25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართველი მასწავლებლები დისტანციური სწავლების პირისპირ

spot_img

დისტანციური სწავლების ახალმა მოდელმა საქართველოს სკოლები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, განაკუთრებით საჯარო სკოლები, რომლებიც შექმნილ სიტუაციამდე ონლაინ სწავლების მეთოდს პრაქტიკაში თითქმის არ იყენებდნენ. რამდენად მომზადებული შეხვდნენ მასწავლებლები ონლაინ სწავლებას, არიან თუ არა მოსწავლეები მზად კონკრეტული პროგრამის ელექტრონული მეთოდის გამოყენებით გასავლელად, რამდენად გამართულია ონლაინ სწავლების ტექნიკური მხარე, რა პრობლემების წინაშე დგანან და რამდენად გაართმევენ თავს გლობალურ გამოწვევას ქართველი მასწავლებლები, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად, დისტანციური სწავლების ხარისხიანად ჩატარებისთვის – გვესაუბრებიან  37-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე და 128-ე საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ხორბალაძე.

 

ლარისა მელაძე

თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი

? სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი დარეგისტრირდა პროგრამა Microsoft Teams-ში, დიდი ინტერესით გაეცნენ სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ინსტრუქციებს, რომლებიც საჭიროა აღნიშნულ პროგრამაში სამუშაოდ. ასევე, ყველა დამრიგებელმა ორგანიზებულად და სწრაფად მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს/მშობლებს, Microsoft Teams-ში რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების გავლის შესახებ. მასწავლებლები ინტენსიურად ადევნებენ თვალყურს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილ Facebook ჯგუფს, სადაც „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტებისა  და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებისგან  იღებენ რჩევებს Microsoft 365-ის სრულფასოვნად ასათვისებლად.

? ამ ეტაპისთვის დისტანციური სწავლება გარკვეული საჯარო სკოლებისთვის რთულია, რადგან ყველა მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.  ამ კატეგორიის მოსწავლეთათვის, მოგეხსენებათ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირველი არხი იწყებს საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ესგ-ით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

? დისტანციური სწავლების მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტუაციაში ეს მეთოდი საუკეთესო ვარიანტია, რადგან მოსწავლეები ჩართული არიან სასწავლო პროცესში, რაც ამცირებს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და განვითარების შეფერხების რისკებს.

? პრაქტიკისა და ინსტრუმენტების გაზიარების მიზნით, ჩვენს სკოლაში შეირჩნენ მასწავლებლები,  რომელთაც დაევალათ მცირე ჯგუფების (კოლეგების) კოორდინირება, მიმდინარე სიახლეების გაცნობისა  და კონსულტირების თვალსაზრისით. შესაბამისად, ფასილიტაციის შედეგად, ყველა მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, შეიძინოს დისტანციური სწავლების საბაზისო უნარ-ჩვევები.

? პედაგოგების სწრაფვა სიახლეებისადმი, მოტივაცია  და პასუხისმგებლობა მაფიქრებინებს, რომ ყოველი მასწავლებელი თავს გაართმევს დისტანციურ სწავლებას.

? მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, განსაკუთრებით კი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების, რადგან მათ არ აქვთ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის და ამ პლატფორმაზე სამუშაოდ.

? ახალი მეთოდით სწავლების ხარისხის გასაზრდელად აუცილებელია  მშობლის როლის გაზრდა, მასწავლებელთა მაღალი მოტივიაცია და მოსწავლეთა ჩართულობა.

 

გულიკო ხორბალაძე 

თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი

? ორი წელია, რაც სკოლის პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებთ  ელექტრონულ ჟურნალს – „School book“. ჟურნალში მუშაობა შესაძლებელია მრავალი მიმართულებით: მოსწავლეთა დასწრებისა  და შეფასების ყოველდღიური ფიქსაცია, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები, პედაგოგიური კომენტარები და შეტყობინებები  მშობლებისათვის, ადმინისტრირების გვერდი.   ჩვენი თხოვნით, „იძულებითი არდადეგების“ პერიოდში, ჟურნალს დაამატეს კიდევ ერთი პროგრამა – „დისტანციური გაკვეთილები“. ტესტირების რეჟიმში უკვე ჩავატარეთ რამდენიმე გაკვეთილი. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, მოსწავლეებთან კომუნიკაცია მაინც შევძელით. „School book“-ში მუშაობის გამოცდილება, ამ სიტუაციაში, კარგად წაგვადგა. დისტანციური მეთოდის დანერგვა ერთ-ერთი სწორი გამოსავალია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელი მოერგოს ახალ რეალობას, შეისწავლოს შემოთავაზებული პლატფორმა, იმუშაოს საკუთარ თავზე და დაეუფლოს ახალ უნარებს.

რთულია, ასე სწრაფად მოახდინო რეაგირება და აითვისო ახალი მეთოდები, ყველაფერი მასწავლებლის მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყავდა სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც, სხვებთან შედარებით, ნაკლებად ფლობდნენ ტექნოლოგიურ უნარებს, თუმცა მათ მშვენივრად აუღეს ალღო და  ექსტრემალურ სიტუაციაში შეძლეს დისტანციური გაკვეთილების ჩატარება. სკოლის მთავარი ძალა  ურთიერთთანამშრომლობაშია, ამ მხრივ საქმე კარგად გვაქვს (6 მენტორი და 10 წამყვანი სტატუსის მასწავლებელი გვყავს), რომლებიც უშურველად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.

რა თქმა უნდა, Teams-ის პლატფორმაშიც გავაერთიანეთ მოსწავლეები. ასე რომ, ნელ-ნელა ვახდენთ ადაპტირებას.

მართალია, ჩვენ შევძელით სკოლაში დისტანციური სწავლების განხორციელება, მაგრამ რა შედეგზე გავალთ, ამ ეტაპზე, ამის თქმა, ალბათ, ძნელია.

? რა თქმა უნდა, გამოუვალ მდგომარეობაში დისტანციური სწავლება ერთადერთი გამოსავალია. თუმცა, დისტანციურ სწავლებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითზე უკვე მოგახსენეთ. უარყოფითია ის, რომ მოსწავლის სრულფასოვნად შეფასება დისტანციური სწავლების დროს, ვფიქრობ, შეუძლებელია. დისტანციური სწავლებისას დომინანტი უფრო მასწავლებელია. სწავლების ასეთი მეთოდის დროს სოციალური კავშირები, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გაუმართავი ტექნიკური მხარე კი, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

? მასწავლებლები ყოველდღიურად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. ძირითადად,  ისევ და ისევ, ტექნიკურ სირთულეებს ვაწყდებით, დაბალია ინტერნეტის მოწოდების სიხშირე. სამწუხაროდ, გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც არა თუ ინტერნეტი, კომპიუტერიც კი არ აქვთ.

ვფიქრობ, ასეთ ბავშვებთან ცალკე მუშაობა მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი, დიდ დახმარებას გაგვიწევს საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

? დაწყებით საფეხურზე, დისტანციური სწავლებაში, მშობლები აქტიურად არიან ჩართული და ამით დიდ დახმარებას გვიწევენ. მშობლების ჩართულობა ამ პროცესებში მართლაც უმნიშვნელოვანესია.

? ყველაზე მეტად გვჭირდება დრო, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, უფრო კარგად და ხარისხიანად დავეუფლოთ დისტანციური სწავლების მეთოდებს. ვისწავლოთ Teams-ის შესაძლებლობების სრულად გამოყენება. თქვენ იცით, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით,  სკოლებში მოხალისეები შემოვლენ, რომლებიც  ტრენინგებს ჩაატარებენ, გვასწავლიან როგორ მოვიპოვოთ რესურსები და როგორ გამოვიყენოთ დისტანციურ სწავლებაში. იმედია, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები