20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ – ცხოვრებაში დაბრუნების შანსი

spot_img

ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როცა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ერთ-ერთი უფროსკლასელი, ელენე სურამელაშვილი, რომელიც მომავალში ფსიქოლოგობას აპირებს, „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრში“ იმის გამო მივიდა, რომ მომავალი პროფესიის შესახებ შეეტყო მეტი უშუალოდ სპეცალისტებისგან. ელენე საქმიანობაში ჩაერთო და დაინახა იმაზე მეტი, რასაც სტიგმატიზებული საზოგადოება ხედავს – დაინახა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სტეროტიპების ტყვეობაში ცხოვრობს. „ჩემი ყურდღება პაციენტების ნახატებმა მიიპყრო, ძალიან მომეწონა, – გვიყვება ელენე, – მერე შთაბეჭდილება ჩემს მეგობრებს გავუზიარე, ნახატებს ფოტოები გადავუღე და ვაჩვენე. მათაც ძალიან მოიწონეს. გაგვიჩნდა იდეა, მოგვეწყო მათი ნახატების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა მათივე რეაბილიტაციას მოხმარებოდა.“

დაიწყო მზადება, თანამოაზრე მეგობრების რიცხვი მალე გაიზარდა: ელენე სურამელაშვილი, ელენე ჯიშკარიანი, ნინი შაგიძე, მარიამ ქარაზანიშვილი, ქეთი ლოლაზე, სოფო ფხაკაძე, სანდრო კილასონია, ლიზა ინგოროყვა, მია ოქრუაშვილი – ამ ახალგაზრდებმა, 12 ოქტომბრისთვის, დაგეგმეს საქველმოქმედო საღამო – „ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ“. მეთორმეტეკლასელები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში აგროვებდნენ საქველმოქმედო გამოფენისთვის ნახატებს. პირველ რიგში, მათ პაციენტების თანხმობა დასჭირდათ, რომლებმაც მოისურვეს თავიანთი ნახატები გამოფენაზე გასაყიდადა გაეტანათ. ამის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მათ შორის, აუქციონისთვის ათი ნახატიც შეირჩა.

 

საღამოს ორგანიზატორები მიყვებიან, რომ ვინც კი  გაიგო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ყველასგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ, მეტიც, ახალგაზრდების ინიციატივამ სკოლის ადმინისტრაციაც მოხიბლა, მასწავლებლებიც, მშობლებიც და მეგობრებიც. ყველა ცდილობდა, რაღაცაში დახმარებოდა გამოუცდელ „ქველმოქმედებს“, ავრცელებდნენ ინფორმაცაის – აანონსებდნენ საღამოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოსულიყო იდეის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ“ – ამ მოწოდებამ, 12 ოქტომბერს, საზოგადოების ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად სასტუმრო „Moxy“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გააერთინა. ელენე სურამელაშვილი ამბობს, რომ „გამოფენის მიზანიც სწორედ ეს არის, ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ ამ განსხვავებაში საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისგან დიდი აგრესიაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმეს განსხავავებულ საქციელს შენიშნავენ. ამ ღონისძიებით გვინდა, რომ ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომელიც, ჩვენს საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანების მიმართ არსებობს. ამის გარდა, საღამო საქველმოქმედოა და გვინდა, შემოსული თანხით ამ ადამიანებს დავეხმაროთ. საჭიროება კი მართლაც დიდია, რაც ჩემი თვალით ვნახე ცენტრში“.

 ნინი შაგიძე: „გვინდა ფული შევაგროვოთ მათივე წამლებისთვის. ამ ადამიანებს მორალური თანადგომის გარდა, ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდებათ. პირველ რიგში კი, ჩვენი ინიცირებული გამოფენით ვებრძვით საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ სტერეოტიპებს, გვინდა იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვთ ვუთხრათ, რომ ამაში საშიში და სამარცხვინო არაფერია, საღამოს სახელწოდებაც ამას მიუთითებს – ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ და ამ ერთი მზის ქვეშ მცხოვრებმა ადამიანებმა, დროა, წავშალოთ ჩვენ მიერვე დაწესებული ზღვარი, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს ხაზს უსვამს და ნუღარ დავყოფთ ადამიანებს – „ ჩვენ და ისინი“. საზოგადოება განსხვავებული ადამიანების მიმართ მკაცრი და მიუღებელია, არა მხოლოდ ამ ტიპის, არამედ სხვა ტიპის განსხვავებულების მიმართაც ცუდი მიმღებლობა გვაქვს. ერთი საღამოთი ან თუნდაც რამდენიმე საათით თუ დავაფიქრებთ ამაზე ადამიანებს, მიზანი მიღწეული იქნება. ისინი ჩვენი ნაწილი არიან ისევე როგორც ძალიან წარმატებული ადამიანები. რამდენიმე ნახატი, თავის პერსპექტივით, ანახებს ადამიანებს მათ ხედვას და განცდას. რაც მთავარია, გაგრძნობინებს, რომ განსხავავებული შესაძლებლობების მიუხედავად, ჩვენ, ერთ სამყაროში ვცხოვრობთ   და ამ სამყაროში ჩვენი უფლებები თანასწორია.“

ელენე ჯიშკარიანი: „აუქციონისთვის შერჩეული ნახატები კიდევ უფრო მეტად გვაგარძნობინებს, რომ ჩვენ მართლა ერთ მზეს ვხედავთ, ერთი რამ გვაწუხებს, ერთი რამ აღგვაფრთოვანებს. ნამუშევრებიც, სწორედ ამ პრინციპით გავაერთიანეთ, გვინდოდა, საქველმოქმედო გამოფენაზე მოსულ ადამიანებს დაენახათ და ეგრძნოთ ამ ადამიანების ნიჭიც და ცხოვრებისთვის ბრძოლის უნარიც. ჩანაფიქრიც ეს იყო, საღამოზე ისეთი განწყობა შეგვექმნა, როგორიც, მაგალითად, ცნობილი ადამიანების ექსპოზიციებსა და აუქციონზე მოსულ ადამიანებს აქვთ. გვინდა, დამთვალიერებელმა დაინახოს, რომ ამ ხალხსაც შეუძლია შექმნას რაღაც ღირებული, გამოავლინოს ნიჭი, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. მთავარია, ჩვენ ეს დავინახოთ და ვაღიაროთ, ისე როგორც სხვებს ვაღიარებთ. ასეთი ტიპის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.“

საზოგადოების სტიგმატიზებაზე საუბრობს ცენტრის ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილიც. ამბობს, რომ ამ ადამიანების მიმღებლობა საზოგადოებაში არც თუ ისე კარგია. მსგავსი ღონისძიებები სწორედ ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ძალიან მნიშვნელოვანია. „10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, მთელი კვირა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულად ცხადდება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ბავშვებმაც ამიტომ დაამთხვიეს ეს საღამო ამ პერიოდს. ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები, მაგრამ ამ კვირაში განსაკუთრებით ვიხსენებთ მათ, ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც რეალურად გვაქვს, რადგან არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. დღეს ეს ძალიან ენერგიულმა ახალგაზრდებმა, ამ   ჩვენი პაციენტების ნამუშევრების   გამოფენით, შეგვახსენეს. საქველმოქმედო საღამოზე შემოსული ყოველი თეთრი პაციენტების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას მოხმარდება“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცხოვრების მანძილზე ყოველ მეხუთე ადამიანს, დიაგნოსტირებადი რაღაც ტიპის ფსიქიკური პრობლემა უფიქსირდება, თუმცა, ზოგჯერ, უბრალოდ, არის პრობლემა იდენტიფიცირებული, ზოგ შემთხვევაში კი – ზედმეტად იდენტიფიცირებული და სტიგმატიზებული. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სტიგმა შემცირდეს? ფსიქიატრი გვპასუხობს, რომ „ამისთვის ადამაინებს თვითონ უნდა ჰქონდეთ შეხება ამ ადამიანებთან და საკუთარი თვალით ხედავდნენ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან.

საზოგადოება სტიგმატიზებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, მსოფლიო პრობლემაა. გამოსავალი კი მხოლოდ განათლებაშია – რაც უფრო მაღალია საზოგადოების განათლების დონე, ამ სფეროშიც მეტად არიან ადამიანები გათვითცნობიერებული.

თუმცა, გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ 2002 წლიდან (როცა პირველად დაიწყო მუშაობა ამ მიმართლებით) დღემდე, საზოგადოება შეიცვალა, დღეს უფრო თამამად მოდიან ჩვენთან ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანები, თუმცა, რამდენად თამამად ამას ვერ გაზომავს. „ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი, ფსიქოკონსულტაცია დღეს ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივი რამ გახდა და არა სამარცხვინო, როგორც ეს წლების წინ იყო. თუმცა, ამ მიმართულებით საბრძოლველი ჯერ კიდევ ბევრია. არც სახელმწიფოს მხრიდან არის სათანადო მხარდაჭერა, რადგან ის, რაც კეთდება, ზღავში წვეთია – ამბობს ცენტრის ფსიქიატრი. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, 2019 წელს – 25 მილიონი ლარით დაფინანსდა და მისი ამოცანა ამ ადამიანების მკურნალობა და რებილიტაციაა. ხმამაღლა ჟღერს 25 მილიონი ლარი, სინამდვილეში კი ძალიან ცოტაა. „ბევრი რამეა ამისთვის საჭირო. სახელმწიფო ამ ადამიანებს ხედავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ხედავს მხოლოდ აისბერგის წვერს, მათ, ვისი მდგომარეობაც   ძალიან მძიმეა, ის ჯერ კიდევ ვერ ასცდა   ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სწორედ აქ არიან მხოლოდ იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული პაციენტები, მოსახლეობის, დაახლოებით, 3 პროცენტი ე.წ. მძიმე ფსიქიკური ავადმყოფი, მაგრამ, პარალელურად, არსებობენ „უჩინარი“ პაციენტები (20 პროცენტი), საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მქონე. სამწუხაროდ, სახელმწიფო მათ მიხედვაზე უარს ამბობს იმის გამო, რომ ფიქრობს, ნევროზი ხომ ადამიანთა უმეტესობას აქვს და თავის თავზე მხოლოდ ფსიქოზების მკურნალობას იღებს. ამას ისიც ემატება, რომ, რიგ შემთხვევაში, უბრალოდ, ადამიანები სტიგმის გამო თვითონ არ მიდიან სპეციალისტთან, ამიტომ იკარგებიან სპეციალისტების თვალსაწიერიდან, დახმარებისთვის ზოგი „ჯადოქარს“ მიმართავს, ზოგი მეგობარს და ა.შ.“

სახელმწიფო საზოგადოების ცოდნის ამაღლებაზეც ზრუნავს, თუმცა, აქაც გაცილებით ნაკლებს აკეთებს, ვიდრე საჭიროა. როგორც გიორგი გელეიშვილი გვიყვება, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად სახელმწიფომ, დაახლოებით ცხრა თვის წინ, პროგრამა წამოიწყო, და ამისთვის 1401 ათასი ლარიც გამოყო, ტენდერიც გამოაცხადა, მაგრამ ტენდერი ჩავარდა, დრო გაიწელა. ვიდრე მეორე ტენდერი შედგებოდა და რომელიმე ორგანიზაცია გაიმარჯვებდა, თანხებიც შემცირდა, რადგან წლის ბოლომდე რამდენიმე თვე რჩებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრში“ შეიქმნა. იქ გაწევრიანებული პაციენტების უმეტესობას სპეციალისტი სახლში აკითხავს, თუმცა, ვისაც სურვილი აქვს (მცირე ნაწილი), ცენტრში სტუმრობს დღის კლუბს, ხატავს, ერთობა…   ცენტრი არტთერაპიის საშუალებით ახდენს მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და აძლევთ ცხოვრებაში დაბრუნების შანსს. „ცნობილია კავშირი გენიალობასა და ზოგიერთ ფსიქოავადმყოფობას შორის, მათ შორის ხელოვნებაში. ყოველი მათი ნახატი არის მცდელობა დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

 ფსიქიკური ჯანმრთელობის ასერტული მეთოდოლიგია, რომელიც ამერიკიდან გადმოვიღეთ, გულისხმობს მკურნალობასა და რეაბილიტაციას თემში. ამ მეთოდით ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, ვისაც ხშირი სტაციონირება ჰქონდათ. ჩვენი ამოცანაა, მათ თავიანთ ოჯახებში და თემში ისე იცხოვრონ, რომ საავადმყოფო აღარ დასჭირდეთ. ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ცენტრის ოფისის მეზობლებთან გვაქვს ყოველდღიური ცივი ომის – ეს ხალხი გვიჩივის, არ უნდათ, რომ იქ ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენი პროფილი ფსიქიატრიულია.“

12 ოქტომბერს ახალგაზრდების ინიცირებული აუქციონი წარმატებულად დასრულდა, ათივე ნახატი გაიყიდა და საკმაოდ სოლიდური თანხაც შემოვიდა – 10350 ლარი, ამას დარბაზში გაყიდული ნახატებისა და ბილეთების ფულიც დაემატა.

აუქციონის წამყვანმა მეთორმეტეკლასელმა, ზურა რამიშვილმა გვითხრა, რომ ასეთი აქტივობის იმედი ჰქონდა, „ჩვენ ყველა კარგ საქმეს ვაკეთებთ, რადგა ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ და თუ ვერ ვხედავთ უნდა დავინახოთ. ასეთი ინიციატივებით, დარწმუნებული ვარ გავზრდით ინტერესს და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დახმარების სურვილს, რაც მთავარია, ავამაღლებთ საზოგადოებაში ცნობიერებას, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, რომ მათ არ შევხედოთ როგორც არათანასწორებს.“

 

იასამნები…. ღვთისმშობელი…. იესო… უსათაურო აბსტრაქციები… კეთილი ადამიანების კუთვნილება გახდა. ეკატერინე გიორგობიანი ამბობს, რომ მხარი დაუჭირა ბავშვების მონდომებას, გაგვერთიანდეთ იდეის გარშემო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ. ფიქრობს, რომ, ნახატის შეძენით მცირე წვლილი შეიტანე ამ კეთილშობილურ საქმეში. ზვიად სხვიტარიძეს სურს, რომ, პირველ რიგში, მართლა ერთ მზეს ვხედავდეთ, თუმცა, მისი აზრით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა, ჯერ კიდევ განვასხვავებთ ადამიანებს ამ ნიშნით. თუმცა, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისვთის, რომ დამოკიდებულება შევცვალოთ. ახალგაზრდების ინიციატივაც ამის დასტურია. გიორგი შაგიძის აზრით მსგავსი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავი დავაღწიოთ სტიგმატიზებულ საზოგადოებას. ინიციატივა მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა ის 18 წლის ახალგაზრდებისგან მოდის.

ფსიქიკური დაავადების შესახებ არსებული სტერეოტიპებისა და გაურკვევლობის დასაძლევად საზოგადოებამ ბევრი უნდა იმუშაოს, ამ ადამიანების სრული იზოლაცია და პასიურობა ხელს მათივე პრობლემის გაღრმავებას უწყობს. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ხშირად მათი ხვედრი სიღარიბე, მარტოობა და საზოგადოებისგან გარიყვა. პრობლემების მქონე ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, თანასწორობის პრინციპით, ჩაერთონ ჩვენს ყოველდღურობაში. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მათი ჩვენ გვერდით ყოფნა გვესირცხვილება, არადა, დაუნდობელი სტატისტიკა ყოველ მეხუთე ადამიანში ხედავს პრობლემას, რომელზეც თვალს ვხუჭავთ. არ არის სირცხვილი, თუნდაც, ამ სატატისტიკის მეხუთე ადამიანი შენ აღმოჩნდე…. არც ის არის სირცხვილი, ფსიქიკური აშლილობის მქონე ოჯახის წევრი გყავდეს, სირცხვლი ამ სტეროტიპების ტყვეობაში ცხოვრებაა. ეცადეთ, ელენეს, ნინის და მათი მეგობრების წამოწყება რეალობად აქციოთ – ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ. მათთან ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება, რომელიც მზის სხივს დაანახებს ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც მოცემულ რეალობაში მხოლოდ სიბნელეს ხედავს:

„ვიხსენებ, ვზრახავ, მოვუხმობ,

იქნებ სადმეა სინათლე,

მაგრამ სინათლე კი არა

უკუნეთია მიწაზე.“ (ამონარიდი პაციენტის ლექსიდან)

ჩვენი თანადგომით მივცეთ მათ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი!

 ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები