28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„შუშანიკის წამება“, როგორც ისტორიული წყარო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ტექსტიდან

spot_img

„ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსთვის.“

/ვაჟა-ფშაველა/

ჩვენი იდენტობა ჩამოყალიბებულია ჩვენი ისტორიით და მჭიდროდაა დაკავშირებული მასთან. ქართველმა ერმა, უხსოვარი დროიდან, მრავალსაუკუნოვანი და საოცრად მდიდარი ისტორია შექმნა. რაში გვჭირდება ისტორია? რა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს მას? წარსულია ის, რაზედაც მომავალი იზრდება და სწორედ ამიტომ ყველა დეტალის წარსულიდან ჩვენამდე მოტანა უდიდეს გმირობად მიმაჩნია. ეს გმირობა დღემდე ბევრს ჩაუდენია, თუმცა დღეს იაკობ ხუცესზე ვისაუბრებ, რომელიც ავტორია ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა.

ყველამ ვიცით, რომ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებას“ განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული საეკლესიო კულტურისთვის, თუმცა მასში, გარდა წმინდა შუშანიკის მოწამეობრივი ღვაწლისა, აღწერილია მე-5 საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და კულტურული ვითარება. ნაწარმოები, ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივი ფაბულის მქონე ჰაგიოგრაფიულ თხზულებად მოგვეჩვენოს, თუმცა დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება მასში დაფარული ისეთი დეტალები, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ ქართლზე.

ქართლი, იმ პერიოდში, სპარსელების ზეწოლას განიცდიდა. პირველ რიგში, ამას ადასტურებს ვახტანგ გორგასლის მოუხსენიებლობა, თითქოს არც არსებულიყოს. „იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“ სპარსეთის მაშინდელი დედაქალაქი ქტესიფონი ნაწარმოებში მოხსენებულია კარად, მაშინდელი ქართლის ცენტრალური ქალაქის შესახებ კი ხსენებაც არ არის. სპარსეთის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს ვარსქენის წოდებაც „პიტიახში“ (პიტიახში * სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე სასანიანთა ირანში). აქვე დავძენ, რომ ქტესიფონი მე-7 საუკუნის 30-იან წლებამდე არსებობდა, ვიდრე არაბთა თავდასხმებით არ განადგურდა.

პოლიტიკური სიტუაციის გარდა, ნაწარმოებში შეგვიძლია ცხადად დავინახოთ იმდროინდელი ქართლის სასულიერო იერარქია. ქართლის კათალიკოსობა, ჯუანშერის ისტორიის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის მმართველობის დროს დაწესებულა. „შუშანიკის წამება“არც ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ქვემო ქართლში საერთო სასულიერო წყობა ასეთია: „თავი იგი ეპისკოპოსთა“, ეპისკოპოსი, კარის ეპისკოპოსი, ხუცეს-მღვდელი და დიაკვანი.

ნაწარმოები ინფორმაციას გვაწვდის საერო იერარქიაზეც. თხზულებაში გვხვდება წოდებები: აზნაურნი დიდ-დიდნი, ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი, მსახურნი, მონა, სენაკაპანი.

ტექსტიდან გვექმნება წარმოდგენა სოციალურ მდგომარეობაზეც. იმ დროში მცხოვრები საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ყოფილა განსხვავებული, დღევანდელობისთვის უცნაური და უცხო ქცევის ნორმები: აკრძალული ყოფილა უცნობი ქალისა და მამაკაცის ერთად ჭამა: „ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური?!“, ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ყოფილა ქალის მიერ ოჯახის თვითნებური დატოვება. ასეთი საქციელი ოჯახის დანგრევასთან ასოცირდებოდა: „რაისა ხელიწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამხუ და საგებელსა ზედა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტოვებიეს და სხუად წარსულხარ?“ ჩანს ისიც, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობას საეკლესიო კანონები არეგულირებდა. მაგალითად, შუშანიკი ქმართან განქორწინების გასასამართლებლად პავლე მოციქულის სიტყვებს მოიხმობს: „არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ.“

ვხვდებით სიტყვებს, რომლებიც უკვე დავიწყებული და ჩვენთვის უცხოა: ასტამი, გირჯაკი, ხალენი, კუბასტი, ჭიჭნაუხტი.

მე-5 საუკუნის ქართლში დამკვიდრებული ჩანს სანთლის დანთების პრაქტიკა, რომელიც პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დააკანონა (ნიკეა, 325 წელი).

წმ. ილია მართალი ამბობს: „როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა ბოგანო, ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისე ერად ხსენებული არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. და რა არის ისტორია? იგია მთხრობელი იმისა, თუ რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო * მომავლისა“.

მართლაც, წარსული მომავლის სარკეა და დიდია როლი ყველა იმ ჰაგიოგრაფიული თუ მხატვრული ნაწარმოებისა, რომელსაც ჩვენამდე ერთი პატარა დეტალი მაინც მოუტანია ისტორიული წარსულიდან.

აქვე გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციათა ნაკრებს, რომელიც „შუშანიკის წამების“ მიხედვით დასტურდება (ანუ რა უნდა ვიცოდეთ ამ ნაწარმოებიდან):

♦ ავტორია იაკობ ხუცესი (სავარაუდოდ, შემდგომში ცურტავის ეპისკოპოსი, ანუ ცურტაველი);

♦ აღწერილია მეხუთე საუკუნის ქართლის ერთ-ერთ საპიტიახშოში ცოლ-ქმრის დიდი დაპირისპირება;

♦ ქვემო ქართლის პიტიახშია ვარსქენი, მისი ძმაა ჯოჯიკი. მათი მამა არშუშა ცნობილი მოღვაწეა, ის ქრისტიანთა ქომაგია და სამარტვილეებსაც (ეკლესიებს) კი აგებდა;

♦ არშუშა პიტიახშმა, თავისი მეგობარი სომხის, ვარდან მამიკონიანის გარდაცვალების შემდეგ, ობოლი მისი ასული წაიყვანა შინ და აღზარდა. ვარდანის ასულს ვარდანი ერქვა, მაგრამ სიყვარულით შუშანიკს, ანუ შროშანს ეძახდნენ;

♦ შუშანიკის მამა სპარსელების მოწინააღმდეგე იყო ისევე, როგორც მამამისი საჰაკ დიდი, სომეხთა ეკლესიის მეთაური;

♦ არშუშამ თავის ვაჟს, ვარსქენს შერთო შუშანიკი ცოლად და ოთხი შვილი ჰყავდათ;

♦ შუშანიკმა იცოდა, რომ ვარსქენი იყო ამბიციური ადამიანი, ამიტომ მის გამო ხშირად ლოცულობდა;

♦ ამბიციური ვარსქენი პეროზ მეფესთან წარემართა, მაშინ ქალაქ კტეზიფონში, ანუ კარში, როცა ის ტახტზე რვა წლის აღსაყდრებული იყო. პეროზს უნდოდა ქართლზე გავლენის მოპოვება, ვარსქენს პატივმოყვარეობა სტანჯავდა და მათ იოლად მოახერხეს შეთანხმება ქართლის საწინააღმდეგოდ;

♦ ვარსქენი ეუბნებოდა პეროზს, რომ თავს „ძღვნად შესწირვიდა“ მას. მან უარყო ქრისტე და აღიარა ატროშანი (მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა);

♦ პეროზმა დაუფასა ეს ვარსქენს და ცოლად შერთო ასული თვისი (სომხური რედაქციით, სიდედრი), თუმცა ეს ქალი ნაწარმოებში მეტად აღარაა მოხსენებული;

♦ ვარსქენი პეროზს დაჰპირდა, რომ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა, რომ ოჯახი რწმენას შეიცვლიდა;

♦ ვიდრე ვარსქენი ქართლში შემოვიდოდა, სპარსეთიდან, სასახლეში (იმ დროს სასახლეს ტაძარს უწოდებდნენ) მოციქული გააგზავნა, რომელმაც დედოფალს ვერ დაუმალა, რომ ვარსქენი რწმენაშეცვლილი იყო;

♦ ვარსქენს თან ახლდა ვინმე სპარსი კაცი (სავარაუდოდ, მას დიდი მისია ჰქონდა დაკისრებული პეროზისაგან);

♦ ცურტავში მისულ ვარსქენს ცოლი სასახლიდან წასული დახვდა, რის გამოც ის გაბრაზდა;

♦ მეორე დღეს სიხარულით მიეგება სამღვდელოებას პიტიახში და მოსთხოვა მათ, რომ შუშანიკი დაებრუნებინათ;

♦ მანამდე შუშანიკმა იაკობ მღვდელს გაანდო, რომ არ აპირებდა ვარსქენის ნების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რა განსაცდელიც უნდა მოწეულიყო მასზე;

♦ საღამოს მიიწვიეს შუშანიკი, რათა ერთად ევახშმა ოჯახს. ვახშმობისას ჯოჯიკის ცოლმა შუშანიკს ღვინო მიაწოდა ჭიქით, მაგრამ შუშანიკმა სახეზე შეალეწა რძალს ღვინიანი სასმისი, რის გამოც ვარსქენი მრისხანებით აღივსო და სცემა ცოლი, მერე კი ბრძანა, რომ შუშანიკი განემარტოებინათ და არავინ შეეშვათ მის სანახავად;

♦ პატიმრობაში მყოფ დედოფალს იაკობი აკითხავდა და მასზე მზრუნველობდა;

♦ დედოფალს უნდოდა, რომ სამკაულები თავად გაეგზავნა პიტიახშისთვის, თუმცა იაკობმა დაყოვნება ურჩია, შემდეგ კი ვარსქენმა თავად მოითხოვა სამკაულები, ყველა მიითვალა და თქვა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მათ განკაფავდა;

♦ დიდი მარხვის პერიოდში ვარსქენს ურჩიეს, რომ არ ეძალადა დედოფალზე, მანამდე სპარსმა კაცმა უთხრა, რომ დედათა ბუნება იწრო არსო…

♦აღდგომის (აღუვსების) შემდეგ ორშაბათს მეორედ აწამა ვარსქენმა მეუღლე;

♦ მესამედ 19 ვარდობისთვეს (მაისს) გვემა დედოფალი პიტიახშმა, თუმცა ამის აღწერა ტექსტში არ გვხვდება;

♦ ბოლოს, პიტიახშის ბრძანებით, დედოფალი ციხეში განამწესეს, სადაც საშინელი პირობები იყო და მაინც მუდმივი ლოცვითა და მარხვით იდგა შუშანიკი;

♦ მას აკითხავდნენ აზნაურნი და უაზნონი, მისი ლოცვით უშვილოთ შვილი ეძლეოდათ, კეთროვნები ინკურნებოდნენ და როცა ჯოჯიკმა შენდობა სთხოვა, შუშანიკმა უსაყვედურა, რომ მარტო დატოვეს ვარსქენის სიფიცხის წინაშე, რომელმაც მშობლების კეთილი საქმენი დაივიწყა და შეუდგა უღმრთოთა;

♦ შუშანიკს, გარდაცვალებამდე, წყლულები გაუჩნდა და მასში მატლები იყო. ამ მატლებს იაკობსაც აჩვენებდა ხოლმე;

♦ დედოფალს ფარულად მხარს უჭერდა სამღვდელოება;

♦ გარდაიცვალა 475 წლის 17 ოქტომბერს და ანდერძის მიხედვით, იქ დაკრძალეს, საიდანაც პირველად გამოათრიეს;

♦ იაკობი, როგორც ავტორ-პერსონაჟი, შუშანიკის თანამედროვეა და ზრუნავს დედოფლის ღვაწლის წარმოჩინებაზე;

♦ „შუშანიკის წამება“ აღიარებულია, შემორჩენილთაგან, ყველაზე ძველ ნაწარმოებად, რომლის ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი მე-10 საუკუნისაა;

♦ ნაწარმოები დაწერილია 476 წლიდან ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე (481 წელი);

♦ შუშანიკი ვარსქენის მამხილებელია და იცნობს კარგად ქრისტიანულ მწერლობას (წიგნი მოწამეთა და ევანგელეი), მას შეუძლია მოიხმოს სახარებისეული შეგონებები სიტუაციურად;

♦ მაზდეანობის მიღების შემდეგ, შვილები ეზიზღებოდა და მათ არ ნახულობდა;

♦ შესაძლოა, იაკობს „წამებამდე“ სხვა ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი შუშანიკზე ან ამავე ნაწარმოების დასაწყისი იყოს დაკარგული;

♦ შესაძლოა, იაკობ ხუცესი, აფოცის გარდაცვალების მერე, ცურტავის ეპისკოპოსად აერჩიათ (ერთ-ერთ საეკლესიო კრების ჩანაწერში ნახსენებია იაკობ ორტაველი);

♦„შუშანიკის წამება“ ვერ ჯდება ჰაგიოგრაფიის ჩარჩოებში, ხშირად გადის ამ ჟანრის მოთხოვნების საზღვრებიდან.

 

თეკლე ფიფია, საჩინოს №1 საჯარო სკოლა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები