25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი ჩართულობა – ჩვენი მომავალია

spot_img

ახალციხეში კონკურსის ,,ჩვენი ჩართულობა – ჩვენი მომავალია“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსის მიზანი იყო სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების მაღალი ჩართულობის, მოქალაქეობრივი შეგნების, ახალგაზრდების ხედვისა და დამოკიდებულების დადგენა. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის სამოქალაქო პროცესებში ჩართულობა. კონკურსში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის 70 პარტნიორი სკოლების VII-XII-კლასელები.

ახალციხელმა მოსწავლეებმა ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის კონკურსში ესეები, ვიდეორგოლები, ნახატები და პოსტერები წარადგინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 26 ივლისს სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულთა შორის იყო დავით არაქიანი სოფელ ტურცხიდან, რომელმაც ესეების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა; ვიდეოების კატეგორიაში პირველი ადგილი სოფელ ეშტიის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

 

 

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე ამბობს, რომ კონკურსის მიზანი ახალგაზრდების შეხედულებებისა და განწყობის დადგენა იყო. მისი თქმით, მასალებში კონკურსის მონაწილეებმა აქცენტები, ძირითადად, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ევროპულ მომავალზე გააკეთეს. ,,საკონკურსოდ 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აქედან გადაირჩა ნამუშევრები, რომლებიც უნდა შეფასებული და გამოვლინდა 12 გამარჯვებული.”

ეშტიის სკოლის მოსწავლე არმინე ბერზოიანმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობის მიზანი ახალგაზრდებისთვის სივრცის შექმნა იყო, ამიტომ გადაწყვიტეს სოფლის ერთი ტერიტორიის გასუფთავება და სოფლის თვითმმართველობის წარმომადგენელს სთხოვეს ნაგვის ურნების დაყენება. ,,ჩვენ დასუფთავების აქციები ჩავატარეთ, ბაღი ძალიან სუფთა უნდა იყოს და ჰაერიც სუფთა იქნება. სუფთა ჰაერი ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უპირველესი პირობაა, ამიტომაც გავაკეთეთ ასეთი ვიდეორგოლი.”

ესეების კატეგორიაში მე-2 ადგილის მფლობელი ნანი ნადირაძე აღნიშნავს, რომ ცდილობდა გადმოეცა ის, თუ რით არის ევროპა კარგი. ,,თემა იყო ევროკავშირში შესვლა და ვისაუბრე, რით არის კარგი ევროპა და ჩვენ რა ჩამორჩენა გვაქვს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ საკითხზე მუშაობა. წარმოვადგინე ჩვენი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, ევროკავშირში შესვლის დროს.”

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორების ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძე ამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეების ხედვა როგორც ესეების მიმართულებით, ასევე მათ მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიც. ,,წარმოადგინეს, ვთქვათ, როგორ ზრუნავენ ეკოლოგიაზე ადგილობრივ თემში. ეშტიის სკოლის მოსწავლეებმა გამოავლინეს ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ახალგაზრდების შეკრება, ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა, მაგრამ ის მოუწესრიგებელი იყო. ტერიტორია საკუთარი ძალებით მოაწესრიგეს, დაასუფთავეს და მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გაიტანონ ნაგავი და უზრუნველყონ ნაგვის ურნების დადგმა ამ ადგილას.”

კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები