29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩვენს პატარებს ზღაპრულ გარემოსა და ბევრ სიახლეს ვპირდებით

spot_img

გვესაუბრება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე

➡ თბილისის საბავშვო ბაღებში დაიწყო რეგისტრაცია, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება. რას ნიშნავს ორეტაპიანი რეგისტრაცია და რა უნდა იცოდეს მშობელმა რეგისტრაციის შესახებ?

✔ უპირველეს ყოვლისა, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ ნორმალურ სამუშაო რეჟიმში და ჩვენმა პატარებმა შეძლონ გააგრძელონ სკოლამდელი განათლების მიღება ბაგა-ბაღის კედლებში. რაც შეეხება ახალ სააღმზრდელო წელს, რეგისტრაცია კვლავ ორ ეტაპად და ელექტრონულად წარიმართება, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს სიახლეები. რეგისტრაციის პირველი ეტაპი, როცა გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარი სარგებლობს პრიორიტეტით, 12 ივნისს, 12 საათზე დაიწყო. პრიორიტეტით მოსარგებლეთა კატეგორიების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე: www.kids.org.ge, ამავე გვერდზე მიმდინარეობს სწორედ ელექტრონული რეგისტრაცია, თუმცა ორი კატეგორიის მქონე ბენეფიციარები – სამხედრო მოსამსახურეთა შვილები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები – რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს (დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა: ფორმა 100 ან ფორმა 50) გამოგზავნიან სპეციალურად რეგისტრაციისთვის მოქმედ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: kidsreg2020@gmail.com. რაც შეეხება სიახლეს, სწორედ სამხედრო მისიებში მონაწილე ჩვენი სამხედროებისა და მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) შვილების სტატუსის მქონე ბენეფიციარების დამატება მოხდა წელს, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, პრიორიტეტულ კატეგორიებში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12 საათზე დაიწყება და ყველას ექნება ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა. წელს 15 000-მდე ვაკანტური ადგილი გვექნება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესი მარტივდება, კერძოდ?

✔ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია აქამდე დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენით ხდებოდა სააგენტოში ან კონკრეტულ საბავშვო ბაღში. მსოფლიო პანდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ მშობლებს და მათ ელექტრონულად გამოგზავნონ ის საბუთები, რაც აღნიშნული სტატუსის მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის არის საჭირო. რამდენადაც ასეთი ბაზა არ არსებობს, ელექტრონული პორტალი ვერ შეძლებს ბენეფიციართა იდენტიფიცირებას, სწორედ ამიტომ, დოკუმენტებს ელექტრონული ფოსტით მივიღებთ და უზრუნველვყოფთ მათ რეგისტრაციას. ამით ავირიდებთ მოქალაქეთა მოსვლას საჯარო დაწესებულებაში და თავად მშობლებს კი, სახლიდან გაუსვლელად, მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ბაღში.

➡ აქტიურად მიმდინარეობს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრების გაცემა, ვის მიერ არის შედგენილი შერჩეული პროდუქტების ნაკრები და რამდენი აღსაზრდელი სარგებლობს ამ დახმარებით, როდემდე გაგრძელდება ეს ინიციატივა?

✔ ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტი იყო, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი ინიციატივით, უმოკლეს დროში განხორციელდა და ამაში უდიდესი შრომა ჩადო როგორც სააგენტოს გუნდმა, ისე თითოეული ბაღის პერსონალმა. მათ ჰქონდათ უაღრესად საპასუხისმგებლო მისია, ყველაზე კრიზისულ და კრიტიკულ მომენტში, დარჩენილიყვნენ ბავშვების სამსახურში და საკუთარი ფიზიკური შრომის შედეგად, გაეცათ პროდუქტების პაკეტი ყველა მსურველი მშობლისთვის. რაც შეეხება პაკეტის შემადგენლობას, ეტაპების მიხედვით იცვლებოდა და მის შედგენაში მონაწილეობდა როგორც კვების ექსპერტი, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილების სპეციალისტები. 11-12 სახეობის პროდუქტისგან დაკომპლექტებული ნობათი უკვე 5-ჯერ გავეცით და, ივნისის ბოლომდე, კიდევ ორი ეტაპის პროდუქტს გავცემთ. პროექტის ღირებულება საკმაოდ მაღალია, რადგან ასევე მაღალი იყო მოთხოვნა პროდუქტზე – ბავშვთა რაოდენობის თითქმის 85 პროცენტზე გაიცა, თითოეულ ეტაპზე, ნობათი და ყველა ეტაპის საშუალო ღირებულება 1 800 000 ლარამდე იყო.

ეპიდემიასთან დაკავშირებით, თუ მიიღეთ რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროდან და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ?

✔ მინდა გითხრათ, რომ ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების ის წესები, რაც ახლა საყოველთაო რეკომენდაციების ჩამონათვალშია, ჩვენს ბაღებში უკვე დიდი ხანია დანერგილია, სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად. თუმცა, მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯერჯერობით, რაიმე რეკომენდაციის გაზიარება უშუალოდ სააღმზრდელო პროცესში არ გვიწევს, თუ არ ჩავთვლით სწორედ პროდუქტების გაცემის პროცესს, სადაც მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების რეკომენდაციები, იქნება ეს დისტანციის დაცვა, პერსონალის აღჭურვა პირბადეებითა და ერთჯერადი ხალათებით, სპეციალური სითხით ინვენტარის დამუშავება თუ სხვ. რა თქმა უნდა, ახალი სააღმზრდელო წლის განახლებისას ჩვენ გავიზიარებთ და ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა იმ მითითებას, რასაც სათანადო უწყებებიდან მივიღებთ.

➡ როგორც ვიცით, განათლების სისტემა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიის პირობებში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, ამუშავდა „ტელესკოლა“. ბაღის აღსაზრდელებისთვის ხომ არ შემუშავებულა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, რომელიც წარიმართება დისტანციურად, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაწყდეს კავშირი აღსაზრდელსა და აღმზრდელს შორის.

✔ მოგეხსენებათ, განათლების კომპონენტი სკოლამდელი განათლების სისტემაში სახელმწიფო დონეზეა შედგენილი და დარეგულირებული, შესაბამისად, სწორედ განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინ გაკვეთილები, 12-მდე ეთერი, რომელიც განკუთვნილია მშობლებისთვის, რათა მათ, ასაკობრივი განვითარების მიხედვით, ჩაატარონ საჭირო და მარტივი აქტივობები შვილებთან. ეს გაკვეთილები გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ინფორმაცია გამოქვეყნებულია სააგენტოს ფეისბუქის გვერდზეც.

➡ სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ წელს ვერც საზაფხულო ბაღები შეძლებენ ფუნქციონირებას…

✔ ნამდვილად, სექტემბრამდე საჯარო საბავშვო ბაღი არ იმუშავებს.

➡ თუ ახორციელებს სააგენტო, ამ ეტაპზე, რაიმე სახის პროექტს?

✔ საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ზოგი სრულდება, ზოგიც საწყის ეტაპზეა. ასევე მიმდინარეობს გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები და ალტერნატიულ ფართებში გადაყვანილი ბაღები  კუთვნილ შენობებს დაუბრუნდებიან. გვაქვს დემონტაჟის პროექტებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შენობების ნაცვლად, რომლებიც რეკონსტრუქციას ან გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, იშლებოდა, მომავალი წლიდან, ჩვენ ახალი ბაღების მშენებლობას დავიწყებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, რომელთაგან ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

➡ ხომ არ შეემატება დედაქალაქს, სექტემბრისთვის, ახალი საბაშვო ბაღი?

✔ წელს ჩვენ ოთხი ახალი ბაღის გახსნას ვგეგმავთ – დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში. ახალი ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და მოეწყობა, ჩვენს პატარებს ზღაპრულ გარემოსა და ბევრ სიახლეს დავახვედრებთ. თუმცა, მანამდე, მთავარია, დავამარცხოთ უხილავი მტერი, კოვიდ-19, რომელმაც, სამწუხაროდ, სრულიად შეცვალა მსოფლიო რეალობა და, მათ შორის, ჩვენიც. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა პატარას, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და ბევრ ახალ, საინტერესო და მომავალი თაობის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები