23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, პანდემიური წყვეტის შემდეგ

spot_img

ამ დღეებში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ფრანკფურტისკენაა მიმართული, სადაც, პანდემიის გამო გამოცხადებული შესვენების შემდეგ, წიგნის საერთშორისო ბაზრობა მიმდინარეობს. აქ, ყოველდღიურად, მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება, რაც პირდაპირ კავშირშია წიგნის ინდუსტრიასთან, მხატვრული სიტყვით დაწყებული საავტორო უფლებებით დასრულებული  და არა მხოლოდ, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რა თქმა უნდა,  პოლიტიკასაც. ქართული ეროვნული სტენდი, ჩვენი ანბანის ასო-ნიშნებით გაფორმებული, ძალიან საინტერესო პროგრამას, ყოველდღიურ უმნიშვნელოვანეს აქტივობებს სთავაზობს ბაზრობის მონაწილეებსა და სტუმრებს. ჩვენი დელეგაციის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ საერთაშორისო პლატფორმა, როგორც საუკეთესო შესაძლებლობა მწერლებისთვის, გამომცემლებისთვის, საგამომცემლო ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის. მომზადდა სპეციალური კატალოგები, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრიით დაინტერესებულებს პირველად ინფორმაციას აწვდის და, შესაძლოა, შემდგომი მოლაპარაკებების საწყისი გახდეს.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე მაიკო დანელია ამბობს, რომ საკმაოდ მრავალფეროვანია ჩვენი პროგრამა პოეზიის მიმართულებით. გუშინ ნატო ინგოროყვამ და ირმა შიოლაშვილმა, რომელიც ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-ს ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა და წლის საუკეთესო ავტორად დასახელდა, თავიანთი პოეტური კრებულები წარადგინეს.

„მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ერთ კრებულზე, რომელშიც შესულია 25 უკრაინელი და 25 ქართველი პოეტის ლექსები, რომლებიც ამ საშინელი ომის შესახებ დაიწერა. დაგისახელებთ რამდენიმე მათგანს: ნატალია ტროხინი, ილია კამინსკი, ბორის ხერსონსკი, გალინა ჩორნოკუსტი და სხვ. კრებული იწყება ოქსანა საბუშკოს ლექსით, რომელიც 2008 წელს, საქართველოში, რუსეთის მიერ წარმოებულ საშინელ ომს ეძღვნება. ეს კრებული იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანავუგრძნობთ ერთმანეთს და ვიზიარებთ ერთ ბედს.

წელს, პანდემიური წყვეტის შემდეგ, მწერალთა სახლი საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობითაა აქ, ფრანკფურტში. გვქონდა უამრავი შეხვედრა გერმანელ და ფრანგ გამომცემლებთან. ფრანგული საგამომცემლო სახლი „გალიმარი“ დაინტერესებულია ერთ-ერთი ქართველი ავტორით. შევხვდით ესპანელ გამომცემლებსაც. „ავიწიეთ“ ცოტა ჩრდილოეთშიც, ძალიან გვაინტერესებს სკანდინავიის ქვეყნები. გვქონდა შეხვედრა გვადალახარას ბაზრობის დირექტორთან, სადაც გასულ წელს ვიყავით წარმოდგენილი ეროვნული სტენდით და მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ მომავალ წლებშიც ვიყოთ და სტუმარი ქვეყნის სტატუსითაც კი წარვდგეთ იქ. და კიდევ ერთი – უკვე მივიღეთ დასტური, რომ პარიზის ლიტერატურულ ფესტივალზე Un Week-end à l’Est საქართველო, მომავალ წელს, სტუმარი ქვეყანა იქნება და 30-მდე ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება გვექნება. ასე რომ, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესი საფრანგეთშიც იზრდება.“

პროგრამის ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ფრანკფურტის პავილიონში, აგორაზე, რომლის მონაწილე იყო ივა ფეზუაშვილი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი. შორენა ლებანიძემ წარადგინა თავისი წიგნი „ეს მე ვარ ფიროსმანი“, ნესტან ნენე კვირიკაძემ – ახალი რომანი „38, 44“, რომელიც ავსტრიულ გამომცემლობაში გამოიცა. იგეგმება ივა ფეზუაშვილთან შეხვედრა, ახლა უკვე ქართულ სტენდზე. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართული სტენდი წარმომადგენლობითი და საინტერესო იყოს.

თიკო ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნოა საგამომცემლო სივრცის ამ ეპიცენტრში დაბრუნება. „ჩვენთის ძვირფასი ელემენტია უკრაინასთან დაკავშირებული ილუსტრაციების გამოფენა, რომელიც, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, სპეციალურად მოვამზადეთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. ომზე შექმნილი მათი ილუსტრაციები წარმოდგენილია ჩვენს სტენდზე, რაც განსხვავებული ფორმით გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას.“

ჩვენი პავილიონის გვერდით უკრაინის პავილიონია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად. ორი დღის წინ, ფრანკფურტის ბაზრობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა მსოფლიოს საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დამსწრეთა შორის იყვნენ ქართული დელეგაციის წარმომადგენლები: გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ივა ფეზუაშვილი, როგორც ევროკავშირის პრემიის მფლობელი და ქართველი გამომცემლები. მათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს წინა რიგში, რომ ქართველი მწერლები და გამომცემლები უკრაინის გვერდით დგანან, რაც სწრაფად გაშუქდა კიდეც მედიაში. უკრაინის მხარე ძალიან გახარებული იყო, რასაც მადლობით გამოხატავდნენ. გვანცა ჯობავა ამბობს, რომ „ეს კარგი პლატფორმა იყო, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, ვდგავართ უკრაინასთან, ამაზე აქცენტის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.“

გუშინ, მოულოდნელად (უსაფრთხოების გამო) წიგნის ბაზრობაზე უკრაინის პირველი ლედი გამოჩნდა. უკრაინელები ყველა პლატფორმას იყენებენ ინფორმაციის გასავრცელებლად. ის საუბრობდა წიგნების მნიშვნელობაზე, განათლების მნიშვნელობაზე, ასევე უკრაინის ომზე და, რა თქმა უნდა, მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერაზე.

ხვალ დილით,  წმინდა პავლეს ტაძარში, სერჰი ჟადანს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უკრაინელ მწერალს გერმანიის მშვიდობის პრემია გადაეცემა. ამ ცერემონიაზე დასასწრებად სერჰი სპეციალური ნებართვით ჩამოვიდა (გარკვეული ასაკის ზემოთ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ) და დასრულებისთანავე უკან დაბრუნდება. მთელი ამ თვეების განმავლობაში მას ქვეყანა არ დაუტოვებია, ეხმარება ჯარს.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, „საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არსებობს, პირველ რიგში, ცხადია, უკრაინის მხრიდან, რომ ვიქნებით მათ მიმართ სოლიდარულები, ასეთივე მოლოდინია ზოგადად მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიის მხრიდანაც. მიეჩვივნენ კიდეც და ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ ვინ, თუ არა საქართველო, უნდა იდგეს უკრაინის გვერდით.  ალბათ, ესეც ძალიან სიმბოლურია, რომ საქართველოს და უკრაინის სტენდები გვერდიგვერდ განალაგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ. დამეთანხმებით, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.“

ეს პირველი ბაზრობაა, რომელსაც გვანცა ჯობავა, ამ მაღალი რანგის სტატუსით ესწრება. ამბობს, რომ ეს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და მის აქტივობებს სხვა დატვირთვა ეძლევა: „თუნდაც უკრაინის მხარდამჭერ ბანერთან დაკავშირებით ინფორმაცია მაშინვე გაშუქდა, რადგან სხვა მნიშვნელობა ეძლევა, როდესაც მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მესიჯს გასცემს. გუშინ გვქონდა მიღება ეროვნულ სტენდზე და ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ საგამომცემლო ინდუსტრიის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ აქ: მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, პრეზიდენტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ხელმძღვანელი, ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ყველაზე ცნობილი ამერიკული ჟურნალის ჟურნალისტები, ყველა ის ჩვენი მეგობარი და კოლეგა, რომლებთანაც გვიწევს ურთიერთობა. დიდი ინტერესი იგრძნობა ქართული ეროვნული სტენდის მიმართ.

რა რანგის შეხვედრასაც უნდა ვესწრებოდე, რასაც უნდა ვუწევდე ორგანიზებას, იმ დღიდან და იმ მომენტიდან, როდესაც ეს სტატუსი მომენიჭა, პირველ რიგში, ვრჩები ქართველ გამომცემლად, რაც ალბათ ყოველთვის შეახსენებს ყველა ადამიანს, ვისთანაც მომიწევს შეხვედრა, რომ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში ხდება რაღაც საინტერესო, როგორც ჩანს, აქ საინტერესო მწერლები და გამომცემლები არიან, რადგანაც მსოფლიო საგამომცემლო ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მისია დააკისროს სწორედ ამ ინდუსტრიის წარმომადგენელს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ გამომცემლებზე, მათ საქმიანობაზე და, ცხადია, ავტორებზე ეს აუცილებლად აისახება.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები