17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩემი თვალით დანახული დირექტორის ეთიკის კოდექსი

spot_img
თინათინ ლეკიაშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

 

სკოლის ლიდერობა მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმიანობაა. დირექტორის ეთიკის კოდექსი კი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის თითოეული პუნქტი დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელია, მით უფრო, თუ გავიაზრებთ, რომ თითოეული სკოლის შინაგანაწესი სწორედ დირექტორის ეთიკის კოდექსს ეყრდნობა.

დირექტორის უპირველესი ვალდებულებაა სკოლაში დასაქმებული თითოეული ადამიანის, მოსწავლის, მშობლის საუკეთესო ინტერესების დაცვა, გაფრთხილება და მათთან ურთიერთობაში ეთიკის ნორმების გამოყენებაა.

ჩემი აზრით, დირექტორი, საკუთარ საქმიანობაში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი უნდა იყოს, არ მოექცეს სხვათა გავლენის ქვეშ და ამ გავლენების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას სკოლის პრიორიტეტები.

დირექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელება, ვინაიდან სკოლას მუდმივად სჭირდება სიახლეები, სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი კი სწორედ ამ სიახლეების მუდმივი დანერგვა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.

ჩემთვის, როგორც პოტენციური დირექტორობის კანდიდატისთვის, პრიორიტეტია კონკურენტუნარიანი სკოლის შექმნა. სკოლამ მუდმივად უნდა შეძლოს მოსწავლეების მოზიდვა, უნდა იყოს მესამე თაობის ესგ-ს შედეგებზე ორიენტირებული და არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული ბარიერების გადალახვაზე; მუდმივად უნდა ისწრაფვოდეს, რომ მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი შეძლონ, ეს ყველაფერი კი სკოლის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვას, სკოლის დირექტორი უნდა იყოს პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების ღირსებისა და პატივის დამცველი და ქომაგი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა, სოციალური კუთვნილების, სქესის, რასის, ენისა და სხვა ნიშნებისა.

უსაფრთხო სკოლა – დირექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან უსაფრთხო და ეფექტური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს სწავლის ხარისხის მაღალ სტანდარტს, პედაგოგთა მაღალ კვალიფიკაციას, ეს კი ესგ-თი მისაღწევ შედეგებზე აისახება.

სკოლის დირექტორმა, ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რათა ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი მუდმივად ზრუნავდეს საკუთარი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, რადგან ის პროფესიული ლიდერია და მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს საკუთარი თანამშრომლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, იყოს პუნქტუალური, მეტყველებდეს გამართულად და ყველასთვის გასაგები ენით, მისი გარეგნობა კი მუდმივად ტოვებდეს მოწესრიგებულობის განცდას.

მიმაჩნია, რომ დირექტორმა მრჩევლის ფუნქცია უნდა შეითავსოს და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სიძნელეების გადალახვაში დაეხმაროს, თანადგომითა და თანაგრძნობით მიუდგეს თითოეულ დეტალს, საკუთარ თანამშრომლებს ხელი შეუწყოს პროფესიულ ზრდაში, რაც სკოლის განვითარების, წინსვლის, ხარისხზე ორიენტირების პირდაპირპროპორციულია.

ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია დირექტორის, როგორც სკოლის ლიდერის, ურთიერთობა მოსწავლეებთან – მათთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზება, დემოკრატიული პრინციპების ჩანერგვა, პატრიოტული ღირებულებების განმტკიცება, თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გაზრდა და დახმარება, რაც მათ მომავალზე აისახება და შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება და თამამად გაუმკლავდნენ მსოფლიო გლობალურ ცვლილებებს.

ჩემი აზრით, დირექტორის პირდაპირი პასუხისმგებლობაა მოსწავლეთა ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და, გარკვეულ საკითხებში, კონფიდენციალობის დაცვა.

დაბოლოს, მეტად აქტუალურ და ბევრი სკოლისთვის მტკივნეულ თემაზე – სკოლისა და მშობლის ურთიერთობაზე გავამახვილებ ყურადღებას. მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა დირექტორისთვის პირველი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს, მან უნდა შეძლოს, დაიახლოვოს მშობელი, დაïახლოვოს სკოლას, ჩართოს სასკოლო აქტივობებში, შვილების სასწავლო პროცესისადმი ინტერესი გაუღვივოს და, ამ გზით, უამრავი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა შეძლოს. მშობლებთან თანამშრომლობისას უნდა შეინარჩუნოს თავაზიანობა, სიმშვიდე და მათ ინტერესებს მოარგოს საკუთარი ავტორიტეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები