29 მარტი, პარასკევი, 2024

ფორმალური განათლების აღიარების წესი –  რა ეტაპებს მოიცავს და როდის არის ფორმალური განათლების აღიარება დასაშვები

spot_img
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის №121/ნ ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი.
ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების (შემდგომში – ფორმალური განათლების აღიარება) მიზანია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით დადასტურებული სწავლის შედეგების აღიარებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
ფორმალური განათლების აღიარებას ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), ამ წესით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, დაწესებულების მიერ შემუშავებული ფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად.

ფორმალური განათლების აღიარება დასაშვებია, თუ:

ა) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული და მიღწეული სწავლის შედეგები ერთნაირადაა ფორმულირებული ან ფორმულირებაში არსებობს მცირედი განსხვავება, რომელიც გამოწვეულია ენობრივი თავისებურებით ან/და სწავლის შედეგების განსხვავებული სტრუქტურირებით და ხელს არ უშლის მათ იდენტურად მიჩნევას. ამასთან, სწავლის შედეგები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისი დონის აღმწერის გათვალისწინებით ერთმანეთთან თავსებადია;

ბ) მიღწეული სწავლის შედეგები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისი დონის აღმწერის გათვალისწინებით აღემატება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებს.

➡️ ფორმალური განათლების აღიარების მსურველი (შემდგომში – განმცხადებელი) უფლებამოსილია, მოითხოვოს ფორმალური განათლების აღიარება, მხოლოდ მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ.

➡️ ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 1 თვეს, განცხადების წარმოებაში მიღებიდან.

ფორმალური  განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დაწესებულებისთვის განცხადების წარდგენა;

ბ) კომისიის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება;

გ) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება;

დ) დაწესებულების მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

➡️ დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ფორმალური განათლების აღიარების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობა.

➡️ ფორმალური განათლების აღიარების შედეგები და წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები აისახება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოებულ შესაბამის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

➡️ გარდამავალი დებულების თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალა, 2021 წლის 01 ივლისამდე, უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ფორმალური განათლების აღიარების შედეგების ასახვისთვის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი პროგრამული მოდულის შექმნა. ელექტრონული სისტემის შექმნამდე კი, პროცესი  მატერიალური სახით წარიმართოს. დაწესებულება ვალდებულია, შესაბამისი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნამდე უზრუნველყოს ფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და სისტემის შექმნის შემდეგ, 2 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მათი ასახვა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები