29 მარტი, პარასკევი, 2024

შთამბეჭდავი ლექსიკა ვაჟა-ფშაველას პოემებში

spot_img

ვაჟა-ფშაველას სამწერლობო სტილი ყველასგან გამორჩეულია. მის პროზასა თუ პოეზიაში ხშირად გვხვდება ქართული სალიტერატურო ენისათვის უჩვეულო ლექსიკური ერთეულები. ზოგიერთი მათგანი ფშავური დიალექტია, ზოგი კი მწერლის ინსპირაციითა და აღქმით არის ჩამოყალიბებული.

ვაჟას ენის განვითარებად  მიაჩნია ლექსიკის გამდიდრება, ახალ ცნებათათვის საჭირო სიტყვების შემოტანა, სინონიმთა სიმრავლე, ძველი ლიტერატურული ენის იმ გაუქმებული ფორმების აღდგენა, რომელიც დიალექტებში ცოცხლობს. ამიტომაც იგი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს ძველ ლექსიკურ ერთეულებს. ვაჟა წინა პლანზე სწევს ენის არა ზედაპირულ,   მეცნიერულ ცოდნას, არამედ მის შინაარსობრივ დატვირთვას, ენის შინაგანი ბუნების წვდომას. განსხვავებული ლექსიკით  ავტორი შემოქმედების გარეგან და შინაგან ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას.

შთამბეჭდავი ლექსიკური ერთეულები მრავლადაა და თვალშისაცემია ვაჟა-ფშაველას პოემებშიც. ავტორი თითქოს ცდილობს, ამ ერთეულთა გამოყენებით გადმოგვცეს  მისი აღქმა სამყაროსა და საგნების მიმართ. იგი ბევრი რაკურსით გვიჩვენებს, სამყაროს მშვენიერებას. გამორჩეული ლექსიკით მცირე დეტალებზე ხაზგასმა, ამ მშვენიერების შეგრძნებას  კიდევ უფრო ამძაფრებს.

ვაჟას განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნების მიმართ მის თითოეულ ნაწარმოებში ნათლად აისახება. შესაბამისად მკითველისთვის უცხო არაა. ავტორი უმეტეს შემთხვევაში ბუნების მოვლენებისა, თუ უშუალოდ ბუნებაში არსებული საგნების აღწერისას, იყენებს გამორჩეულ ლექსიკურ ერთეულებს. თითქოს მის შემოქმედებას ორი ასპექტი აქვს, გარემომცველი ბუნების ზეამაღლებულად აღქმა და ნაწარმოების შინაარსბრივი (სიუჟეტური) მხარე.

ალბათ მხოლოდ ვაჟას შეუძლია ასე შთამბეჭდავად აღწეროს დაღამება:

„დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.“

ან თუნდაც:

„მინდორი იყო ტრიალი,

არა რაი ჩნდა მაზედა,

ყოილი, ხშირი ყოილი

დაფენილიყო გზაზედა…“

სიტყვა „ყოილი“ ფშავური დიალექტია, რაც თანამედროვე ქართულ ენაში ყვავილს ნიშნავს. მისი დიალექტური ფორმით გამოკვეთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ავტორი მართლაც წარმოგვიჩენს ტრიალ მინდორში ამოსული ყვავილის უჩვეულო სახეს.

„ჯერაცა ვხედავ, მივალის

ტურფა, სიტურფით ქსოილი;

ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე

გაზაფხულისა ყოილი.“

განსხვავებული ლექსიკური ერთეულებითაა გაჯერებული, ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი პოემა, „სტუმარ-მასპინძელი“. მასში ვხვდებით როგორც ფშავური დიალექტისთვის დამახასიათებელ სიტყვათა ფორმირებას, ასევე მოქმედების სიმძაფრის გასააზრებლად გამოკვეთილ „უცნაურ“ სიტყვებს.

„მივიდა მოყურიადე

ლაქარდიანის ენითა,

სახელს ულოცავს ჯოყოლას

ლაღობს, არ არის წყენითა.“

მოცემულ მონაკვეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სიტყვა „ლაქარდიანი“. იგი ვაჟასეული ხედვით მლიქვნელურ, ტკბილი ენით მოსაუბრე ადამიანზე მიუთითებს. თუმცაღა ავტორი მეტი მხატვრულობისა და ინტერესის გამძაფრებისთვის, გვთავაზობს ალტერნატივას სიტყვა „ლაქარდიანის“ სახით.

„მიიპატიჟა საძილედ,

დაუთმო თვისი ლაჭანი.“

ლაჭანი წნელისგან დაწნული საწოლია, იგი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თითქმის ყველა ოჯახში იყო. ასევე  შეგვიძლია ეს სიტყვა განვიხილოთ როგორც ფშავური დიალექტი.

ნათელია რომ ვაჟას შემოქმედებისთვის უცხო არაა შთამბეჭდავი ლექსიკური ერთეულები. ავტორი მათ იყენებს როგორც მკითხველის ინტერესის გასამძაფრებად, ასევე დიალექტებში გაცოცხლებული ძველი ქართული ლიტერატურის ნაწილის, ხაზგასმისა და წარმჩენისთვის.

მარიამ ჩაჩანიძე, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები