩამოაყალიბოთ? 

შენიშვნა: პერიოდულად შევაჯამებინებთ მიგნებებს და დაფაზე მკაფიოდ ჩამოვწერთ.

ნაბიჯი   3. ნიშანთვისებათა ერთობლიობის განყენება (აბსტრაჰირება), გადამოწმება, დადასტურება (ვალიდაცია) მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, თავი უნდა მოუყარონ იმ ნიშანთვისებებს, რომლებსაც მიაგნეს მაგალითების განხილვის პროცესში. სასურველია, მასწავლებელმა ეს დიდი ფორმატის ფურცელზე დაწეროს და კლასში გამოაკრას, რათა მოსწავლეებმა, საჭიროებისამებრ, გამოიყენონ და თანდათან განიმტკიცონ ახლად აგებული ცოდნა.

მოსწავლეებს შევთავაზებთ დამატებით „კი მაგალითებს“ გამოტანილი დასკვნების მართებულობის გადასამოწმებლად:

      – რამდენად დასტურდება სხვა „კი მაგალითებში“ თქვენ მიერ გამოკვეთილი ნიშანთვისებები? რატომ გგონიათ ასე?

ნაბიჯი 4.   მაგალითების დამოუკიდებლად კატეგორიზება „კი და არა“ მაგალითებად მოსწავლეებმა თვითონ უნდა გაარკვიონ მიცემული მაგალითები „კი მაგალითებია“ თუ „არა მაგალითები“.

მაგალითი 10. არაცხადი დადებითი მაგალითი („კი“ მაგალითი) (ნაწყვეტი ი. გოგებაშვილის მოთხრობიდან „პეპელა და ფუტკარი“)

ფუტკარს მინდვრიდან თაფლი მიჰქონდა თავის სკაში. გზაზე ჭრელი, მორთული პეპელა შემოეყარა.

პეპელამ უკმეხად შეჰყვირა:

      – ეი, შენ, თხუპნიავ, გზიდან ჩამომეცალე, ტანისამოსი არ გამისვარო!

ფუტკარს ჯერ გული მოუვიდა და გაიფიქრა, ახი არ იქნება, რომ ამ ბრიყვს ჩემი შხამიანი ისარი ვკრა და ჭკუა ვასწავლოო? მაგრამ მალე აზრი შეიცვალა, რა ვაჟკაცობაა, ძალა ვიხმარო ამ სუსტსა და უიარაღო სულდგმულზე. ისა ჯობია, სულგრძელობით და თავაზიანად მოვექცეო. ჩამოეცალა გზიდან და მშვიდად უთხრა:

      – მიბრძანდი, ქალბატონო!

გეზისმიმცემი შეკითხვები: როგორ გგონიათ, მე-10 მაგალითი არის თუ არა „პერსონაჟთა დიალოგი“? რატომ გგონია ასე?

მაგალითი 11. არაცხადი მაგალითი („არა“ მაგალითი)

ერთხელ ლიზიკოს ბებოსთვის წერილის გაგზავნა მოუნდა.

      – მაგრამ წერილს როგორ დავწერ, მე ხომ ჯერ წერა არ ვიცი, ჩაფიქრდა გოგონა ბებოს ახალი ამბები როგორ გავაგებინო?

გეზისმიმცემი შეკითხვა: მე-11 მაგალითი არის თუ არა „პერსონაჟთა დიალოგი“? რატომ გგონია ასე?

ნაბიჯი 5. ცოდნის გამოყენება ხარაჩოების საშუალებით

აქტივობა 1. კარნახით 4-5-რეპლიკიანი დიალოგის დაწერა. ნაწერების, განსაკუთრებით სასვენი ნიშნების, შესწორება მეწყვილეებს შორის, ბოლოს მართებულ ვარიანტთან შედარება.

რესურსი 1. მოსწავლეთა მიერ კარნახით დაწერილი დიალოგი.

      მგელმა ხმა დაირბილა და გოგონას ჰკითხა:

      – წითელქუდა, სად მიდიხარ?

      წითელქუდამ მგელს უპასუხა:

      – ბებიასთან მივდივარ, ღვეზელი და ერბო მიმაქვს.

      – შორს ცხოვრობს შენი ბებო? ჩაეკითხა მგელი.

      – საკმაოდ, მიუგო წითელქუდამ.

 გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რომელია სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელი სიტყვები?
  • სად დგას თითოეული რეპლიკის წინ თუ რეპლიკის შემდეგ?
  • წყვილებში მუშაობისას რა შეცდომები გაასწორეთ? რის საფუძველზე გაასწორეთ ამგვარად?
  • მართებულ ვარიანტთან შედარებისას რაიმე ახალი შეცდომა თუ აღმოაჩინეთ?
  • როგორ ჩამოვაყალიბოთ დიალოგში სასვენი ნიშნების დასმის წესები?

აქტივობა 2. მოსწავლეთათვის კარგად ნაცნობი მოთხრობის შერჩევა (მაგალითად, ი. გოგებაშვილის მოთხრობა „მეზობლები“) და ამ მოთხრობისთვის პერსონაჟთა დიალოგის ერთობლივად შედგენა.

ინსტრუქცია: ერთად დავწეროთ დიალოგი, რომელიც გაიმართებოდა ივანესა და მის მეზობელს შორის, მას შემდეგ, რაც მეზობელმა ივანეს ფული მიუტანა.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორია ივანე?
  • როგორია მეზობელი ამბის დასაწყისში?
  • როგორია ამბის ბოლოს?
  • როგორ გამოვავლინოთ დიალოგით პერსონაჟების ხასიათი?
  • როგორ უნდა დავსვათ სასვენი ნიშნები ?

შესადგენი დიალოგის შესაძლო ვერსია:

      – აი, ჩემო კარგო მეზობელო, ის ფული უკან მოგიტანე! უთხრა მეზობელმა ივანეს.

      – რომელი ფული? გაუკვირდა ივანეს.

      – შენი ცხენის მიერ მოყენებულ ზარალში რომ გადაგახდევინე, დამორცხვებით მიუგო მეზობელმა.

      – რატომ მომიტანე უკან?

      – შენმა საქციელმა დამაფიქრა, შემრცხვა! მართალი ხარ, მეზობლები ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ.

      მეზობლები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

 შედგენილი დიალოგის ერთობლივად შეფასება მისი გაუმჯობესების მიზნით:

  • ჩანს თუ არა დიალოგიდან პერსონაჟების ხასიათი? საიდან?
  • იწყება თუ არა ყველა რეპლიკა აბზაცით და ტირეთი?
  • დასმულია თუ არა სასვენი ნიშნები რეპლიკის ბოლოს?
  • სწორად არის თუ არა დასმული სასვენი ნიშნები სასაუბრო ქცევის აღმნიშვნელ სიტყვებთან?

 ამგვარი მუშაობის შემდეგ დაიწყება ზემოთ ნახსენები რ. ინანიშვილის მოთხრობის   „განთავისუფლება“ დამუშავება და მასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალების განხორციელება.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები