28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

შევძელი, ბარიერი გადამელახა – მარიამ ჩაჩანიძე

spot_img

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ხიდრის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, მარიამ ჩაჩანიძეს, უმასპინძლა.

მარიამი „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაწერე მინიატურას“ გამარჯვებულია. მის მიერ დაწერილი მინიატურა – „მაპატიე, დედა“– რეალურ ფაქტს დაეფუძნა და მწარე რეალობას ლაკონიურად, მხატვრულად აღწერს.

მარიამ ჩაჩანიძე შეზღუდული შესაძლებლობისაა, თუმცა მისი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ძლიერება საზღვრებს სცდება. მან იცის რა უნდა, სად არის, რა გზით უნდა იაროს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს.

მარიამ ჩაჩანიძე: „ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში, უკან ვიხევდი, არ მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. ჩემი ოჯახის, მასწავლებლების, თანაკლასელების, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ეთერ პაპავას ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის თანადგომით, შევძელი, ბარიერი გადამელახა, მერწმუნა საკუთარი თავის და ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იყო, როდესაც კონკურსში მონაწილეობა მივიღე და ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი გავიცანი. თვეების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ურთიერთობა როგორც მოსწავლე-მასწავლებელს, ეს ურთიერთობა გაცილებით მეტი იყო. მადლობას ვუხდი საზოგადოებას, მთელ ხარაგაულს, რომ მამხნევებდნენ, ძალას მმატებდნენ და, მათი დახმარებით, ვებგვერდის რჩეული გავხდი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ, წარმატებები უსურვა მარიამს და სამახსოვრო სჩუქრები გადასცა. კომისიის თავმჯდომარემ, მარინე ხვედელიძემ, წიგნებით დაასაჩუქრა და მასთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საკრებულოს წევრმა, მარიამის უდიდესმა გულშემატკივარმა, ნონა ზურაბიანმა და ირმა სებისკვერაძემ ასევე საჩუქრები გადასცეს, ხოლო ქალბატონმა ვერა ოდიკაძემ პირობა დადო, რომ ერთი წლის განმავლობაში, სტიპენდიის სახით, ყოველ თვეში, მარიამს 50 ლარს ჩაურიცხავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები