25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყოველი წარმატება ზრდიდა ჩემში შინაგან მოტივაციას, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა – Global Teacher Award-ის გამარჯვებული მასწავლებელი

spot_img
7 სექტემბრს, ქართველი მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ის Global Teacher Award-ის (მასწავლებლის გლობალური ჯილდოს) გამარჯვებული გახდა. კონკურსი, რომელიც ინდოეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებელთა მონაწილეობით ტარდება, ყოველწლიურად, რამდენიმე გამარჯვებულს ასახელებს. ქართველ მასწავლებელთა შორის კი, მარი გლობალური ჯილდოს რიგით მესამე გამარჯვებულია. სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი, წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსშიც მონაწილეობდა და ჟიურიმ საუკეთესო ათ  მასწავლებელს შორის დაასახელა.
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე მასწავლებელი  თავისი წარმატების ისტორიას გვიყვება და ამბობს, რომ აღიარება ძალიან დასაფასებელია და უდიდესი მოტივატორია, რომ უფრო მეტი აკეთო შენი მოსწავლეებისთვის.

 

 მოგვიყევით კონკურსის ფორმატის შესახებ, სად ტარდება, ვინ მონაწილეობს და ა.შ.

– ამ კონკურს ჰქვია Global Teacher Award – მასწავლებლის გლობალური ჯილდო, რომლის ორგანიზატორია ინდოეთი. კონკურსის ფარგლებში, ირჩევენ საუკეთესო მასწავლებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. თავდაპირველად, შეგიძლიათ კონკურსის საიტზე წარადგინოთ საკუთარი თავი, ანუ გახდეთ ნომინირებული და შეავსოთ აპლიკაცია. ასევე, აუცილებელია სკოლის დირექტორისა და რომელიმე კოლეგის რეკომენდაცია, გასაგზავნია CV, მიღწევებით და იმ აქტივობებით, რომლის მიხედვითაც მიგაჩნიათ, რომ ატარებთ განსხვავებულ, საინტერესო გაკვეთილებს და ახორციელებთ პროექტებს. ეს პროცედურა, დაახლოებით, 6 თვე გრძელდება. კონკურსს არ გააჩნია ფულადი ჯილდო, ის მასწავლებელს მხოლოდ საპატიო, რჩეული მასწავლებლის სერტიფიკატით აჯილდოვებს და ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე გამარჯვებული ჰყავს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოდან, 2 გამარჯვებული პედაგოგია. წელს კონკურსის გამარჯვებული მესამე პედაგოგი გახლავართ.

– როგორც ვიცი, საკონკურსოდ მიგრაციის თემა აირჩიეთ. 

– საკონკურსო თემატიკა მრავალფეროვანი იყო. მეც, პერიოდულად, ჩვენ მიერ განხორციელებულ, მნიშვნელოვან პროექტებს ვაგზავნიდი შესაფასებლად. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ჩემმა იაპონელმა კოლეგამ მომაწოდა, რომელთანაც აქტიურად ვერთვები ერთობლივ პროექტებში, მოსწავლეებთან ერთად. ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, სწორედ მან მომაწოდა მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის იდეა. ჩემს სკოლაში გეოგრაფიას ინგლისურადაც ვასწავლი, ამიტომ ენობრივი ბარიერი ჩემთვის არ არსებობდა.

– ზოგადად, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება თუ გაქვთ?

– წლებია, საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, მოსწავლეებთან ერთად, გასვლითი პროექტები გვქონდა ლატვიაში, ესტონეთსა და შვედეთში. ამ პროექტების ფარგლებში, მრავალი მეგობარი გავიჩინე სხვადასხვა ქვეყნიდან; მათთან ურთიერთობა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა პანდემიის პერიოდშიც გავაგრძელეთ. ჩამოგითვლით ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს: იაპონიასთან ვახორციელებ პროექტს „Global Classroom”, სამხრეთ კორეასთან – პროექტს „მშვიდობის ღირებულებების დანერგვა“, მალდივისთან და მსოფლიო მშვიდობის ინსტიტუტთან ერთად გავხდი მსოფლიო მშვიდობის ინსტიტუტის აღიარებული ელჩი საქართველოში და განვახორციელე პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, შემდეგი პროექტი, რომლის ინიციატორები იყვნენ მენტორები რუმინეთიდან და ალბანეთიდან, სახელად – „საერთაშორისო კულტურული პასპორტი“ და მაროკოსთან – პროექტი „კულტურა და ტრადიციები“. ეს პროექტები მოსწავლეებს  განსხვავებულ უნარებს უვითარებს, როგორებიცაა: კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის მოძიება და გაზიარება და ა.შ.

– ასეთი მასშტაბის ჩართულობა რას ცვლის, ზოგადად, მასწავლებლის საქმიანობაში და პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ჯილდო? 

– წარმატება, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ მოდის. 24-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, მრავალ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიდი წარმატებებისთვისაც მიმიღწევია. ყოველი წარმატება ზრდიდა ჩემში შინაგან მოტივაციას, უფრო მეტი მეკეთებინა, უფრო მეტი სიახლე გამეგო, რომ ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება  ჩემი მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა. რა თქმა უნდა,  ჯილდო და მსოფლიო აღიარება ძალიან დასაფასებელია და კვლავ უდიდესი მოტივატორია, უფრო მეტი სიახლეების გასაცნობად.

– მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც გკითხავთ – დასახელდნენ ფინალისტები… თქვენ მათ შორის არ აღმოჩნდით… როგორი იყო  მოლოდინი? და, ზოგადად, რას ნიშნავს ეს კონკურსი თქვენთვის?

– მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველა პედაგოგისთვის განსაკუთრებული პროექტი და კონკურსია. 3 წლის წინ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ფინალისტებს შორის ვერ აღმოვჩნდი. მას შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. შარშანდელმა ფინალისტმა, მარიკა ვართუმაშვილმა მიბიძგა, რომ კვლავ მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რადგან მრავალი კრიტერიუმია დასაკმაყოფილებელი, ყველას უნდა დაანახო შენი სამუშაო აქტივობები-მიღწევები და დაუმტკიცო, რომ ხარ ღირსეული პედაგოგი და კონკურსანტი. საქართველოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრა  ჩემთვის დიდი წარმატებაა. თუმცა, შინაგანად ნამდვილად ვფიქრობდი, 5 რჩეულ ფინალისტს შორის ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. 5-ეულში ნამდვილად ყველა ღირსეული კანდიდატი დასახელდა. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუმცა,  მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და 10-ეულში მოხვედრა, თითოეული ჩვენგანისთვის, უკვე ღირსეული გამარჯვებაა.

– დაბოლოს, რა არის თქვენთვის, სწავლების პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი?

–  სწავლების პროცესში მთავარია ყველა მოსწავლე მივიღოთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და არ ვეცადოთ გადაკეთებას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ  არა მხოლოდ მოსწავლეების ინტელექტის კოეფიციენტზე, რომელსაც  IQ-ს ვუწოდებთ, არამედ მათ ემოციურ ინტელექტზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება  საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენაში, მაგალითად, ვასწავლოთ მათ მსჯელობა, დისკუსია, დასკვნების გამოტანა და ემოციური ინტელექტის სხვა კომპეტენციები, როგორიცაა: თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და ის სოციალური უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები