16 აპრილი, სამშაბათი, 2024

 „შეფასება განვითარებისათვის“ – სამუშაო შეხვედრები კახეთის სკოლებში

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს, პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში, საქართველოს სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრების  გამართვას.

19-23 სექტემბერს ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები ამჯერად გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის საჯარო სკოლებში გამართეს. შეხვედრის მონაწილე  სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა პროექტის ხელმძღვანელთან ეკა ჯელაძესთან ერთად საცდელი ტესტირების შედეგები კიდევ ერთხელ განიხილეს, აგრეთვე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან და მის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა  დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ბოლო ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი, საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს, 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით, შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.

⇒ პროექტის შესახებ: პროექტზე შეფასება განვითარებისათვის მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება), ასევე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). ელექტრონული პლატფორმის სისტემურ ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლასწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე მთელ სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები