23 აპრილი, სამშაბათი, 2024

შემაჯამებელი ფორუმი

spot_img

შაბათ-კვირას ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის – „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა. ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა TEAMS-ის ფორმატში, ფორუმს 1000-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, რესურცენტრების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მართვის გუნდმა საზოგადოებას 2020 წელს, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მიღწეული შედეგები შეაჯამა და ყურადღება პანდემიის პირობებში შექმნილ სირთულეებზეც გაამახვილა. განათლების სამინისტროს უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი, ადგილობრივი და საერთაშორისო, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიღწეული შედეგებთან ერთად, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შემაჯამებელ ფორუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ. მან სკოლის მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სასკოლო კულტურის გარდაქმნასა და სწავლა-სწავლების პროცესში ინკლუზიური და არაფორმალური განათლების კომპონენტების გაძლიერებაზე ისაუბრა: „სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც თითოეული მოზარდის საჭიროებებსა და თავისებურებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები. ამ მიმართულებით, მინდა, გამოვყო სასკოლო კულტურის განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა თვითგანვითარებას, მოზარდებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთმანეთზე ზრუნვას.“

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინკლუზიური და არაფორმალური განათლების კომპონენტის ინტეგრირებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს თითოეული მოსწავლისთვის კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. მოსწავლეთა შეფასების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის კომპლექსური დავალებების შეთავაზება, რაც მოზარდებს შემოქმედებითი აზროვნეის განვითარებისა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას აძლევს.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში და აღნიშნა, რომ მათ სასკოლო კულტურისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პანელური სესიები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და მონაწილეები პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსური დავალებების ნიმუშებსაც გაეცნენ.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლიდან მიმდინარეობს, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება და, საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები